პარიზში "ზორო" გამოჩნდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ბრაზილიელ ნახევარმცველ ნენეს, თანაგუნდელებმა ახალი მეტსახელი მოუგონეს.

31 წლის ფეხბურთელმა, წინა თვეში "რეიმსთან" თამაშის დროს ყვრიმალის ძვალი გაიტეხა და გუნდს ამის გამო ვერ ეხმარება. პსჟ-ს შემტევი თანამემამული დიეგოს შეეჯახა, შედეგად ოპერაციის გადატანა მოუწია და ახლა რეაბილიტაციას გადის.

მოედანზე დაბრუნებულმა ფეხბურთელმა დამცავი ნიღაბი უნდა ატაროს და სწორედ ის გახდა მისი ახალი მეტსახელის მიზეზი. თავად ნენეს მოვუსმინოთ: "იმისთვის, რომ ნიღაბი ზუსტად მომრგებოდა, იტალიაში სამი დღე გავატარე.

ძალიან მსუბუქია და საერთოდ არ მაწუხებს, შესაბამისად თამაშის დროსაც ხელს არ შემიშლის. თანაგუნდელების
დაცინვას მაინც ვერ გადავურჩი, ნიღაბის უცნაური ფორმის გამო, ბიჭებმა ზორო შემარქვეს".

ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება და მისი მდგომარეობა დახმარებასაც გაუწევს: "იქნებ ჩემმა ნიღაბმა მეტოქის მცველები დააბნიოს და გოლების გატანა გამიადვილდეს, თანაც ამ შემთხვევაში გოლის ახლებურად აღნიშვნაც შემეძლება" - იხუმრა ნენემ.

მართალია, მას არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ გოლის ახლებური აღნიშვნა, კავშირში მის ახალ მეტსახელთან უნდა იყოს. ვნახოთ, იმედია ამაში დარწმუნების საშუალება მოგვეცემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული