ლიგა 1. XXXII ტურის წინ: "მარსელს" მძიმე გამოცდა ელის

AutoSharing Option
32-ე ტურის ცენტრალური მატჩი ლილში გაიმართება, სადაც შესანიშნავ ფორმაში მყოფი რუდი გარსიას კრებული, მეორე ადგილზე გადასულ "მარსელს" უმაპინძლებს. "ძაღლები" მართლაც ბრწყინვალედ თამაშობენ - ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგეს და უკვე მე-5 ადგილზე არიან. ამაზე მნიშვნელოვანია ის, რომ "ლილი" უკვე რეალურად იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. აუგი არ ითქმის "მარსელზეც", ვისაც უკვე ხუთი მატჩია არ წაუგია.

მასპინძლებს განსაკუთრებული დანაკლისი არ აქვთ. აი, სტუმართა რიგებში საეჭვოა მატიო ვალბუენას და მოდუ სუგუს თამაში. ასევე ტრავმა აწუხებდა ჯოი ბარტონს, თუმცა ინგლისელმა ვარჯიში უკვე განაახლა. ასევე
მწყობრში არიან ანდრე აიუ და ნიკოლას ნკულუ, რომლებმაც წესით თამაში უნდა შეძლონ. როგორც წესი, ამ გუნდების მატჩები უხვგოლიანი გამოდის და თუ მხარეების სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ, მოსაწყენად ვერც ამჯერად უნდა მოვიცალოთ.

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილი და დამწუხრებული "პარი სენ ჟერმენი" "ტრუას" ხვდება და ხასიათის გამოკეთებას აუტსაიდერთან ეცდება. "ტრუა" ბოლო ადგილზეა და მე-17 ადგილზე მყოფ "ევიანს" უკვე 6 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს დისკვალიფიცირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ეყოლებათ, ამ შეხვედრის ფავორიტი აშკარად კარლო ანჩელოტის გუნდია. პირველ წრეში პსჟ-მ 4:0 მოიგო და საერთოდ, პარიზელებს მომავალ მეტოქესთან ბოლო 8 თამაშია არ წაუგიათ (6 მოგება და 2 ფრე). თუ პსჟ-მ თავის მატჩი მოიგო, ხოლო "მარსელი" ლილში დამარცხდა, პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ინტრიგა საბოლოოდ მოკვდება.

საშინელ ფორმაში მყოფი "ლიონი", რომელსაც უკვე ხუთი მატჩია არ მოუგია და ბოლო სამ შეხვედრაში საერთოდ დამარცხდა, ამ ტურში "ტულუზს" მასპინძლობს, ვისთანაც ბოლო ორი მატჩი 0:3 აქვს წაგებული, თუმცა ორივე ეს მატჩი ტულუზში გაიმართა. აი, "სტად ჟერლანზე" "ლიონს" "ტულუზთან" 47 წელია არ წაუგია! 1966 წლიდან მოყოლებული, ამ გუნდებმა ლიონში 19 მატჩი გამართეს, აქედან 14 "ლიონმა" მოიგო, 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

სტუმრებს არ ეყოლებათ ძირითადი კიპერი ალი აჰამადა, რომელმაც წინა ტურში ("ნიცასთან") წითელი ბარათი მიიღო. ასევე საეჭვოა ერთ-ერთი ლიდერის, ედენ ბენ ბასატის თამაში, რომელიც ტრავმირებულია. "ლიონის", დისკვალიფიკაციის გამო, სტიდ მალბრანკი და მილან ბიშევაცი დააკლდება.

ორი ე.წ. 6-ქულიანი მატჩი გაიმართება ცხრილის ქვედა ნაწილში: "აიაჩო" "ნანსის" უმასპინძლებს, ხოლო "ბრესტი" "რეიმსს" შეხვდება. "ნანსიმ" ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო და თუ ასე გააგრძელა, პატრიკ გაბრიელის გუნდი მალე ადგილს ცხრილის შუაში დაიკავებს.

ლიგა 1. XXXII ტური

ვალანსიენი-სტ. ეტიენი 0:0

13 აპრილი
ტრუა-პსჟ 19:00
აიაჩო-ნანსი 22:00
ევიანი-რენი 22:00
ლორიანი-ბასტია 22:00
ბორდო-მონპელიე 22:00
ბრესტი-რეიმსი 22:00

14 აპრილი
ნიცა-სოშო 16:00
ლიონი-ტულუზი 19:00
ლილი-მარსელი 23:00

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა

ბომბარდირები: 26 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 17 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 13 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 12 - ალიადიერი (ლორიანი); 11 - ბენ იედერი (ტულუზი), ჟინიაკი (მარსელი), მოდესტი (ბასტია), პაიე (ლილი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული