ჯუზეპე მაროტა: ბუზისგან სპილოს ნუ ვაქცევთ

AutoSharing Option
ამ ზამთარს "იუვენტუსი" "ზენიტიდან" აქსელ ვიტსელის გადაბირებას ლამობდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ბელგიელმა ნახევარმცველმა ჩინეთს მიაშურა, სადაც 3 წელიწადში 75 მილიონ ევროს აიღებს, რუსული კლუბი კი ამ ტრანსფერით 7 მილიონი ევროთი გამდიდრდა.

მოკლედ, ვიტსელმა იტალიაში თამაშს კოლოსალური ფული ამჯობინა, "იუვეს" კი წარმატებები უსურვა. ამბობენ, რომ პაულო დიბალაა ტურინული ყოფით უკმაყოფილო და მისთვის შეთავაზებული ახალი ხელშეკრულების პირობები არ მოსწონს, რის გამოც "იუვენტუსიდან" აბარგებაზეც კი დაფიქრდა.

მოკლედ, "ვეკია სენიორა" ყურადღების ცენტრშია და დროა, სიტყვა კლუბის სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას გადავცეთ, რომელმაც
აქტუალურ თემებზე კომენტარი გააკეთა...

აქსელ ვიტსელი
ცნობილია, რომ აქსელ ვიტსელის გადაბირება გვსურდა და რუსებს კონკრეტული წინადადებითაც მივმართეთ, მაგრამ ამ ტრანსფერის ბედი თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა. აქსელმა ჩინეთიდან გიჟური წინადადება მიიღო და დათანხმდა.

წელიწადში 25 მილიონ ევროს "იუვენტუსი" ვერავის გადაუხდის, მათ შორის, ვერც ლეო მესის და კრიშტიანო რონალდოს. შესაბამისად, ვიტსელი წავიდა იქ, სადაც ასეთ არანორმალურ თანხას მიიღებს. საწუწუნო არაფერი გვაქვს, რადგან ნახევარდაცვაში ისედაც უძლიერესი შემადგენლობა გვყავს - კლაუდიო მარკიზიო იდეალურ ფორმაში შევიდა, მასთან ერთად კი სამი ხედირა და მირალემ პიანიჩი ბრწყინავენ. გვყავს მარიო ლემინა, დავიდე სტურარო და ერნანესი. დავიმატეთ დიეგო რინკონი, რომელიც "ჯენოაში" შესანიშნავად ასპარეზობდა.

პაულო დიბალა
არ ვიცი, საიდან ვრცელდება ცნობები, რომ პაულო დიბალასთან საერთო ენის გამონახვა გვიჭირს. პაულომ ბევრი გააკეთა გუნდისთვის და მან დაიმსახურა ახალი ხელშეკრულება.

მოლაპარაკება პრობლემების გარეშე მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ხელსაც მოვაწერთ. დიბალა იმ ფეხბურთელთა რიცხვშია, რომლებიც არ იყიდებიან და რომლებზეც განსაკუთრებულ იმედებს ვამყარებთ. ვფიქრობ, მინიმუმ, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დიბალა "იუვენტუსის" ლიდერი იქნება.

ალვარო მორატა
მედიაში ვრცელდება ცნობები ალვარო მორატას შესაძლო დაბრუნების შესახებ. ამ თემაზე მქონდა საუბარი თავად ფეხბურთელთან და მას არ აქვს ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია.

ალვარო ბედნიერია მადრიდში, თუმცა ასევე დიდი სიყვარულით იხსენებს ტურინში გატარებულ პერიოდს. რა თქმა უნდა, მორატას უნდა, რომ მუდმივად სასტარტო თერთმეტეულში იყოს, მაგრამ ამის გარანტია მას არც"იუვენტუსში" ექნება. გამორიცხული არ არის, რომ ალვარო დაგვიბრუნდეს, თუმცა დღეს ეს უფრო სურვილია, ვიდრე რეალობა.

მასიმილიანო ალეგრი
იყო შელაპარაკება ჩემსა და ალეგრის შორის სუპერთასის მატჩის შემდეგ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ბუზისგან სპილო არ უნდა ვაქციოთ. ჩვენ შორის კარგი ურთიერთობაა, ალეგრის კი კლუბის მესვეურების მხრიდან დიდი ნდობა აქვს.

არის თუ არა ეს მასიმილიანოს ბოლო სეზონი "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე? - ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული, მაგრამ დღეს ასე ნამდვილად არ დგას საკითხი და ალეგრის წასვლის თემა არ განიხილება. იმედია, მიმდინარე სეზონში წარმატებით ვიასპარეზებთ, მწვრთნელთან კი კონტრაქტს გავახანგრძლივებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული