საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტურის წინ: ყურადღების ცენტრში ისევ პარიზია

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ წრის დასრულებამდე ორი ტური დარჩა.

ბოლოსწინა, მე-18 ტური, ტრადიციულად პარასკევს დაიწყო, შაბათს გაგრძელდება და კვირას ცენტრალური მატჩით დასრულდება.

საფრანგეთის დედაქალაქში სტუმრად "ლიონი" ჩადის, რომელიც პსჟ-ს და "მარსელს" სამი ქულით უსწრებს. გამორიცხული არ არის, ამ ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში ტრიადა მივიღოთ. "მარსელს", თავის მხრივ საკმოდ რთული მატჩი ელის "ტულუზთან", თუმცა იქამდე პსჟ-"ლიონზე" ვისაუბროთ...

პსჟ-ლიონი

ორივე გუნდი შეხვედრას განსაკუთრებული დანაკლისის გარეშე და განსხვავებულ ხასიათზე ხვდება. "პარი სენ ჟერმენმა" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და ლიდერთან სხვაობა შეამცირა, "ლიონმა" კი
საკუთარ მოედანზე ლიგის ყველაზე სუსტ გუნდს ვერ აჯობა (1:1 "ნანსისთან") და კონკურენტებს მიახლოვების საშუალება მისცა.

ბოლო ტური მატჩში რემი გარდს ანტონი რევეიე და ალექსანდრ ლაკაზეტი დაუშავდნენ და ახლა მათი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. სამაგიეროდ, იმავე შეხვედრაში გოლი მიშელ ბასტოსმა გაიტანა, რაც ბრაზილიელმა ზედიზედ მეორე ტურში შეძლო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის.

სიტყვა "ფორმა" ვახსენეთ და უხერხულია რამდენიმე სიტყვა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე არ ვთქვათ: შვედს ჩემპიოანტში უკვე 17 გოლი აქვს გატანილი (14 თამაშში) და ბოლო ოთხი შეხვედრაა მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს (სულ 7 გოლი ამ პერიოდში).

პარიზელების მთავარი იმედი სწორედ ის არის, მაგრამ მის გარდა კარლო ანჩელოტის უამრავი "შემსრულებელი" ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი ჟერემი მენეზია, რომელიც მატჩის წინ პრესის წარმომადგენლებს გაესაუბრა:

"ბოლო პერიოდში ტაქტიკა ოდნავ შევცვალეთ და ამან შედეგი უმალ გამოიღო, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლა გაცილებით უკეთ ვართ შეთამაშებული და ნამდვილად იგრძნობა, რომ პსჟ უკვე გუნდია", - განაცხადა პარიზელთა 25 წლის შემტევმა.

მენეზმა მეტოქეზეც ისაუბრა და "ლიონი" შეაქო: "მე სეზონის დაწყების წინაც ვამბობდი, რომ "ლიონი" ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნებოდა და იმავეს ახლაც გავიმეორებ. მათ ძალიან კარგი და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ერთად უკვე დიდი ხანია არიან და ურთიერთგაგების პრობლემა არ აწუხებთ.

"ოლიმპიკს" ზამთრის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების მშვენიერი შანსი აქვს".

სხვათაშორის, შარშან ზამრთის ჩემპიონი სწორედ პსჟ გახდა, რომელსაც იმხანად ანტუან კომბუარე ხელმძღვანელობდა, შემდეგ მთავარი მწვრთნელი ანჩელოტი გახდა და გუნდმა ჩემპიონის ტიტული "მონპელიეს" დაუთმო.

"პარი სენ ჟერმენის" და "ლიონის" უკანასკნელი შეხვედრა (ლიგა 1-ში) მართლაც ზღაპრული გამოდგა და ვიმედოვნოთ, რომ ამჯერადაც არანაკლებ სანახაობას ვიხილავთ.

26 თებერვალს, "სტად ჟერლანზე" გუნდებმა ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს, რომელთაგანაც ბოლო გიომ ოარომ მატჩის ბოლო წამებზე გაიტანა.

ამჯერად გუნდები ერთმანეთს "პარკ დე პრენსზე" შეხვდებიან, სადაც "ლიონს" უკვე ხუთი წელია არ მოუგია (1 ფრე და 3 წაგება). სულ ეს გუნდები ერთმანეთს პარიზში 33-ჯერ შეხვდნენ, აქედან თითქმის ნახევარი, კერძოდ 16 მატჩი პსჟ-მ მოიგო, 10 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 6-ჯერ კი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ (4-2-3-1): სირიგუ - ჟალე, ტიაგო სილვა, სახო, მაქსველი - ტიაგო მოტა, მატუიდი - პასტორე, ლავეცი, მენეზი - იბრაჰიმოვიჩი
ლიონი (4-3-3): ვერკუტრი - რევეიე (ფერი), ბიშევაცი, ლოვრენი, უმტიტი - მვუემბა, ფოფანა, მალბრანკი - ლისანდრო ლოპესი, მიშელ ბასტოსი, გომისი.

სხვა გამორჩეული მატჩები
ტურის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი ტულუზში გაიმართება, სადაც სტუმრად "მარსელი" ჩადის. ელი ბოპის გუნდმა შუა კვირაში კორსიკაზე "ბასტიას" მოუგო და გამარჯვება ახლაც ჰაერივით სჭირდება, რადგან მისი კონკურენტებიდან მინიმუმ ერთი (თუ ორივე არა) ქულებს დაკარგავს.

"ოლიმპიკს" გუნდის ლიდერები ბენუა შეირუ (დისკვალიფიკაცია მოიხადა) და ანდრე-პიერ ჟინიაკი უბრუნდებიან. ამ უკანასკნელმა კორსიკაზე ბოლო 5 წუთი ითამაშა. ჟინიაკისთვის "ტულუზთან" შეხვედრა განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან სწორედ ამ გუნდში გახდა ის ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი (2008 წელს, 24 გოლით) და მის რიგებში ჩატარებულ 98 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა.

"ჟოფრუა გიშარზე" მეოთზე ადგილზე მყოფი "სენტ ეტიენი" მეექვსეზე მყოფ "ლორიანს" უმასპინძლებს.

"მწვანეებმა" "ლიონთან" დერბიში განცდილი მარცხის შემდეგ, "ბორდოსთან" სტუმრად მნიშვნელოვანი ქულა აიღეს და ახლა კიდევ ერთ კონკურენტს ეთამაშებიან.

კრისტიან გურკუფის შეგირდებმა ჩავარდნის პერიოდი დაძლიეს და ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს, ხოლო "მწვანეებს" ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ. ამ წყვილში ფავორიტის დასახელება რთულია, თუმცა მცირე უპირატესობას მაინც მასპინძლებს მივანიჭებთ.

საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური

15 დეკემბერი
ტულუზი-მარსელი 20:00
ტრუა-აიაჩი 23:00
სოშო-ბრესტი 23:00
მონპელიე-ბასტია 23:00
ნიცა-ევიანი 23:00
რეიმსი-ლილი 23:00

16 დეკემბერი
ნანსი-ბორდო 17:00
სტ. ეტიენი-ლორიანი 20:00
პსჟ-ლიონი 00:00

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 17 10 5 2 30-16 35
2. პსჟ 17 9 5 3 32-12 32
3. მარსელი 17 10 2 5 22-20 32
4. სტ. ეტიენი 17 7 6 4 24-11 27
5. ბორდო 17 6 9 2 20-13 27
6. ლორიანი 17 7 6 4 28-27 27
7. ვალანსიენი 17 7 5 5 29-22 26
8. ნიცა 17 6 8 3 23-21 26
9. რენი 17 8 2 7 23-22 26
10. ლილი 17 6 7 4 19-16 25
11. მონპელიე 17 6 5 6 24-20 23
12. ტულუზი 17 6 5 6 23-19 23
13. აიაჩო 17 5 6 6 17-22 19
14. ევიანი 17 5 4 8 19-27 19
15. ბასტია 17 5 4 8 22-35 19
16. ბრესტი 17 5 3 9 18-24 18
17. რეიმსი 17 4 5 8 13-17 17
18. სოშო 17 4 4 9 16-25 16
19. ნანსი 17 1 7 9 12-28 10
20. ტრუა 17 1 6 10 17-35 9
შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა

ბომბარდირები
17 - იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ცვიტანიჩი (ნიცა); 7 - გუფრანი (ბორდო), მოდესტი (ბასტია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული