ლიგა 1. XXIX ტური: პსჟ-ს მოსაგებად იბრაჰიმოვიჩის გოლი არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მორიგი ტური მოულოდნელი შედეგით დაიწყო და შაბათსაც სენსაციური შედეგებით გაგრძელდა.

პარასკევს მარსელის "ოლიმპიკმა" საკუთარ მოედანზე "აიაჩოს" ვერ მოუგო და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ელი ბოპის გუნდი უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ შესანიშნავად ირჯებოდა სტუმართა კიპერი გილერმო ოჩოა, რომელმაც რამდენიმე "მკვდარი ბურთი" მოიგერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე ტაიმის ეპიზოდი, როდესაც მექსიკელმა კიპერმა მოდუ სუგუს არ გაატანინა. პირველ ტაიმში თავის გამოჩენა ჯორდან აიუს და ანდრე-პიერ ჟინიაკსაც შეეძლოთ, მაგრამ "აიაჩოს" მეკარეს მათაც ვერ აჯობეს. საბოლოოდ, 0:0 და მარსელში ჩემპიონობაზე უკვე აღარ ფიქრობენ.

ვერ
მოიგო მეორე "ოლიმპიკმაც"; მეტიც, "ლიონი" დამარცხდა, თანაც დიდი ანგარიშით. აღსანიშნავია, რომ ორივე "ოლიმპიკი" კორსიკულმა გუნდებმა გაამწარეს – თუ "მარსელს" ქულები "აიაჩომ" აართვა, "ლიონი" "ბასტიამ" გაანადგურა. არადა, პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე დაწინაურება "ბასტიამ" ფლორან ტოვენის გოლის წყალობით მოახერხა. 20 წლის უნიჭიერესმა ფეხბურთელმა, რომლის შეძენაც იანვარში "ნიუკასლს" სურდა, მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და ამ სეზონში მის ანგარიშზე უკვე 5 ბურთია.

"ოლიმპიკების" ასეთი ცუდი თამაში (ორივეს ბოლო 4 ტურში მხოლოდ ერთი მოგება აქვს) "პარი სენ ჟერმენის" წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც საჩემპიონო რბოლაში ისედაც ფავორიტი იყო, მეტოქეების ასეთი ჩავარდნის ფონზე კი პარიზელთა შანსები უფრო იზრდება.

როგორც აღვნიშნეთ, შაბათს არანაკლებ მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა, ვიდრე პარასკევს. "ლიონის" განადგურებაზე უკვე ვთქვით. გარდა ამისა, საკუთარ მოედანზე ვერ მოიგო "მონპელიემ", რომელმაც "ტრუა" ვერ დაამარცხა; შესანიშნავ ფორმაში მყოფმა "ლილმა" კი სამი ქულა სტუმრად ჩასულ "ევიანს" გაატანა, რაშიც მთავარი დამნაშავე სალომონ კალუ იყო...

თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით და ჯერ "მონპელიეზე" ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, რენე ჟირარს ძალიან ბევრი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული, მაგრამ "ტრუასთან" ფავორიტი მაინც მასპინძელი იყო.

მატჩი ლოგიკურად დაიწყო და მე-8 წუთზე ანგარიში გაეტან შარბონიემ გახსნა, რის შემდეგაც მასპინძლებმა მოუკლეს და მეორე ტაიმის დებიუტში დაისაჯნენ კიდეც – 51-ე წუთზე კორენტენ ჟანმა ანგარიში გაათანაბრა. 17 წლის ფეხბურთელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა (წინა ტურში მან დუბლი შეასრულა) და საკუთარი გუნდს ქულა მოუტანა.

"ლილის" და "ევიანის" დაპირისპირების მთავარი მოქმედი პირი სალომონ კალუ გახდა – კოტდივუარელმა ფეხბურთელმა მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა და "ძაღლები" დააწინაურა. "ევიანმა", რომელმაც წინა ტურში "სოშოს" 5:1 მოუგო, გათანაბრება 30-ე წუთზე მოახერხა და საბოლოოდ ტაიმი ასეც დასრულდა.

აი, მეორე ტაიმი უკვე კალუს ბენეფისად იქცა. სტუმართა ერთ-ერთი იშვიათი შეტევა გოლით დასრულდა, რომელიც საკუთარ კარში სწორედ კალუმ გაიტანა, რამდენიმე წუთში კი მან დიმიტრი პაიეს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი შეასრულა და კარს ააცილა.

მოკლედ, 27 წლის ფორვარდმა წითელი ბარათი არ მიიღო, თორემ სხვა მხრივ, პრაქტიკულად, ყველაფერი გააკეთა (გაიტანა გოლი, გაიტანა ავტოგოლი და ვერ გამოიყენა პენალტი).

ამ მარცხით შეწყდა "ლილის" 5-მატჩიანი მოგებათა სერია, რის გამოც გუნდი კვლავ მე-6 ადგილზეა. არადა, გამარჯვების შემთხვევაში, რუდი გარსიას გუნდი "მარსელთან" ჩამორჩენას 2 ქულამდე დაიყვანდა.

თავისი მატჩები წააგეს "რენმაც" და "ნიცამაც". პირველი "რეიმსთან" დამარცხდა, მეორე კი "ნანსისთან". ფრედერიკ ანტონეტის "რენს" უკვე 5 მატჩია, არ მოუგია, რის გამოც ეს გუნდი უკვე მე-10 ადგილამდე ჩამოქვეითდა. "რენის" ასეთი ჩავარდნა "ლილთან" შეხვედრის შემდეგ დაიწყო. იმ მატჩში ტრავმა მიიღო რომენ ალესანდრინიმ. ჩვენი მაშინდელი ვარაუდი გამართლდა და ანტონეტის გუნდს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ძალიან უჭირს.

წაგებებს მოუხშირა "ნიცამ" – კლოდ პუელის გუნდმა ბოლო სამ შეხვედრაში მეორე წააგო, არადა, მანამდე ჩატარებულ 16 შეხვედრაში მხოლოდ ორი წაგება ჰქონდა.

სხვათა შორის, ეს 16-მატჩიანი სერია (პირველი 8 მატჩი "ნიცამ" არ წააგო) სწორედ "ნანსისთან", პირველი წრის შეხვედრაში დაიწყო - მაშინ მამანე ტრაორეს და ერიკ ბოტეაკის გოლებით "ნიცამ" 2:1 მოიგო. ამჯერად "ნანსიმ" რევანში აიღო და ჯამელ ბაკარის გოლით 1:0 მოიგო.

ლიგა 1. XXIX ტური

მარსელი-აიაჩო 0:0

ბასტია-ლიონი 4:1
გოლები: 1:0 ტოვენი (45), 1:1 ლისანდრო ლოპესი (54), 2:1 მოდესტი (56), 3:1 ტოვენი (61), 4:1 ხაზრი (87).

ლორიანი-ბრესტი 4:0
გოლები: 1:0 კერსია (3), 2:0 ჟუფრე (8), 3:0 ლაუტოა (39), 4:0 სუნუ (81).

სოშო-ვალანსიენი 1:1
გოლები: 1:0 ბუდებუზი (8), 1:1 ნგეტე (82).

ლილი-ევიანი 1:2
გოლები: 1:0 ს. კალუ (7), 1:1 ხელიფა (30), 1:2 ს. კალუ (67-საკ. კარში).

მონპელიე-ტრუა 1:1
გოლები: 1:0 შარბონიე (8), 1:1 ჟანი (51).

რეიმსი-რენი 1:0
გოლი: 1:0 მ. ფოფანა (32).

ნანსი-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 ბაკარი (23).

ტულუზი-ბორდო 0:0

სენტ ეტიენი-პსჟ 2:2
გოლები: 0:1 პასტორე (9), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (18), 1:2 ალექსი (37 ს.კ.), 2:2 კლერი (72)

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 25 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 16 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 – ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 – ალიადიერი (ლორიანი).

VideoSportall.Ge
17.03.13 სენტ ეტიენი - პსჟ 2:2


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული