რას ხლართავს ბერლუსკონი - სილვიომ "მილანის" გაყიდვა გადაიფიქრა?

AutoSharing Option
უცნაური ამბები ტრიალებს "მილანში", რომლის საკონტროლო პაკეტი 2 დეკემბერს ჩინური კომპანიის ხელში უნდა გადასულიყო, თუმცა მოლაპარაკების პროცესი გაიწელა და შემდეგ თარიღად 13 დეკემბერი დასახელდა.

ბოლო ორი დღეა, ამბობენ, რომ ბიუროკრატიული პრობლემების გამო შეთანხმება ვერც 13 დეკემბერს შედგება და შესაბამისად, მილანური კლუბი კვლავ სილვიო ბერლუსკონის ხელში დარჩება. უკვე გაცხადდა, რომ სწორედ ამ მიზეზების გამო "როსონერი" ზამთრის ტრანსფერების გარეშე დარჩება.

ბოლო ინფორმაციით, 13 დეკემბრის გარიგება უკვე გამოირიცხა, ბერლუსკონის კომპანია კი ჩინელებს შემდეგ თარიღად 28 თებერვალს სთავაზობს. იქამდე დროა და, როგორც იტალიელები აცხადებენ,
ბიუროკრატიული პრობლემები მოგვარდება.

იტალიური მედიის ცნობებით, "მილანის" საკონტროლო პაკეტის გასხვისების პროცესს თავად სილვიო ბერლუსკონი აჯანჯლებს და აქვს კიდეც კონკრეტული მიზეზები. ბოლო წლებში, ბერლუსკონი ვერ ხარჯავდა დიდ თანხებს "მილანის" გასაძლიერებლად, მაგრამ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ვითარება შეიცვალოს.

საქმე ისაა, რომ იტალიაში ბერლუსკონის პოლიტიკური პოზიციები მყარდება და დიდი შანსია, რომ უახლოეს პერიოდში მისმა პარტიამ ქვეყნის სენატში დიდი გავლენები მოიპოვოს.

იტალიაში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, მატეო რენცის ინიციატივით ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხებოდა - რენციმ წინასწარ განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა, ის დატოვებდა პოსტს. რეფერენდუმი რენცისთვის წარუმატებლად დასრულდა, მოსახლეობის პოზიცია კი სილვიო ბერლუსკონის პარტიის, "ფორცა იტალიას" ხედვას დაემთხვა. რენცი გადადგა.

რეფერენდუმის შემდეგ ბერლუსკონიმ მოკლე, მაგრამ საინტერესო განცხადება გააკეთა: "მატეო რენცი მარიო ბალოტელის მაგონებს, რადგან ისიც ახალგაზრდაა, მასზეც დიდი იმედები მყარდებოდა და მანაც ვერ გაამართლა".

ბერლუსკონის ამ ფრაზას ბალოტელი გამოეხმაურა, დონ სილვიო გააკრიტიკა და იმედი გამოთქვა, რომ მის გვარს პოლიტიკურ თემებში აღარ გასვრიან.

ბალოტელი იქით იყოს და, იტალიაში ბერლუსკონის პოზიციები მყარდება, რაც როგირც ჩანს, მის ფინანსურ მდგომარეობაზეც შესაბამისად აისახება, "მილანის" გასხვისება კი, როგორც ჩანს, აღარ ეჩქარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული