რატომ არ სჭირდება პსჟ-ს არსენ ვენგერი

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალში" 17 წლის მუშაობის განმავლობაში არსენ ვენგერის მდგომარეობა ასეთი რთული არასოდეს ყოფილა. მიზეზებზე ბევრჯერ დაგვიწერია და ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ. ინგლისური პრესა ფრანგ სპეციალისტს აკრიტიკებს და "მეთოფეთა" დატოვებას უწინასწარმეტყველებს. ყველაზე ხშირად ჩვენი ინგლისელი კოლეგები ვენგერს პსჟ-ში "ნიშნავენ".

მართალია, ვენგერს დედაქალაქური გრანდი ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულად გაჰყავს, მაგრამ 2005 წლის ასოციაციის თასის შემდეგ (ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" პენალტების სერიაში 5:4 დამარცხდა) აღარაფერი მოუგია. ფინანსური თვალსაზრისით, "არსენალი" ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია. მართალია, ამ მხრივ ის "ჩელსის", "სიტისა" და "იუნაიტედს" კონკურენციას ვერ უწევს,
მაგრამ უეფას ფინანსური ფეარ პლეის წესები მათ შანსებს მეტ-ნაკლებად გაათანაბრებს.

იქამდე კი ჩრდილოლონდონელები წლების განმავლობაში ყიდიან გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებს, რაც გულშემატკივართა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს. ამას გარდა, კლუბი "ემირიტსზე" ლამის ყოველ წელს უმატებს ბილეთებისა და აბონემენტების ფასს. ტიტულების რვაწლიანი უშედეგო ლოდინი გულშემატკივართა ნაწილს უკვე პესიმისტურად განაწყობს, რომ ვენგერს ჯერ კიდევ შეუძლია წარმატებების მიღწევა.

რატომ აიკვიატეს ინგლისურმა ვებგვერდებმა "პარი სენ-ჟერმენი"?

ვერაფერს გეტყვით, შესაძლოა, პარიზში ვენგერისადმი ინტერესი მართლა ჰქონდეთ, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ვენგერის გადაბარგებას "პარკ დე პრენსზე". არსენი ლონდონში გატარებული 17 წლის განმავლობაში შეეჩვია, რომ ის მარტო მთავარი მწვრთნელი კი არა, გუნდის მენეჯერიც არის. ის ერთპიროვნულად განსაზღვრავს სატრანსფერო პოლიტიკას და იმასაც კი, უღირს თუ არა კლუბს კონკრეტული თანხის გადახდა ფეხბურთელში. ერთი სიტყვით, მის ხელში ძალიან დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი.

აი, პსჟ-ში კი მას ისეთი ოდიოზური ფიგურა დახვდება, როგორიც ლეონარდოა. ბრაზილიელს უკვე დიდი ხანია, შემუშავებული აქვს გუნდის განვითარების საკუთარი გეგმა, რომელიც ვენგერს შეიძლება მოეწონოს და შეიძლება დაუფიქრებლად ნაგავში მოისროლოს.

პარიზში ვენგერს არავინ დააცდის გუნდის მისებურად მოთვინიერებასა და ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდას, რადგან "ლურჯ-წითელ ბრენდს" ჰაერივით სჭირდება ტიტულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი იანვარშიც გეგმავდა, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული