სიმონე ინძაგი: "ლაციო" ევროპას უნდა დაუბრუნდეს

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს "ლაციოს" მესვეურები პრაქტიკულად შეუთანხმდნენ მარსელო ბიელსას და გუნდი არგენტინელი მწვრთნელისთვის უნდა ჩაებარებინათ, თუმცა ბოლო მომენტში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და გარიგება არ შედგა.

შემდეგ ხორხე სამპაოლი იყო კანდიდატი, თუმცა სამხრეთამერიკელმა არჩევანი "სევილიაზე" შეაჩერა. "ლაციოს" მესვეურებს დიდი არჩევანი აღარ ჰქონდათ და მწვრთნელად სიმონე ინძაგი დატოვეს, რომელიც გასულ სეზონში, დროებითი მწვრთნელის სტატუსით დანიშნეს. მოკლედ, ინძაგი "ბიანკოჩელესტეს" შერჩა და კლუბის მესვეურები ამ გადაწყვეტილებას ნამდილად არ ნანობენ.

მართალია, "ლაციომ" რომაული დერბი წააგო, მაგრამ მთლიანობაში, კარგად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ქვემოთ, ინძაგის
მოკლე, მაგრამ საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით.

- რამ განაპირობა დერბიში მარცხი?
- ერთი საათის განმავლობაში, სრულ უპირატესობას ვფლობდით, დასკვნით ნაწილში კი ავირიეთ და ორი გოლი გავუშვით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მეტოქეს ვაჩუქეთ ეს გოლები და შესაბამისად, სამი ქულა. უნდა გავაანალიზოთ დაშვებული შეცდომები და მომავალში აღარ გავიმეოროთ.

- მთლიანობაში, "ლაციო" წარმატებით ასპარეზობს. რას გვეტყვით თქვენს საფეხბურთო ფილოსოფიაზე?
- განსაკუთრებულს და საინტერესოს ვერაფერს. გუნდი კარგად უნდა იყოს დაბალანსებული ყველა რგოლში და თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდეს, თუ რისთვისაა გასული მოედანზე. თუ ეს ორი კომპონენტი მწყობრშია, წარმატებაზე ფიქრიც შეიძლება. არის ბევრი ნიუანსი და დეტალი, რომლებზე საუბარიც შორს წაგვიყვანს.

- კმაყოფილი ხართ იმ შემადგენლობით, რომელიც თქვენს განკარგულებაშია?
- იმ რესურსით უნდა გავიდეთ ფონს, რაც დღეს გვაქვს. გუნდში ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომლებსაც დიდი მიზნებისთვის შეუძლიათ ბრძოლა. თუმცა, "ლაციო" გაძლიერებასაც საჭიროებს და ამაზე ვაპირებ კლუბის მესვეურებთან დალაპარაკებას. კარგი იქნება თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ორ-სამ ფეხბურთელს დავიმატებთ და გავაძლიერებთ როგორც დაცვას, ისე შეტევას.

- თუ გაქვთ შემუშავებული ისეთი პრტოექტი, რომელიც "ლაციოს" გაძლიერებას და ევოპულ გრანდად ქცევას ისახავს მიზნად?
- ჩვენი უპირველესი მიზანია, რომ "ლაციო" ევროარენაზე დაბრუნდეს და თავი საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს. ჩემპიონთა ლიგა შემოსავლების მკვეთრ ზრდას იწვევს, ეს კი კლუბს განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანს. თუ ტრანსფერებისთვის 100-150 მილიონი ევრო მაინც არ გაქვს გამოყოფილი, რთულია გრანდებს კონკურენცია გაუწია და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლო.

ეს კარგად ესმით "ლაციოს" მესვეურებს და არის კონკრეტული გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში, "ლაციო" ძველ დიდებას დაიბრუნებს. ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დავბრუნდეთ, დანარჩენზე კი შემდეგ ვილაპარაკოთ.

- რამდენად რეალურია, რომ მიმდინარე სეზონი "ლაციომ" საუკეთესო სამეულში დაასრულოს?
- მართალია, სამეულს ცოტა ჩამოვრჩით, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. პირადად მე, მჯერა ჩემი შეგირდების და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დღეს, "ლაციო" შესაძლებლობების 60%-70%-ს ავლენს ახალი წლიდან კი გაცილებით უკეთ ავთამაშდებით.

- ჩირო იმობილე ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. ცნობილია, რომ მისი ტრანასფერი თქვენი ინიციატივა იყო...
- ჩირო არ უნდა წასულიყო უცხოეთში, რადგან მისი ადგილი იტალიაშია. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმობილე გაამართლებდა და ეს ასეც ხდება. იმობილე მუდმივად მოძრაობს, ერთი წუთით არ ჩერდება, ეს კი ფორვარდიასთვის აუცილებელი თვისებაა. მე თვითონ თავდამსხმელი ვიყავი და ჩემი ამპლუის ფეხბურთელებთან მიადვილდება საერთო ენის გამონახვა.

- რატომ არ გამოუვიდა თქვენს ძმას "მილანში" ის, რაც თქვენ "ლაციოში" გამოგდით?
- სამაგიეროდ, ფილიპოს მოედანზე გამოსდიოდა ის, რაც მე არასდროს გამოსვლია. ვფიქრობ, ჩემ ძმას კარგი სამწვრთნელო მომავალი აქვს და სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც "მილანის" შემდეგ, ქვედა ლიგაში მუშაობა და "ვენეციას" გაწვრთნა არ ითაკილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული