მილანის "ინტერი": ტაქტიკა, მენტალიტეტი, გუნდურობა...

AutoSharing Option
თუ შემადგენლობით ვიმსჯელებთ, "ინტერი" ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია იტალიაში. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ მხრივ, მილანური გრანდი მხოლოდ "იუვენტუსს" ჩამორჩება.

მიუხედავად ამისა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "ნერაძური" წარუმატებლად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის შუაგულშია გაჭედილი. ამასთან, ევროპალიგის გათამაშებას ჯგუფური ეტაპის შემდეგ გამოეთიშება, რაც უკვე გადაწყვეტილია.

სეზონის წინ "ინტერს" სკუდეტოსთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, ევროპალიგაზე კი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო. რეალობა სხვაგვარი გამოდგა, "ინტერის" კრიზისში კი მთავარ დამნაშავედ ფრანკ დე ბური შერაცხეს და დაატოვებინეს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი. დე ბური სტეფანო პიოლიმ შეცვალა და ვნახოთ,
როგორ განვითარდება მოვლენები, გუნდში არსებულ კრიზისსა და გამოსავალზე კი ქვემოთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს გაეცნობით:

მაურო იკარდი ("ინტერის" კაპიტანი): "არაერთხელ ვთქვი, რომ "ინტერს" სჭირდებოდა იტალიელი მწვრთნელი და შესაბამისად, სტეფანო პიოლიზე დიდ იმედებს ვამყარებთ. თუ შემადგენლობას გადავხედავთ, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს არა მარტო იტალიაში, მთელ ევროპაში, მაგრამ შედეგები არ ჩანს. შესაბამისად, ჩვენი თამაში უნდა ვიპოვოთ და პიოლის უპირველესი ამოცანა სწორედ ეს გახლავთ. ვფიქრობ, როდესაც გოლი გაგვაქვს, შემდეგ ზედმეტად ღრმად ვიწევთ დაცვაში, რაც დაუშვებელია. კიდევ უამრავი სათამაშო კომპონენტია, რომელიც დახვეწას საჭიროებს. მთავარია, რომ ბევრი ვიშრომოთ და დადებითი შედეგები მალე მოვა".

ხავიერ ძანეტი ("ინტერის" ვიცე-პრეზიდენტი): "პრობლემები გუნდის ფსიქოლოგიაშია. ფეხბურთელებს უნდა სჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. "ფიორენტინასთან" ორი ბურთის სხვაობით ვიგებდით, მეტოქე კი კაცნაკლული იყო. ამ დროს, ფლორენციელებმა ერთი ბურთი გაქვითეს და ჩვენს ფეხბურთელებს ნერვიულობა დაეტყოთ. ასეთი მენტალიტეტით შორს ვერ გავფრინდებით და ამ მიმართულებით, აშკარად სამუშაოა. "ინტერს" ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს ყველა ფრონტზე".

მასიმო მორატი ("ინტერის" საპატიო პრეზიდენტი): "სტეფანო პიოლის მშვიდად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს, რომ გუნდის თამაში დაალაგოს. დღეს "ინტერში" გუნდური თამაში არ ჩანს და მთავარი პრობლემა სწორედ ესაა. არ ვემხრობი ფეხბურთელთა ხშირ როტაციას, რადგან ეს შეთამაშების პროცესს აფერხებს. თუ გუნდი ერთ მუშტად არაა შეკრული და ფეხბურთელებს თვალდახუჭული არ ესმით ერთმანეთის, დადებით შედეგს ვერ მიაღწევს. სწორედ ასეთი გუნდი ჰყავდა ჟოზე მოურინიოს, როდესაც ტრიპლეტი შევასრულეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფეხბურთელებს არ სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, რაზეც პიოლის ბევრი სამუშაო აქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული