"ლაციოს" ფეხბურთელს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

AutoSharing Option
რომაულ დერბიში სენად ლულიჩმა შეირცხვინა თავი, რომელიც ერთ ეპიზოდში ანტონიო რუდიგერს წაეკიდა, მატჩის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ ფერადკანიანი გერმანელი ფეხბურთელი ორი წლის წინათ წინდებს ყიდდა, დღეს კი თავი ფენომენი ჰგონია.

ბუნებრივია, რომ "ლაციოს" 30 წლის ნახევარმცველი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს და მას რასიზმში დასდეს ბრალი. თავიდან ლულიჩი არ აპირებდა ბოდიშის მოხდას და კიდევ ერთხელ გაიხსენა რუდიგერის შტუტგარტული წარსული, მაგრამ შემდეგ მძიმე სასჯელი დაემუქრა და ტონიც შეცვალა.

უახლოეს დღეებში გაიმართება "ლეგა კალჩოს" სადისციპლინო კომიტეტის სხდომა, რომელიც ხსენებულ ინციდენტს განიხილავს და დიდი
შანსია, ლულიჩს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერონ. როგორც ჩანს, ბოსნიელი ამ სასჯელმა შეაშინა და მისი მორიგი კომენტარიც მძიმე ვერდიქტის თავიდან ასაცილებლად გაკეთდა:

"ცივი გონებით რომ გავაანალიზე, მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა და რუდიგერისთვის ასეთი პასუხი არ უნდა გამეცა. მართალია, კონფლიქტი მისი დაწყებულია, მაგრამ მე ზღვარს გადავედი. მინდა ანტონიოს ბოდიში მოვუხადო და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო. მე ბოსნიიდან ვარ, ქვეყნიდან, სადაც ეთნიკურ ნიადაგზე ადამიანებს ბევრი ტკივილი მიადგათ და კარგად ვიცი, რომ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, უბრალოდ, დაუშვებელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული