დღევანდელი ჩვენი წერილი "ლურჯების" ტალანტებს ეხება. ცხადზე ცხადია: ფრანგულ ფეხბურთში მართლაც რომ განსაკუთრებული ტალანტები მოვიდნენ. ახლა ჯერი მათზეა - ქვეყანა ამ ბიჭებისაგან სანაკრებო წარმატებებს ელის.
კილიან მბაპე (მონაკო, 18 წლის)
ბევრი თვლის, რომ სწორედ უნიჭიერესი ფრანგი თინეიჯერი იქნება მსოფლიო ფეხბურთის უპირველესი მედროშე მას შემდეგ,
18 წლის ფეხბურთელს "მონაკოში" მართლაც რომ ფენომენალური სეზონი გამოუვიდა. მან მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, გაიტანა 24 გოლი თავის კლუბში და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეაგდო (ეს მოხდა "იუვენტუსთან" შეხვედრაში), მისი განსაცვიფრებელი გოლები და თამაში დაეხმარა "მონაკოს" ჩემპიონთა ლიგაზე "სიტის" ბარიერის დაძლევაში. მან უკვე მოიგო საფრანგეთის სამი თასი. განსაკუთრებით კარგად ატარებს მნიშვნელოვან მატჩებს, რაც ფეხბურთელისათვის კარგი თვისებაა.
ადრიან რაბიო (პსჟ, 22 წლის)
სულ თავიდან "სიტიში" იწყებდა, მაგრამ ინგლისურ კლუბს მაშინ გაერიდა, როცა 13 წლის იყო. 2012 წელს "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზედა დებიუტანტი გახდა. დებიუტი შედგა ადრიანის მეჩვიდმეტე დაბადების დღეზე.
რაბიო ერთნაირად კარგია, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. "სენ-ჟერმენი" ახლა მთავარ იმედს სწორედ მას უკავშირებს. "ბარსელონაში" აპირებს გადასვლას რაბიოს მეწყვილე, მარკო ვერატი. ასეთ შემთხვევაში რაბიო ფრანგული გრანდის ნახევარდაცვაში მთავარი კაცი გახდება. არ დაგვავიწყდეს, რომ ფრანგული გუნდი დატოვა იოან კაბაიმ. ის კლუბის ხელმძღვანელობას დაემდურა იმის გამო, რომ ცოტას ათამაშებდნენ
უსმან დემბელე (დორტმუნდი, 20 წლის)
თუ "რეალს" ძალიან უნდა მბაპეს შეძენა, "დორტმუნდის" ვარსკვლავს "ბარსელონა" უტრიალებს. ასეთი შთამბეჭდავი გამოვიდა უსმან დემბელეს სადებიუტო სეზონი "დორტმუნდში". დემბელეს აქვს განსაკუთრებული ტექნიკა, სისწრაფე და დრიბლინგი. მას შეუძლია, მატჩის მსვლელობისას არაერთხელ წამოახტუნოს ფეხზე ფანობა. გაიბრწყინა გერმანიის თასის გათამაშებაში, სადაც ჯერ ნახევარფინალში შეაგდო "ბაიერნთან", მერე კი ფინალში "აინტრახტთან".
სამუელ უმტიტი (ბარსელონა, 23 წლის)
ძალიან მაღალი კლასის, კლასიკური ცენტრალური მცველი. მას ხშირად ფრანც ბეკენბაუერსაც კი ადარებენ. მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჟერარდ პიკეს გვერდით უწევს თამაში და ვარჯიში. "ის ძალიან მშვიდია. ბევრი 30 წლის ფეხბურთელი ვერ იქნება საკუთარ თავში ისე დარწმუნებული, როგორადაცაა უმტიტი. მე მისი დიდად მეიმედება." - ამბობს საგრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი.
ბენჟამინ მენდი (მონაკო, 22 წლის)
პეპ გვარდიოლას ძალიან უნდა ამ ფეხბურთელის "სიტიში" გადაბირება. სხვათა შორის, ინგლისურ კლუბს უკვე მიაშურა მენდის ყოფილმა თანაგუნდელმა, პორტუგალიელმა ბერნარდო სილვამ. ახლა ის დაჟინებით მოუწოდებს მეგობარს, რომ სამთავრო ინგლისზე გაცვალოს. "ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მირჩევნია, ჩემს გუნდში ვიხილო, ვიდრე ოდესმე ჩემს წინააღმდეგ ითამაშოს." - ამბობს სილვა.
თომა ლემარი (მონაკო, 21 წლის)
გვადელუპიდანაა ისევე, როგორც ტიერი ანრი. საკვირველია, მაგრამ ფაქტია - ანრი არ არის მისი კერპი. ეს გახლავთ ესპანელი ჯადოქარი, ანდრეს ინიესტა. უნივერსალია და შეტევის თითქმის ყველა პოზიციზე შეუძლია წარმატებით თამაში. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ნოემბერში, კოტდივუართან მატჩში.
კორენტინ ტოლისო (ლიონი, 22 წლის)
ცენტრალური ნახევარმცველი, რომელსაც "კოკოს" ეძახიან, ივლისიდან ოფიციალურად, 41,5 მილიონ ევროდ გადავა მიუნხენის "ბაიერნში". კარლო ანჩელოტის ძალიან მოსწონს პოტენციური შეგირდის უნარი, შეინარჩუნოს ბურთი და აკონტროლოს თამაშის რიტმი. ტოლისო იყო იმ "ლიონის" ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გასულ სეზონში ევროპალიგაზე ნახევარფინალამდე მივიდა. კორენტინმა რამდენიმე პოზიციაზე ითამაშა და ყველგან ერთნაირი წარმატებით. საფრანგეთის ნაკრებში მარტში ჰქონდა დებიუტი.
პრესნელ კიმპემბე (პსჟ, 21 წლის)
ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა იმ შეხვედრაში, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენმა" შინ 4:0 მოუგო "ბარსელონას". მეორე, გასვლით მატჩში ფრანგულ კლუბს ტიაგო სილვა დაუბრუნდა. უნაი ემერიმ გამოცდილი ბრაზილიელის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, კიმპემბე სათადარიგოთა სკამზე გადასვა და, რაც მიიღო ამით ფრანგულმა კლუბმა, ყველას კარგად გვახსოვს. ახლა ცენტრალურ მცველად თამაშობს, მაგრამ თავიდან მარცხენა მცველად იწყებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"