საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტურის წინ: მთავარი მატჩები კვირას გაიმართება

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტური, ორი ყველაზე უხვგოლიანი გუნდის მატჩით, პარასკევს, 23 ნოემბერს დაიწყო. მეხუთე ადგილზე მყოფმა "სენტ ეტიენმა" მეექვსეზე მყოფ "ვალანსიენს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით მოუგო.

ამ ტურის სხვა გამორჩეული მატჩები კვირას გაიმართება, ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი კი 24 ნოემბერს ერთ-ერთ აუტსაიდერს მასპინძლობს...

პარიზში სტუმრად მე-19 ადგილზე მყოფი "ტრუა" ჩადის და უიმედოდ მოჩანს, მითუმეტეს რომ პსჟ-ს, 2-თამაშიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი უბრუნდება, რომელიც 10 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

პარიზელებს უკვე სამი თამაშია არ მოუგიათ და ამ ცუდი სერიის დასასრულებლად უკეთეს მეტოქეს
ვერც ინატრებდნენ.

წინა ტურში "რენთან" წაგების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ კრიზისზე საუბარი დაიწყო, მაგრამ სულ რამოდენიმე დღეში მისმა გუნდმა კიევში მოიგო და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

ახლა ქომაგები მოგებას ლიგა 1-ის მატჩშიც ელიან.

"ტრუას" მხოლოდ ერთი მოგება აქვს, თუმცა ეს სამი ქულა, ჟან ფურლანის შეგირდებმა "მარსელთან" მოიპოვეს. ისტორიის განმავლობაში "ტრუამ" პარიზში 10-ჯერ ითამაშა და 8-ჯერ წააგო, ორ შემთხვევაში კი შინ ქულა წაიღო. 1977 წელს "პარი სენ ჟერმენმა" სტუმრებს 8:2 მოუგო.

ასე არა, მაგრამ პარიზელები საყვარელი გუნდისგან დიდი ანგარიშით გამარჯვებას ელიან.

კვირას სამი მატჩია დაგეგმილი და სამივე დიდ ინტერესს იწვევს. თბილისის დროით 17 საათზე "მონპელიე" საკუთარ მოედანზე "ბორდოს" უმასპინძლებს და 3-მატჩიანი მოუგებელი სერიის (3 ფრე) დასრულებას ეცდება, თუმცა ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგან ფრანსის ჟიოს შეგირდები შესანიშნავად გამოიყურებიან და ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ წაგებული.

გარდა ამისა, ხუთშაბათს "ბორდომ" ბრიუგეში მოიგო და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

თუ დიდი ხნის წინ დაშავებულ ქარიმ აიტ-ფანას არ ჩავთვლით, გუნდებს განსაკუთრებული დანაკლისი არ აქვთ და ორივე მხარე მოედანზე ძირითადი შემადგენლობით უნდა გამოვიდეს.

მონპელიეში მატჩის დამთავრებიდან, დაახლოებით ერთ საათში, საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ტულუზში გაიმართება - ამ ქალაქში ჩემპიონატის ლიდერი "ლიონი" ჩადის.

მასპინძლებმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი შეხვედრა წააგეს და ახლა მე-9 ადგილზე არიან, "ლიონს" კი "ბორდოს" მსგავსად მხოლოდ ერთი წაგება აქვს (სწორედ "ბორდოსთან") და გარდა იმისა რომ პირველ პოზიციაზეა, ერთი მატჩი (მარსელთან) თადარიგში აქვს.

უკვე 5 წელია "ლიონს" ტულუზში გოლი არ გაუტანია - ამ პერიოდში სულ 6 თამაში გაიმართა, რომელთაგანაც მასპინძლებმა 4 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს (ბურთების სხვაობა: 8:0). ბოლოს "ოლიმპიკის" ფეხბურთელებმა "სტადიუმ მუნისიპალიდან" 3 ქულა 2005 წელს წაიღეს (0:1).

სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო ანტონი რევეიე არ ეყოლებათ, გარდა ამისა ტრავმა აქვს ჯიმი ბრიანს და მისი თამაში საეჭვოა.

ტური კი "ველოდრომზე", "მარსელი"-"ლილის" მატჩით დასრულდება. რუდი გარსიას გუდნმა, შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ბატე დაამარცხა და ხასიათი ოდნავ გამოიკეთა.

ამის საპირისპიროდ, ევროპალიგაზე დამარცხდა "მარსელი" და ჯგუფში ჩარჩა, რის გამოც ელო ბოპი ძალიან იმედგაცრუებული იყო. მასპინძლებს მორგან ამალფიტანო არ ეყოლებათ, რომელსაც ბლეზ მატუიდისთვის ხელის გარტყმის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

სამაგიეროდ გუნდს უბრუნდებიან ჯორდან აიუ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჯოი ბარტონი, რომელმაც ჯერ კიდევ ინგლისში მიღებული 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ახლა უკვე ლიგა 1-ში თამაშის უფლებაც აქვს (აქამდე ბარტონი მხოლოდ ევროპაში თამაშობდა).

შევსება არის სტუმართა რიგებშიც - ერთი მატჩის გამოტოვებს შემდეგ, ისევ მწვრთნელის განკარგულებაშია მარვენ მარტენი, რომელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

"ლილმა" წინა ტურში (ლორიანთან), ზედიზედ სამი მოგებული მატჩის შემდეგ წააგო და მართალია ახლა მე-8 ადგილზეა, სამაგიეროდ მომავალ მეტოქეს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

საფრანგეთი. ლიგა 1. XIV ტური
23 ნოემბერი
სტ.ეტიენი-ვალანსიენი 1:0

24 ნოემბერი
პსჟ-ტრუა 20:00
ნანსი-აიაჩო 23:00
სოშო-ნიცა 23:00
ბასტია-ლორიანი 23:00
რეიმსი-ბრესტი 23:00
რენი-ევიანი 23:00

25 ნოემბერი
მონპელიე-ბორდო 17:00
ტულუზი-ლიონი 20:00
მარსელი-ლილი 00:00

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ ბ ქ
1. სენტ ეტიენი 14 7 4 3 24-10 25
2. ლიონი 12 7 4 1 23-11 25
3. ბორდო 13 6 6 1 18-10 24
4. პსჟ 13 6 5 2 19-10 23
5. მარსელი 12 7 2 3 16-11 23
6. ვალანსიენი 14 6 4 4 27-16 22
7. რენი 13 7 1 5 18-16 22
8. ლილი 13 5 5 3 16-14 20
9. ტულუზი 13 5 4 4 20-16 19
10. ლორიანი 13 4 6 3 21-25 18
11. ნიცა 13 3 7 3 18-19 16
12. ბრესტი 13 5 1 7 14-18 16
13. რეიმსი 13 4 3 6 13-14 15
14. მონპელიე 13 3 5 5 18-18 14
15. აიაჩო 13 4 4 5 14-18 14
16. სოშო 13 4 2 7 13-19 14
17. ბასტია 13 4 2 7 19-32 14
18. ევიანი 13 3 3 7 15-22 12
19. ტრუა 13 1 5 7 14-25 8
20. ნანსი 13 1 3 9 8-24 6
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები:
10 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 7 - ბენ იედერი (ტულუზი); 6 - ერდინჩი (რენი), გომისი (ლიონი), გუფრანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული