ჩემპიონი, რომელიც უკვე ცნობილია
ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ უამრავი ტურია და "იუვენტუსის" ჩემპიონად შერაცხვა შესაძლოა, უმადური საქმეც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ტურინული გრანდი კონკურენტებზე გაცილებით ძლიერია და ეს სატურნირო ცხრილიდან ნათლად ჩანს. "ვეკია სენიორა" უახლოეს მდევარს მთელი 7 ქულით უსწრებს და ეს იმ პირობებში, როდესაც თვითონ "იუვე" სულაც არ იყო ოპტიმალურ ფორმაში და ამაზე 18
მასიმილიანო ალეგრის თადარიგში უზის ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სხვა იტალიური გუნდები მხოლოდ თუ ინატრებდნენ. შტეფან ლიხტშტაინერი, დანიელე რუგანი, მეჰდი ბენატია, მარიო ლემინა, ხუან კუადრადო და კიდევ რომელი ერთი გავიხსენოთ, რომლებსაც ტურინულ გრანდში მეტწილად თადარიგში უწევთ ყოფნა.
როგორც ჩანს, "იუვენტუსმა" სასკუდეტო ინტრიგა ჯერ კიდევ ზაფხულში მოკლა, როდესაც უმთავრეს კონკურენტებს საუკეთესო ფეხბურთელები წაართვა - "ნაპოლის" გონსალო იგუაინი, ხოლო "რომას" მირალემ პიანიჩი.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიური საკლუბო ფეხბურთი ორ ნაწილადაა გაყოფილი: "იუვენტუსი" და სხვები...
სასიამოვნო მოულოდნელობა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "მილანი" ისევ იბრძვის უმაღლესი მიზნებისთვის და ეს ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობაა. ძლიერი "მილანი" იტალიურ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება და ამაში ორი აზრი არ არსებობს. "მილანიდან" წასვლის წინ სილვიო ბერლუსკონიმ და ადრიანო გალიანიმ აშკარად გაარტყეს და სწორი სამწვრთნელო არჩევანი გააკეთეს. წინამორბედებისგან განსხვავებით, ვინჩენცო მონტელა წარმატებით მუშაობს და არსებული რესურსიდან მაქსიმუმს აკეთებს. მისი "მილანი" აქტიურად იყენებს პრესინგს, თამაშობს ინტენსიურად მთელ მოედანზე და მაღალი პროცენტით იყენებს საგოლე შანსებს. საგულისხმოა, რომ "მილანის" ძირითად ბირთვს ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმოადგენენ და აშკარაა, რომ ამ გუნდს აქვს მომავალი.
კარში 17 წლის ჯანლუიჯი დონარუმა დგას, დაცვის ცენტრში 21 წლის ალესიო რომანიოლი, ნახევარდაცვის ცენტრში კი 18 წლის მანუელ ლოკატელი. არის განცდა, რომ "მილანში" გამოჩნდა ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელთა ის ბირთვი, რომელზეც დიდი გუნდის დაშენება შეიძლება.
სეზონის აღმოჩენა
8 წლის წინათ ჯან პიერო გასპერინის "ჯენოამ" სერია A-ში ბრწყინვალედ იასპარეზა და ბოლო ტურებამდე იბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. მაშინ გენუურ გუნდში დიეგო მილიტო ბრწყინავდა, რომელსაც სიღრმიდან ტიაგო მოტა ეხმარებოდა. ამჯერად, გასპერინი "ატალანტას" წარმატების მთავარი შემოქმედია. მიმდინარე სეზონში, ბერგამოული გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი უკავია. "ატალანტა" შეუდარებელია საკუთარ მოედანზე, სადაც დაამარცხა "რომა", "ინტერი" და "ნაპოლი". გასპერინის არ ჰყავს ისეთი ინდივიდუალისტები, როგორიც მილიტო იყო, მაგრამ ჰყავს მებრძოლი ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, თუ რა უნდა აკეთონ მოედანზე. ბერგამოულ გუნდში რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, რომლებზეც უკვე ნადირობენ გრანდები, მათ შორის, მცველი კალდარა და შემტევი ნახევარმცველი კესიე. შესანიშნავად ასპარეზობენ შუახაზელები: კურტიჩი და გომესი. ერთი კარგი გამტანი ფორვარდი "ატალანტას" და ასეთი თამაშით, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც დაუმიზნებდა.
გამოღვიძება
გასულ სეზონში, ედინ ჯეკომ მხოლოდ 8 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონის 18 ტურში კი უკვე 13 გოლი აქვს შეგდებული. დავამატოთ ამას ევროპალიგაზე გატანილი 5 გოლი და ნათელია, რომ ბოსნიელი ფორვარდი რომაული გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალაა. როგორც ჩანს, გასულ სეზონში ედინი ადაპტაციას გადიოდა, მიმდინარეში კი თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. დასანანია, რომ ასეთი პროგრესი მხოლოდ ჯეკომ განიცადა და არა მთლიანად "რომამ" - შედეგად, "ჯალოროსისა" და "ბიანკონერის" შორის ისევ დიდი უფსკრულია, ერთი მერცხალი კი გაზაფხულს ვერ მოიყვანს.ანტიგმირი
გაბრიელ ბარბოსა, იგივე გაბიგოლი "ინტერში" ბრაზილიური "სანტოსიდან" გადავიდა და მის სანაცვლოდ მილანელებმა კოლოსალური თანხა გადაიხადეს. ამასთან, ახალგაზრდა ფეხბურთელს წლიურად 4,5 მილიონი ევრო დაუნიშნეს. გაბიგოლმა მოახერხა და ორ თვეში მთელი საფეხბურთო იტალია გადაიკიდა - ბრაზილიელი მილანში მთელ ოჯახთან ერთად ჩავიდა, ჩაიყვანა ორი პირადი მცველი, დიეტოლოგი, სტილისტი, მასაჟისტი და ფიზიოთერაპევტი, თუმცა ჯერჯერობით, ეს ყველაფერი ვერ ეხმარება წარმატებით ასპარეზობაში. გაბიგოლმა მოედანზე მხოლოდ 21 წუთი დაჰყო და გუნდს არაფერში დახმარებია. გაბრიელის წარუმატებელი ასპარეზობა ყველაზე უცნაურად "სანტოსის" პრეზიდენტმა მოდესტო რომამ ახსნა, რომლის თქმითაც, მილანში ცივა, ეს კი გაბიგოლს ძალიან არ უყვარს.
სეზონის ჩავარდნა
"მილანისგან" განსხვავებით, ზაფხულში დიდი ფული დახარჯა "ინტერმა", მაგრამ შედეგებზე ეს მხოლოდ უარყოფითად აისახა. "ინტერი" სატურნირო ცხრილის შუაგულში გაიჭედა და გუნდი, რომელსაც ალბათ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს "იუვენტუსის" შემდეგ, უკვე ჩამოშორდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას."ინტერში" ვერ გაამართლა ფრანკ დე ბურმა, თუმცა გუნდის წარუმატებლობა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა კლუბის მენეჯმენტში არსებულ ქაოსს დააბრალა. დე ბურის თქმით, "ინტერის" მესვეურები ორ ბანაკად არიან გაყოფილნი: აზიელი დამფუძნებლები და დირექტორთა საბჭო, რომელიც იტალიელებით არის დაკომპლექტებული. იტალიელთა ჯგუფის წევრია არგენტინელი ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ძანეტი. ამ ორ ჯგუფს შორის აზრთა სხვადასხვაობაა თითქმის ყველა საკითხში, რაც ყველაფერთან ერთად, გუნდის შედეგებზეც უარყოფითად აისახება.
ლოგიკური კრიზისი
"ფიორენტინამ" პასიურად წარმართა ზაფხულის სატრანსფერო კამპანია და შედეგსაც შესაბამისს იმკის. ფლორენციელებმა მარკოს ალონსოს სახით, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გაუშვეს და მის ნაცვლად "როსტოვიდან" ჰრვოე მილიჩი მიიყვანეს, რომელმაც ნამდვილად ვერ ჩაანაცვლა სრულფასოვნად "ჩელსიში" წასული ესპანელი. მოუკლო ბორხა ვალერომ, რომელიც ბოლო წლებში გუნდის დირიჟორი და თამაშის წარმმართველი იყო. გუნდის მთავარი მწვრთნელი პაულო სოუზა მუდმივ როტაციაშია, რაც გუნდს უფრო ვნებს, ვიდრე პირიქით. შედეგად, გუნდი, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, ამჯერად მეცხრეა სატურნირო ცხრილში. უნდა აღვნიშნოთ ორი ახალგაზრდა იტალიელი შემტევის, ფედერიკო ბერნარდესკის და ფედერიკო კიეზას პროგრესი, თუმცა ეს ორი კონკრეტული ფეხბურთელის პროგრესია და არა მთლიანად გუნდის.
მთავარი პლუსი
მიმდინარე სეზონის მთავარი პლუსი ის გახლავთ, რომ იტალიაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა. ქვემოთ, გავლილი 18 ტურის სიმბოლურ გუნდს გაეცნობით, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული...ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი): სამწუხაროა, რომ დონარუმაში დიდი ტალანტი დავინახე და ის მთავარ გუნდში გადავიყვანე - ხუმრობით განაცხადა "ტორინოს" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა, რომლის გუნდიც "მილანს" სტუმრობდა და ბოლო წუთზე რომ ჯანლუიჯის პენალტი არ აეღო, ქულას მოიპოვებდა. დონარუმას ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, რადგან ის ჯიჯი ბუფონის მემკვიდრეა და ამით ყველაფერია ნათქვამი.
მატია კალდარა (ატალანტა): ბერგამოული გუნდის მარჯვენა მცველი, რომელიც 22 წლისაა და მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კალდარა "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას.
ანდრია კონტი (ატალანტა): "ატალანტას" კიდევ ერთი მცველი, რომელიც შესანიშნავად ერთვება შეტევებში და სწორედ ამ კომპონენტში კარგი ასპარეზობით გაიგდო სახელი. კონტის აქტივში ერთი გოლი და არაერთი საგოლე გადაცემაა.
ანტონიო ბარეკა (ტორინო): 21 წლის მცველი, რომელმაც "ტორინოს" ძირითად შემადგენლობაში მყარად მოიკიდა ფეხი და შესანიშნავად ასპარეზობს. ვრცელდება ცნობები, რომ მისი გადაბირება "რომას" სურს.
ფრანკ კესიე (ატალანტა): კესიე ერთ დროს მცველი იყო, თუმცა გასპერინიმ ნახევარდაცვაში ასწია და იქ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა. მიმდინარე სეზონში, კესიე "ატალანტას" ბომბარდირია და ამით ყველაფერია ნათქვამი.
სეკო ფოფანა (უდინეზე): ახალგაზრდა ფრანგი "მანჩესტერ სიტიმ" "უდინეზეში" გაუშვა და მისი პირველივე სეზონი იტალიაში წარმატებული გამოდის, რაზეც 12 შეხვედრაში გატანილი 4 გოლი მეტყველებს.
მანუელ ლოკატელი (მილანი): მას შემდეგ, რაც რიკარდო მონტოლივო მძიმედ დაშავდა, "მილანის" ძირითად შემადგენლობაში 18 წლის მანუელ ლოკატელი დამკვიდრდა და ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი, "სასუოლოს" და "იუვენტუსს" კი საუცხოო გოლები გაუტანა.
ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა): ფედერიკო ბერნარდესკის აქამდეც ვიცნობდით, თუმცა მიმდინარე სეზონში საუკეთესო თვისებები წარმოიაჩინა. უკვე 9 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვის იბრძვის.
ჯოვანი სიმეონე (ჯენოა): დიეგო სიმეონეს შვილი "ჯენოას" მთავარი იმედია შეტევაში, რასაც სეზონის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ახალგაზრდა ფორვარდმა მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა, როდესაც "იუვეს" ორი გოლი შეუგდო.
ანდრეა ბელოტი (ტორინო): იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი იმედი, რომლის ანგარიშზეც უკვე 13 გოლია სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში. ბელოტიმ იტალიის ერონულ გუნდშიც დაიმკვიდრა ადგილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"