იტალიის სუპერთასის წინ: სუპერკოპა არაბული სურნელით

AutoSharing Option
* დღეს დოჰაში, იტალიის სუპერთასის მატჩში "იუვენტუსი" "მილანს" დაუპირისპირდება.
* ჯანლუიჯი ბუფონი "იუვენტუსის" მაისურით მე-600 ოფიციალურ მატჩს გამართავს.
* თუ "იუვენტუსი" მოიგებს, იტალიაში ყველა ტიტულის სლემს გაიფორმებს 2016 წელს.

დღეს ყატარის დედაქალაქ დოჰაში იტალიის სუპერთასის მატჩი გაიმართება - ტიტულისთვის ქვეყნის ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" იბრძოლებენ. ამით იტალიაში 2016 წლის საფეხბურთო ციებ-ცხელება დასრულდება.

"იუვენტუსის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ოპონენტი "მილანი" საკმარისად მომძლავრდა, რომ სუპერთასის მატჩში "ყოველგვარი შიშის" გარეშე ითამაშოს. მიუხედავად ამისა, "ბებერი ქალბატონი" მაინც აშკარა ფავორიტია ამ
დაპირისპირებაში.

გამარჯვების შემთხვევაში, "ვეკია სენიორა" 2016 წელს მესამე იტალიურ ტიტულს მოიპოვებს სკუდეტოსა და კოპა იტალიას შემდეგ. დიახ, ამ შემთხვევაში სუპერთასისთვის მატჩი არ არის დაპირისპირება ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის. იმდენად დიდია იტალიაში ალეგრის გუნდის უპირატესობა სხვებზე, რომ ტიტულებს მას ვერავინ ეცილება. დღეს ამას ვინჩენცო მონტელას მოყოჩაღებული "მილანი" ცდის.

"ჯენოასთან" მარცხის შემდეგ (27 ნოემბერს) "იუვემ" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. ასე რომ, ფორმაშია, თუმცა ალეგრი "მილანს" მაინც უფრთხის:

"დღეს "იუვენტუსი" შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ ეს საკმარისი იქნება მოგებისთვის? ჩვენ ვიცით, რომ "მილანს" შეუძლია ტიტულის მოგება. ამიტომ ბიჭებისგან მოვითხოვ, რომ მეტოქეს დიდი პატივისცემითა და მონდომებით მოეკიდონ. ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გამარჯვებისთვის საჭიროა ბოლომდე ბრძოლა და მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება.

ჩვენი მარცხი ოქტომბერში ერთმა შეცდომამ გამოიწვია. ამიტომ უნდა ავირიდოთ თავიდან მსგავსი შეცდომები. ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ "მილანი" უშიშრად ითამაშებს".

"იუვეს" ცოცხალ ლეგენდას, ჯანლუიჯი ბუფონს მე-600 ოფიციალური მატჩის გამართვა გუნდის მაისურით წინა აზიაში მოუწია. აი, რა თქვა მატჩამდე 38 წლის კაპიტანმა: "დიდებულია, რომ დაუთვლიათ, მე არ ვიცოდი. 600 მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ მეტს მივაღწევ. ასეთ მნიშვნელოვან ფინალებში თამაში ჩვენ ყოველთვის განგვაწყობს მოსაგებად".

"მილანის" ესპანელი გამთამაშებელი სუსო, რომლის პასითაც ოქტომბერში ლოკატელიმ დაამწუხრა "იუვენტუსი", ამბობს, რომ ეს "მილანის" შესანიშნავი შანსია, 2011 წლის სუპერკოპას შემდეგ ტიტული მოიგოს.

"ამ მატჩის მოგება გვსურს, ისევე, როგორც ყველა მატჩის, რომელშიც ვთამაშობთ. დიდებული შანსია, მოვუგოთ "იუვეს" და შინ თასი წავიღოთ. ამით "მილანის" აღმავლობის ხანას დავიწყებთ. წლებია, "მილანს" ტიტული არ მოუგია და ეს ძალიან მაგარი მიღწევა იქნებოდა. მზად ვართ ბრძოლისთვის. "იუვენტუსი" ძლიერი მეტოქეა, მაგრამ უშანსოდ არ ვართ. ძალიან ბევრს ვშრომობთ და ყოველდღიურად ვუმატებთ", - განუცხადა ესპანელმა "მილანის" სატელევიზიო არხს.

"ბებერ ქალბატონს" არ ეყოლება ტრავმირებული ლეონარდო ბონუჩი და დანი ალვეში. "მილანს" კი დოჰაში დავიდე კალაბრია, რიკარდო მონტოლივო და მატი ფერნანდესი აკლია. კოლუმბიელი ფორვარდი კარლოს ბაკა ალბათ, სასტარტოში იქნება, ხოლო ახალგაზრდა ჯანლუკა ლაპადულა, სავარაუდოდ, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს თამაშს.

იუვენტუსი-მილანი 20:30
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - რუგანი, ბარძალი, კიელინი - კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, პიანიჩი, სანდრო - დიბალა, იგუაინი
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, ლოკატელი, ბერტოლაჩი - სუსო, ბაკა, ბონავენტურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი თამაშის გაფუჭება შეიძლებოდა? ფულის გამო ყველაფერი არ უნდა იკადრო რა!!!
musenbezi
02:07 24-12-2016
0

სიახლეები პოპულარული