ლიგა 1. XX ტური: შეწყვეტილი სერიები და მორიგი მოულოდნელობა პარიზში

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატი პარასკევს განახლდა და უმალ ტურის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა. ლიგა 1-ის ერთ-ერთმა ლიდერმა და მთავარმა ფავორიტმა პსჟ-მ საკუთარ მოედანზე "აიაჩოს" ვერაფერი დააკლო და უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგა.

მასპინძელთა ცუდ გამოსვლაზე, რა თქმა უნდა, ტიაგო მოტას გაძევებამაც იმოქმედა, მაგრამ ეს თავის გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება, რადგან ბრაზილიელი არბიტრმა 45-ე წუთზე გააძევა, პარიზელებს კი ტაიმის ბოლო წუთამდე აუტსაიდერის კარში ერთი გოლი მაინც უნდა გაეტანათ.

ამ შეხვედრაში ლუკას მოურას დებიუტი შედგა, მაგრამ ბრაზილიელი ფეხბურთელი კარგი მეკვლე ვერ გამოდგა. მასპინძლები, საბოლოო ჯამში, ძალიან
დიდ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ კარში ზუსტად დარტყმას ვერაფრით ახერხებდნენ. თავად განსაჯეთ: სულ პარიზელებმა მეტოქის კარისკენ 25-ჯერ დაარტყეს, აქედან ზუსტი მხოლოდ 4 დარტყმა გამოდგა.

"ერთადერთი, რაც დღეს დაგვაკლდა, იყო გოლი. ზოგადად, ცუდად კი ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან დიდ უპირატესობას ვფლობდით და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი 45 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ.

მოტას გაძევების მომენტი არ დამინახავს, ამიტომ ახლა ვერაფერს გეტყვით.

რაც შეეხება ლუკას მოურას, მან საკმაოდ კარგად ითამაშა და დაგვანახა, რომ ძალიან ნიჭიერი, სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. ნულოვანი ფრის გამო ძალიან დამწუხრებულნ
ი ვართ, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი", - განაცხადა მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ.

მე-20 ტურის პირველი მატჩი "ჟოფრუა გოშარზე" გაიმართა. "სენტ ეტიენმა" და "ტულუზმა" მაყურებელს უხვგოლიანი სანახაობა შესთავაზეს.

საინტერესოა, რომ გოლის ავტორი ოთხი ფეხბურთელიდან სამისთვის ეს ბურთი ამ სეზონში პირველი იყო. იოან მოლომაც თავისი პირველი გოლი გაიტანა, ოღონდ "სენტ ეტიენში", რომლის რიგებშიც ეს მისი დებიუტი იყო. ზოგადად კი, "ნანსიდან" განათხოვრებული ფეხბურთელის ანგარიშზე 4 გოლია. იოლი მისახვედრია, რომ სამი ბურთი მან "ნანსის" შემადგენლობაში გაიტანა.

აუცილებლად უნდა გამოვყოთ ლოიკ პერენი, რომელმაც ლიგა 1-ში თავის გამოჩენა ორწლიანი პაუზის შემდეგ შეძლო და ამ ბურთით "სენტ ეტიენის" 493-წუთიანი მშრალი სერია დაასრულა - "მწვანეებს" ბოლო გოლი 23 ნოემბერს, "ვალანსიენთან" ჩატარებულ მატჩში ჰქონდათ გატანილი.

ძალიან გაუჭირდა "ლიონს", რომელმაც აუტსაიდერ "ტრუას" მაქსიმ გონალონის და სამუელ უმტიტის გოლების წყალობით მოუგო. ამ უკანასკნელმა "ლიონის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. მასპინძელთა მხრიდან კი თავი ბენჟამენ ნივემ გამოიჩინა.

ტურის წინაც აღვნიშნეთ, რომ ეს ფეხბურთელი გოლებს ექსკლუზიურად მხოლოდ "ოლიმპიკებს" უტანს და ვივარაუდეთ, რომ "ლიონს" საფრთხე, პირველ რიგში, სწორედ მისგან უნდა დამუქრებოდა. ჩვენი ვარაუდი გამართლდა და ნივემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა პარტნიორებმა მას მხარი ვერ აუბეს და "ტრუამ" მორიგი მარცხი განიცადა.

შაბათის მატჩებიდან ასევე უნდა გამოვყოთ "ბორდოს" და "მონპელიეს" კარგი თამაში. "ჟირონდელებმა" ზედიზედ ხუთი ფრის და 6-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, როგორც იქნა, გამარჯვება მოიპოვეს. "მონპელიემ" კი ბოლო ხუთ შეხვედრაში მეოთხედ მოიგო და "ლორიანის" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

ჩემპიონის მხრიდან თავი გაეტან შარბონიემ გამოიჩინა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა და ორი გოლი გაიტანა.

კვირას მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა "ნიცამ", რომელიც მართლაც შესანიშნავ ფორმაშია - ზღვისპირელებმა ბოლო 10 მატჩიდან 7 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ერთხელ, ისიც "ლიონთან" წააგეს.

კლოდ პუელის შეგირდებმა "ვალანსიენი" გაანადგურეს და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლეს. მასპინძელთა მხრიდან განსაკუთრებით არგენტინელები გამოირჩნენ - დარიო ცვიტანიჩმა 2 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა, მცველმა რენატო სიველიმ კი გოლს ასევე საგოლე პასი დაუმატა.

სხვათა შორის, ცვიტანიჩის ანგარიშზე უკვე 12 გოლია. აქედან 9 ფორვარდმა ბოლო 9 შეხვედრაში გაიტანა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური
სტ. ეტიენი-ტულუზი 2:2
გოლები: 1:0 პერენი (26), 1:1 დიდო (28), 1:2 ორიე (43), 2:2 მოლო (62).

ტრუა-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 გონალონი (11), 1:1 ნივე (38), 1:2 უმტიტი (75).

ნანსი-ლილი 2:2
გოლები: 0:1 რუ (1), 1:1 გრანჟი (21), 1:2 პაიე (32), 2:2 აიასი (82).

ევიანი-ბრესტი 0:2
გოლები: 0:1 ბენ ბასატი (15-პენ), 0:2 გრუჟი (90).

მონპელიე-ლორიანი 2:0
გოლები: 1:0 შარბონიე (79), 2:0 შარბონიე (90).

რენი-ბორდო 0:2
გოლები: 0:1 გუფრანი (57), 0:2 საივე (66).

რეიმსი-ბასტია 1:2
გოლები: 0:1 ილანი (21), 0:2 ტოვენი (48), 1:2 კურტე (63).

ნიცა-ვალანსიენი 5:0
გოლები: 1:0 ცვიტანიჩი (45), 2:0 სიველი (59), 3:0 ეისერიკი (64), 4:0 ცვიტანიჩი (79), 5:0 დიგარი (87).

სოშო-მარსელი 3:1

პსჟ-აიაჩო 0:0

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

ბომბარდირები: 18 - იბრაჰიმოვიჩი (პარი-სენ-ჟერმენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა); 11 - გომისი (ლიონი); 9 - ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია); 8 - ობამეიანი (სენტ ეტიენი), ფერე (რენი), ბენ ბასატი (ბრესტი), გუფრანი (ბორდო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული