საფრანგეთი. ლიგის თასი. 1/4-ფინალი: ჩემპიონი და ექს-ჩემპიონი

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგის თასის კიდევ ორი ნახევარფინალისტი გაირკვა.

მოქმედმა ჩემპიონმა "მონპელიემ" დაძაბულ ბრძოლაში "ნიცა" დაამარცხა, ხოლო ექს-ჩემპიონმა "ლილმა" კორსიკაზე გაისეირნა.

რენე ჟირარმა "ნიცასთან" შერეული შემადგენლობა გამოიყვანა და ამის გამო კინაღამ დაისაჯა. სტუმრები 22-ე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ რემი კაბელიამ, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, წონასწორობა მალე აღადგინა, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძლები არგენტინელმა ემანუელ ერერამ დააწინაურა.

შეხვედრა "მონპელიეს" უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ სტუმართა კონტრშეტევას მასპინძელთა საჯარიმოში წესების დარღვევა მოჰყვა, პენალტი კი ერიკ ბოტეაკმა გამოიყენა. საბოლოოდ, შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა.

83-ე წუთზე ცვლილებაზე სამი წუთით ადრე
გამოსულმა ჟონათან ტინიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა და "მონპელიე" ნახევარფინალში გაიყვანა.

ამავე ეტაპზე აღმოჩნდა "ლილიც", რომელმაც კორსიკაზე იოლი გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში მე-11 წუთზე ახალგაზრდა ჯანი ბრუნომ გახსნა, ვინც თავი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა და როგორც ჩანს, ნელ-ნელა "ძაღლების" ძირითად შემადგენლობას უშინაურდება.

პირველ ტაიმში მატჩი დაახლოებით 20 წუთით შეწყდა, რადგან "ბასტიას" ქომაგებმა ერთ-ერთ თანამსაჯს ტრიბუნიდან მაშხალა გაარტყეს.

სტუმრებმა საკუთარი უპირატესობა მეორე ტაიმში განავრცეს - გოლები რონი როდლენმა და ჯიბრილ სიდიბემ გაიტანეს.

რუდი გარსიას გუნდი მომდევნო ეტაპზე გავიდა, "ბასტიას" სტადიონს კი კიდევ ერთი დისკვალიფიკაცია ელის. შეგახსენებთ, რომ "სტად არმან სესარი" ცოტა ხნის წინ ორი თამაშით იყო დახურული.

მონპელიე-ნიცა 3:2
გოლები: 0:1 ბოსეტი (22), 1:1 კაბელია (29), 2:1 ერერა (52), 2:2 ბოტეაკი (66-პენ), 3:2 ტინიანი (83).

ბასტია-ლილი 0:3
გოლები: 0:1 ჯ. ბრუნო (11), 0:2 როდლენი (62), 0:3 სიდიბე (84).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული