ედინსონ კავანი: დარწმუნებული ვარ, რომ იმ საღამოს მოხდა ყველაზე დიდი უსამართლობა!

AutoSharing Option
გასული სეზონი ედინსონ კავანის კარიერაში ყველაზე შედეგიანი იყო. მას სულ რაღაც ერთი გოლი დააკლდა 50-ის შესასრულებლად. თუმცა "ფრანს ფუტბოლთან" ინტერვიუში ჩანს, რომ 30 წლის ურუგვაელი ღრუბლებში არ დაფრინავს, პირიქით, თავი ჩვეულებრივ დაქირავებულ მოსამსახურედ მიაჩნია და საკუთარ თავს ტექნიკის დეფიციტის გამოც საყვედურობს...

- გასული სეზონი თქვენთვის მართლა საუკეთესო იყო?
- პირადად ჩემთვის, ნამდვილად წარმატებული იყო. როგორც იტყვიან ხოლმე, სტატისტიკა არ იტყუება.

- თუმცა პსჟ-ზე ამას ვერ ვიტყვით: ვერც საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგეთ და ჩემპიონთა ლიგიდან როგორც გავარდით, ამის დავიწყებაც შეუძლებელია...
- სამწუხაროდ,
უნდა დაგეთანხმოთ. გასულ ზაფხულს გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა და ახალი იდეები მოიტანა. პარიზში რომ გაიაროთ და ხალხს აზრით ჰკითხოთ, დარწმუნდებით, რომ ყველამ იცის, როგორ უნდა ითამაშოს პსჟ-მა. აქ შეიძლება იცვლებოდნენ მწვრთნელები, მაგრამ არ უნდა იცვლებოდეს თამაშის მანერა, ტრადიცია. ცხადია, ემერიმ თავისი იდეები მოიტანა. ასეთ დროს, დანაკარგები გარდაუვალია, თუნდაც სეზონის სტარტზე. ამიტომაც იყო არასტაბილურობა, ვუშვებდით ბევრ შეცდომას... მაგრამ მერე და მერე მოვუმატეთ. სწორედ სტარტზე დაკარგული ქულები არ გვეყო ჩემპიონობისთვის. მაგრამ არა უშავს, ეს გაკვეთილი იყო, ახალ სეზონში სხვანაირად იქნება.

- და მაინც, ყველაზე მეტად რამ დაგწყვიტათ გული - ჩემპიონობის დაკარგვამ თუ ლიგაში "ბარსელონასთან" მარცხმა?
- ალბათ, მაინც მეორემ. შინ ბრწყინვალედ ვითამაშეთ, სტუმრად კი მივიღეთ ისეთი შედეგი, რომელსაც ნამდვილად არ ვიმსახურებდით. რაღაც დაუჯერებელი მოხდა...

- ეს მატჩი, ალბათ, ათეულობით წლების შემდეგაც გემახსოვრებათ...
- რა თქმა უნდა!.. კლუბის ისტორიაშიც დარჩება. ამ წაგებამ, უბრალოდ, დაგვასამარა.

- როცა თქვენი გოლით ანგარიში 3:1 გახდა და "ბარსელონას" 3 გოლის გატანა დასჭირდა, ალბათ, ჩათვალეთ, რომ საქმე მოთავებული იყო...
- არა, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი პირიქით იყო. საკუთარ თავს ვუთხარი, რომ სწორედ იმ მომენტში არ შეიძლებოდა მოდუნება. გვესმოდა, რომ "ბარსელონა" გაიხსნებოდა და უფრო მეტი შანსი გვექნებოდა კონტრშეტევებისთვის... არავინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე შემოტრიალდებოდა. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ იმ საღამოს მოხდა ყველაზე დიდი უსამართლობა!

- რატომ უსამართლობა?
- ჩართეთ ტელევიზორი და თავიდან ნახეთ თამაში! ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი...

- მსაჯობას ხომ არ გულისხმობთ?
- არ მინდა დეტალებში ჩაძიება, ჟურნალისტებმაც ყველაფერი ძალიან კარგად იცით... იმ თამაშში ისეთი რაღაცები ხდებოდა, რომელიც სცილდებოდა ლოგიკის ყველანაირ ზღვარს... მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, იქ არ ყოფილა მხოლოდ ნეგატიური მომენტები...

- მომავალ სეზონში რა უნდა იყოს პსჟ-ის მიზანი - საფრანგეთის პირველობის მოგება თუ ჩემპიონთა ლიგის?
- ვეთანხმები ემერის! ჩვენ უნდა გავიზარდოთ, არ შეიძლება ერთი ადგილის ტკეპნა. ეს არის მთავარი. რაც შეეხება არჩევანს, კი ბატონო, ჩემპიონთა ლიგა დიდებული ტურნირია, დიდებული გუნდებით, მაგრამ არ შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატის დაუფასებლობაც, რადგან სწორედ აქ იქმნება დიდი წარმატების საფუძველი. სრული გულწრფელობით ვამბობ - პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის ჩემპიონობის დაბრუნება.

- მაგრამ ხალხი მაინც ჩემპიონთა ლიგას ითხოვს...
- გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება ერთი რამის დავიწყება - ქომაგთა სამყარო, ეს მაინც ვირტუალური სამყაროა. მე კი მგონია, რომ მთავარი ტურნირი საფრანგეთის ჩემპიონატია. საბედნიეროდ, ფეხბურთში ფული ჯერ კიდევ არ წყვეტს ყველაფერს და აბსურდია იმის თქმა, თითქოს, პსჟ-მა უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, რადგან მდიდარი კლუბია. დიდ წარმატებას სჭირდება დრო, მოთმინება და პოზიტიური ფაქტორების თანხვედრა. ბოლოს და ბოლოს, კონკურენტებიც არ დგანან ერთ ადგილზე.

- მოდი, ახლა თქვენზე ვილაპარაკოთ...
- იმედი მაქვს, ამისთვის 10 წუთი გვეყოფა (იცინის)...

- როგორც იქნა, გასულ სეზონში გამოკვეთილ ფორვარდად დაგაყენეს. ამან შეცვალა თქვენი თამაში?
- შეცვალა? არა მგონია, რადგან სწორედ ასეთ თამაშს ითხოვდა ჩემგან პსჟ, როცა 2013 წელს გუნდში მოვედი. მანამდე ხომ "ნაპოლიშიც" ცენტრფორვარდი ვიყავი. ეს ჩემთვის ყველაზე კომფორტული პოზიციაა.

- კი, მაგრამ ძველ ჩვევას ვერ ღალატობთ და თავდაცვით ოპერაციებშიც მონაწილეობთ ხოლმე...
- ამაში მართალი ხართ. ასეთია თამაშის ჩემეული მანერა და მადლობელი ვარ მწვრთნელის, რომელიც ამ მხრივ გარკვეულ თავისუფლებას მანიჭებს. მე მგონი, სულაც არ არის აუცილებელი მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში გახსნა - როცა თანაგუნდელებს საფრთხის განეიტრალებაში ვეხმარები, ეს გოლზე არანაკლებ მსიამოვნებს.

- თამაშის განმავლობაში საშუალოდ რა მანძილს ფარავთ?
- დაახლოებით 9-11 კილომეტრს.

- დაცვას რომ არ ეხმარებოდეთ, უფრო მეტ გოლს გაიტანდით?
- დარწმუნებული ვარ, ეს არაფერ შუაშია. როცა საკუთარ ნახევარზე ყველაფერი კარგად არის, მეტოქის კართანაც ყველაფერი გამოგივა.

- თქვენთან კონტრაქტის გაგრძელებით პსჟ ცდილობს, კლუბის სახედ, ასე ვთქვათ, სავაჭრო ნიშნად გაქციოთ?
- არა, ეს ჩვეულებრივი მარკეტინგია. მე მხოლოდ დაქირავებული მოსამსახურე ვარ და ჩემი საქმე, პირველ რიგში, მოედანზე უნდა გავაკეთო. თუმცა არ ვამბობ, რომ საჯაროდ არ უნდა გამოვჩნდე. არც ეს შეცვლის ჩემი ცხოვრების სტილს.

- ცხოვრებაში კი მშვიდი ადამიანი ხართ, საპირისპიროდ იმისა, რასაც მოედანზე ვხედავთ...
- მოედანზე ფეხბურთით ვცხოვრობ, მთელ ძალასა და ემოციას იქ ვტოვებ. მოედანზე ისეთი ატმოსფეროა, თუ რამეს ვამეტებ ან ვცდები, ამის უფლება ყველას აქვს, მათ შორის - ფეხბურთელებსაც, მსაჯებსაც...

- ტელევიზორში ხშირად უყურებთ ფეხბურთს?
- კი, როგორც კი ტელევიზორს ჩავრთავ და რამე საფეხბურთო გამოჩნდება, რეპორტაჟი იქნება ეს თუ გადაცემა, მაშინვე ვჯდები და ვუყურებ. შემიძლია, ერთი წლის წინანდელი თამაშიც ვნახო თავიდან...

- გასულ სეზონში ბევრს გაკრიტიკებდნენ ტექნიკური ხარვეზების გამო. ამაზე რას იტყოდით?
- აბსოლუტურად ვეთანხმები კრიტიკოსებს! ამაზე ნამდვილად მაქვს სამუშაო. ფეხბურთში განვითარება და სწავლა არასოდეს ჩერდება, ჩემს ასაკშიც კი.

- ამბობენ, კავანის მხოლოდ ისეთი პასი უნდა მისცე, ერთ შეხებაში რომ გაიტანოსო. არ გწყინთ ასეთი შეფასება?
- არანაირად! ხშირად მართლა ასე გამაქვს გოლები. როცა შეგიძლია, მარტივად გაიტანო, არ მესმის, რა საჭიროა გართულება?

- პარიზი ძალიან გიყვართ?
- აქ სრული კომფორტი მაქვს. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ხალხში გასვლა და პარიზის ქუჩებში სეირნობა, ან თუნდაც სხვა ქალაქი იყოს ეს. მე უფრო "სახლის კაცი" ვარ...

დოსიე
ედინსონ კავანი
დაიბადა 1987 წლის 14 თებერვალს სალტოში (ურუგვაი)
ამპლუა: ფორვარდი
კარიერა: დანუბიო (2005-07), პალერმო (2007-10), ნაპოლი (2010-13), პსჟ (2013-დან)
მიღწევები: ურუგვაის ჩემპიონი (2006/07), იტალიის თასის მფლობელი (2011/12), საფრანგეთის 3-გზის ჩემპიონი (2014/15, 2015/16, 2016/17), საფრანგეთის თასის 3-გზის მფლობელი (2014/15, 2015/16, 2016/17), საფრანგეთის ლიგის თასის 4-გზის მფლობელი (2013/14, 2014/15, 2015/16, 2016/17), საფრანგეთის სუპერთასის 2-გზის მფლობელი (2014, 2015), კოპა ამერიკის გამარჯვებული (2011).
ურუგვაის ნაკრებში: 92 მატჩი, 38 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
zaza-ს მერე მონაკო რომელ ჩემპიონატში თამაშობს???
გიორგი
25 ივნისი 2017 13:45
0
როგორ არის საფრანგეთის 2016-17 ჩემპიონი მონაკოში თამაშობდა??? :- )
zaza
24 ივნისი 2017 14:17
0
raiko usamartloba saxlshi ro ertxel daartkav karshi?)))))))))))))))))
!!!
24 ივნისი 2017 13:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული