ჯანლუიჯი ბუფონი: მუნდიალის შემდეგ ფეხბურთიდან ვალმოხდილი წავალ

AutoSharing Option
ჯანლუიჯი ბუფონი "კორიერე დელო სპორტს" ესაუბრა და საინტერესო კომენტარები გააკეთა.

"იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების მეკარემ კარიერის დასასრულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, ბუცებს ლურსმანზე 2018 წლის მუნდიალის შემდეგ ჩამოკიდებს, როდესაც უკვე 40 წლის იქნება. მივყვეთ თემების მიხედვით:

იუვენტუსი
რაც სეზონი დაიწყო, მუდმივად გვაქვს საკადრო პრობლემები და ეს უარყოფით გავლენას ახდენს გუნდის თამაშზე. მიუხედავად ამისა, ლიდერები ვართ სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიც წარმატებით დავძლიეთ. პაულო დიბალა და გონსალო იგუაინი დაგვიბრუნდნენ, რაც გუნდის შეტევით პოტენციალზეც შესაბამისად აისახება. "იუვენტუსი" კიდევ უფრო
ძლიერია, ვიდრე ბოლო წლებში იყო და 2017 წლიდან ამას ყველა ერთად ვნახავთ. ამ "იუვეს" შეუძლია ევროპის მწვერვალზე ასვლა, რასაც ვაპირებთ კიდეც.

ჩემპიონთა ლიგა
სევილიაში ერთადერთი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი გვყავდა და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ გამარჯვება გვჭირდებოდა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. საბედნიეროდ, მიზანს მივაღწიეთ და ის შეცდომა აღარ დავუშვით, რაც წინა სეზონში. ზოგადად, ჩემპიონთა ლიგაში თამაში ურთულესია, რადგან კონკურენცია ძალიან მაღალია და ევროპის საუკეთესო გუნდებთან გიწევს თამაში.

მთავარი გამოცდა წინ გველოდება, რომელსაც მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. "პორტუ" გამოცდილი გუნდია, რომელიც საკუთარ კედლებში ყოველთვის უაღრესად სახიფათოა. ამიტომ პირველ მატჩში მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, რომ განმეორებითი პაექრობის წინ ხელსაყრელ მდგომარეობაში ვიყოთ. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ შევხვდები ჩემს ძველ მეგობარს, იკერ კასილასს.

იტალიის ნაკრები
ანტონიო კონტეს წასვლამ გამოიწვია გარკვეული პრობლემები და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეს იტალიის ნაკრების პირველ მატჩებს დაეტყო. თუმცა, ფაქტია, რომ სასურველ შედეგს მივაღწიეთ და ეს ალბათ, გამარჯვებულის მენტალიტეტის დამსახურებაა. ბოლო შეხვედრებში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ და მოპოვებული ქულებიც დავიმსახურეთ.

ჯამპიერო ვენტურამ იცის, რას აკეთებს და მას მთელი საფეხბურთო იტალია იმედით შეჰყურებს. გვყავს ახალი ფეხბურთელები, რომლებიც შესარჩევ ეტაპზე შესანიშნავად ასპარეზობენ. თუნდაც, ჯაკომო ბონავენტურა, ალესიო რომანიოლი და ანდრეა ბელოტი, რომლებიც იმედია, მუნდიალზეც ბრწყინვალედ იასპარეზებენ. ამ გუნდს აქვს მომავალი და ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

მემკვიდრე იტალიის ნაკრებში
იტალიის ნაკრებს ჯანლუიჯი დონარუმას სახით დიდი მეკარე ეზრდება. ის უკვე ბრწყინვალედ თამაშობს და, რაც მთავარია, დიდი ნაბიჯებით პროგრესირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჯიჯი "სკუადრა აძურას" კარის საიმედო მცველი იქნება წლების განმავლობაში.

ვურჩევდი თუ არა "იუვენტუსს" დონარუმას შეძენას? - ჯიჯის ნებისმიერ გრანდს ვურჩევდი, რომელსაც მეკარე სჭირდება, მაგრამ მეორე მხრივ, ის ისედაც თამაშობს შესანიშნავ გუნდში და, როგორც ვიცი, არსად წასვლის სურვილი არ აქვს. თავად დონარუმა გადაწყვეტს მის მომავალს, მე კი ბედნიერი ვარ იმით, რომ იტალიის ნაკრებს ასეთი მეკარე ჰყავს.

ასევე უნდა გამოვარჩიო მატია პერინი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა წლებია, რაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.

კარიერის დასასრული
ჩემი მიზანი 2018 წლის მუნდიალზე თამაშია, რომელიც რუსეთში გაიმართება. ამის შემდეგ კი მშვიდად, ვალმოხდილი დავასრულებ კარიერას. ვფიქრობ, იქნებ ღირდეს კიდევ ერთი წელიწადი კიდევ "იუვენტუსში" თამაში, მაგრამ ეს ვარიანტი მაინც ნაკლებად სავარაუდო მგონია.

მსოფლიოს ჩემპიონატის დროს 40 წლის ვიქნები, ეს კი ის ასაკია, როდესაც ერთი დიდი ეტაპი უნდა დაასრულო კარიერაში და ახალი ცხოვრება დაიწყო. შემომთავაზეს თუ არა იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობა მუნდიალის შემდეგ? - იყო ამაზე ლაპარაკი და სიმართლე გითხრათ, ეს პერსპექტივა ძალიან მომწონს.

თუმცა, იქამდე დიდი დროა, რთული გზაა და უმჯობესია, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული