პსჟ: უნაი ემერი "რომაში", ვინ წავა პარიზში?

AutoSharing Option
უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენიდან" წასვლის შანსები ერთიორად გაიზარდა მას მერე, რაც პარიზელები "ნიცასთან" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდნენ.

ახლა "მონაკოს" პსჟ-ზე 3 ქულით მეტი და მატჩით ნაკლები აქვს, დარჩენილი კი 3 ტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მონეგასკებს 2000 წლის მერე პირველად, ლიგა ერთის მოგების დიდებული შანსი აქვთ და, ალბათ, მოახერხებენ კიდეც ამას.

ლეონარდო ჟარდიმის კლუბი დიდ წარმატებას კი აღწევს, მაგრამ აი, დედაქალაქელებისთვის ეს სრული ფიასკოა. საფრანგეთში ბოლო წლების დომინირების ფონზე, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" განიავებულ 4:0-სა და ახლა ჩემპიონობის დაკარგვას, ფანობა ასე იოლად
ვერ აიტანს. საფრანგეთის თასების მოგებით კი, ემერი ვერავის გააკვირვებს.

მოკლედ, ჟურნალ-გაზეთების ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის უკვე დაუწყია სასურველი სპეციალისტის შერჩევა. ხოლო უნაის მომავალს რაც შეეხება, ბოლოს წერდნენ - უკვე მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას "რომასთან" 3-წლიან კონტრაქტზეო. თუმცა ესპანელი სპეციალისტი ირწმუნება, რომ წასვლაზე არ ფიქრობს და ამბობს, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არისო.

"ჩვენ "მონაკოს" დაწევის კარგი შანსი გავუშვით და ეს რთულად მისაღები შედეგია. უმნიშვნელოვანესი ქულები დავკარგეთ, მაგრამ სანამ არის შანსი, ტიტულისთვის ბრძოლასაც გავაგრძელებთ. ახლა "ნიცას" 3 ქულით ვუსწრებთ და იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ მეორე ადგილი შევინარჩუნოთ" - თქვა ემერიმ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ თუ "ლიონს" ევროპალიგის მოგება გამოუვა, ლიგა ერთი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 4 გუნდით იქნება წარმოდგენილი და ლიონელები "მონაკოს", "პარი სენ-ჟერმენსა" და "ნიცას" შეუერთდებიან. მონეგასკები კი, თავის მხრივ, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზეც აგრძელებენ ბრძოლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული