განვლილი მატჩიც ემოციური, ხისტი, უხეში და სკანდალური გამოდგა.
ახალი ტაქტიკა და მოგება კლასის ხარჯზე
იტალიური მედიის ანალიზით, "რომამ" კლასის ხარჯზე მოიპოვა სამი ქულა. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში, სპალეტიმ პირველად გამოიყენა 3-5-2 ტაქტიკა, რამაც გაამართლა. დიდი შანსია, "რომამ" ამ სქემით განაგრძოს ასპარეზობა და ამ მხრივ, "იუვენტუსს" დაემსგავსოს. მოკლედ, იტალიაში 3-5-2 სქემა ხდება დომინანტი და ვნახოთ, გაგრძელდება...
ჩხუბი მოედანზე და მის მიღმა
რომაულ დერბის უკვე დიდი ხანია, რაც ულტრასები ბოიკოტს უცხადებენ, რადგან მხოლოდ ამ მატჩზე უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმები მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რთულია ისეთი "დერბი დელა კაპიტალეს" გახსენება, რომელსაც ინციდენტები და სკანდალები არ მოჰყოლია.განვლილი მატჩის წინ "სტადიო ოლიმპიკოს" მიდამოებში გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე ქომაგი მსუბუქი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მატჩის შემდეგაც მოხდა, თუმცა საქმეში კარაბინიერები დროულად ჩაერივნენ და არავინ დაშავებულა.
ემოციები დუღდა მოედანზეც - მეორე ტაიმის შუაწელს, "რომას" და "ლაციოს" ფეხბურთელები ერთმანეთს შეასკდნენ და გარკვეული პერიოდით, თამაში გაჩერებული იყო, მსაჯმა კი ერთი წითელი და შვიდი ყვითელი ბარათი ამოიღო ჯიბიდან.
ისევ რასიზმი და მიზანში ამოღებული რუდიგერი
"ლაციოს" გულშემატკივრები ცნობილნი არიან რასისტული გამოხდომებით და არც რომაულ დერბიზე "შეურცხვენიათ თავი". მთელი მატჩის განმავლობაში ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები ანტონიო რუდიგერის მისამართით. ფერადკანიანი გერმანელი მცველი ტიფოზებმა მიზანში ამოიღეს და მთელი 90 წუთის განმავლობაში არ მოეშვნენ. საგულისხმოა, რომ ეს ამბები ხდებოდა "ლაციოს" ულტრასთა ბოიკოტის პირობებში, როდესაც ტრიბუნებზე ყველაზე რადიკალურად განწობილი ქომაგები არ ისხდნენ.
რუდიგერზე არა მარტო გულშემატკივრებმა, "ლაციოს" ფეხბურთელმაც გაილაშქრა - მატჩის შემდეგ სენად ლულიჩმა მეტად მოულოდნელი კომენტარი გააკეთა: "რუდიგერი მთელი მატჩის განმავლობაში პროვოცირებდა და ჩხუბიც დიდწილად მის გამო მოხდა. ორი წლის წინ შტუტგარტში წინდებს ყიდდა, დღეს კი თავი ფენომენი ჰგონია".
"ლაციო" ბოდიშს იხდის, ლულიჩი - არა
"ლაციოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც კლუბი ბოდიშს იხდის გულშემატკივართა რასისტული გამოხდომებისა და სენად ლულიჩის უმსგავსო განცხადების გამო. ამ თემაზე, თავად ფეხბურთელმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, ბოდიში არ მოიხადა და თავის აზრზე დარჩა:"ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან სიმართლე ვთქვი. რუდიგერი წინდებს ყიდდა, დღეს კი თავი დიდი ფეხბურთელი ჰგონია. წინდებს თეთრებიც ყიდიან და შესაბამისად, აქ რასისტულ შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ ვხედავ. მე ჩემს აზრზე ვრჩები, რუდიგერი კი, უბრალოდ, პროვოკატორია".
ლუჩანო სპალეტი ("რომას" მწვრთნელი): "ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. დერბი ყოველთვის ემოციურია და გამონაკლისი არც ეს პაექრობა იყო. ამასთან, ეს იყო ბინძური მატჩი, ხისტი თამაშით და ბევრი უხეშობით. რომაულ დაპირისპირებაში ემოციები ნორმაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. რასიზმი? - ვფიქრობ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმ ვაიგულშემატკივრებს, რომლებიც ადამიანებს კანის ფერის მიხედვით ასხვავებენ".
სიმონე ინძაგი ("ლაციოს" მწვრთნელი): "ერთი საათის განმავლობაში მეტოქეს კარში დარტყმის საშუალება არ მივეცით, შემდეგ კი ორი გოლი ვაჩუქეთ. ვგრძნობ, რა ატმოსფეროა დერბის გარშემო და ისიც ვიცი, რომ გულშემატკივრები ძალიან გავაწბილეთ. ცხადია, რომ გაგვაკრიტიკებენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ მარცხისგან სასარგებლო დასკვნების გაკეთება შემიძლია, მაგრამ მერჩივნა, რომ სხვა გუნდთან წაგვეგო. ეს იყო მწარე მარცხი, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"