ლიგა 1. XXXII ტური: პსჟ-ის დიდი ნაბიჯი ტიტულისკენ [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენმა" ხასიათი გამოიკეთა და ლიგა 1-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

კარლო ანჩელოტის გუნდი "ტრუას" ეწვია და ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს მინიმალური სხვაობით მოუგო. სტუმრებს დისკვალიფიცირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ჰყავდათ, მაგრამ ამას დიდად არ უმოქმედია.

ერთადერთი გოლი ბლეზ მატუიდიმ გაიტანა, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ შედეგიანად ათამაშდა - 26 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონატში მე-4 (პირადი რეკორდი), ყველა ტურნირზე კი მე-7 გოლი გაიტანა.

პარიზელებს სეზონის საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებიათ, მაგრამ ანჩელოტი მაინც კმაყოფილი იყო:

"ტიტულისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. მთავარია,
კონცენტრაცია არ დავკარგოთ და ჩემპიონობა რაც შეიძლება, მალე გავინაღდოთ. გარდა ამისა, საფრანგეთის თასზეც ვთამაშობთ. ასე რომ, წინ კიდევ გვაქვს მნიშვნელოვანი თამაშები. დღეს საკმაოდ კარგ შედეგს მივაღწიეთ, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია, რაც გასაკვირი არც არის, რადგან ჩემპიონთა ლიგის შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატზე გადმორთვა საკმაოდ რთულია,
" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

32-ე ტური პარასკევს ვალანსიენში დაიწყო, სადაც სტუმრად "სენტ ეტიენი" ჩავიდა და შინ ქულით დაბრუნდა.

ამ სეზონში, როგორც "ვალანსიენის", ასევე "სენტ ეტიენის" მატჩებში საშუალოდ თითქმის სამი გოლი გადის, მაგრამ ამ ორმა გუნდმა ურთიერთშეხვედრებში მხოლოდ ერთი ბურთი გაიტანა, ისიც პირველ წრეში, როცა "მწვანეებმა" შინ 1:0 მოიგეს (ამუმას გოლით).

ამჯერად კრისტოფ გალტიეს გუნდი უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მასპინძლების კარის აღება ვერ მოახერხა და მხოლოდ ქულით დაკმაყოფილდა.

ყველაზე მხიარული გუნდი
საფრანგეთის ყველაზე მხიარული გუნდის სტატუსს ინარჩუნებს "ლორიანი". კრისტიან გურკუფის გუნდი ბევრს იტანს და ბევრსაც უშვებს.

წინა ტურში "ლორიანმა" ლილში 0:5 წააგო, ამჯერად კი კარგ ფორმაში მყოფი "ბასტია" მიიღო და კუდით ქვა ასროლინა. მასპინძლების მხრიდან ორი გოლი ჟერემი ალიადიერმა გაიტანა, ვის ანგარიშზეც უკვე 14 გოლია.

კორსიკელებს ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდათ მოგებული და როდესაც ანტონი მოდესტმა სხვაობა შეამცირა, ბევრმა იფიქრა, რომ როტენი და კომპანია გათანაბრებასაც მოახერხებდნენ, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ გაილაღა ალიადიერმა.

ამჯერად თავი არაფრით გამოუჩენია ფლორიან ტოვენს, არადა, "ლილის" საკუთრებაში მყოფმა 20 წლის ნახევარმცველმა წინა სამ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

უჩვეულო ბორდო
საერთოდ, შაბათი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. "ბორდომ" "მონპელიეს" კარში ოთხი გოლი გაიტანა, საკუთარში ორი მიიღო და საბოლოოდ, 4:2 მოიგო. ოთხი ბურთი "ბორდომ" უკანასკნელად წინა ჩემპიონატის 36-ე ტურში, "ოსერთან" გაიტანა.

სხვათა შორის, იმ შეხვედრაში გოლები ლუდოვიკ სანემ, იოან გუფრანმა და იაროსლავ პლაშილმა გაიტანეს. გუფრანი უკვე "ნიუკასლის" წევრია, აი, სანე და პლაშილი კვლავ "ბორდოში" არიან და მათ თავი შაბათსაც გამოიჩინეს.

სხვათა შორის, ლუდოვიკ სანეს ამ სეზონში გოლი გატანილი არ ჰქონდა და მისი ბოლო შედეგიანი დარტყმა სწორედ წინა ჩემპიონატის 36-ე ტურით თარიღდებოდა. მოკლედ, თუ 26 წლის მცველი გოლს იტანს, მეტოქეს შეუძლია წინასწარ დანებდეს, რადგან 4 გოლის გაშვება გარანტირებული აქვს.

4:2 დასრულდა "ევიანის" და "რენის" მატჩიც. "რენმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, "ევიანმა" კი გასავარდნი ზონა დატოვა, სადაც ბოლო დროს კარგად ათამაშებული "ნანსი" ჩაეშვა.

პატრიკ გაბრიელის
გუნდმა, ზედიზედ მოგებული სამი მატჩის შემდეგ, მეოთხე გამარჯვების მოპოვება ვეღარ მოახერხა და კორსიკიდან ქულა წამოიღო.

ლიგა 1. XXXII ტური
ვალანსიენი-სტ. ეტიენი 0:0

ტრუა-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 მატუიდი (65).

VideoSportall.Ge
13.04.13. ტრუა - პსჟ 0:1


აიაჩო-ნანსი 1:1
გოლები: 0:1 ალოო ეფულუ (5), 1:1 მოსტეფა (7).

ევიანი-რენი 4:2
გოლები: 1:0 კანა-ბიიკი (2-ს. კ.), 1:1 ფერე (22), 2:1 ბერიგო (34), 2:2 ბოიე (69), 3:2 ნინკოვიჩი (79), 4:2 საგბო (83).

ლორიანი-ბასტია 4:1
გოლები: 1:0 ჟუფრე (45), 2:0 კორნე (55), 2:1 მოდესტი (59), 3:1 ალიადიერი (75), 4:1 ალიადიერი (83).

ბორდო-მონპელიე 4:2
გოლები: 1:0 სანე (11), 2:0 დიაბატე (24), 3:0 პლაშილი (26), 3:1 კაბელია (45), 4:1 საივე (54), 4:2 სტამბული (90).

ბრესტი-რეიმსი 0:2
გოლები: 0:1 ფოვერგი (28), 0:2 დიეგო (77).

ნიცა-სოშო 3:0
გოლები: 1:0 მ. ტრაორე (51), 2:0 დიგარი (59), 3:0 ცვიტანიჩი (84)

ლიონი-ტულუზი 3:1
გოლები: 1:0 გრენიე (8), 1:1 ბენ იედერი (28), 2:1 ბ. კონე (49), 3:1 გომისი (63)

ლილი-მარსელი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა

ბომბარდირები: 26 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 17 - პიერ ობამეიანი (სენტ ეტიენი); 14 - ჟერემი ალიადიერი (ლორიანი); 14 - დარიო ცვიტანიჩი (ნიცა); 13 - ბაფეტიმბი გომისი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სალვატორე სირიგუ: სამი ქულა კარგია, მაგრამ თამაში უნდა გავაუმჯობესოთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული