"სენტ ეტიენის" წლის პირველი მარცხი

AutoSharing Option
სამშაბათს საფრანგეთის თასის ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. ლიგა 1-ში მე-20 ადგილზე მყოფმა "ტრუამ" ბოლო დროს გამოცოცხლებულ "ნანსის" უმასპინძლა და კუდით ქვა ასროლინა, ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა და ლიგის თასის ფინალში გასულმა "სენტ ეტიენმა" კი "ლორიანი" მიიღო და 2013 წელს პირველი მარცხი განიცადა.

"ჟოფრუა გიშარზე" ყველა დამატებითი დროის მოლოდინში იყო, როდესაც 93-ე წუთზე ჟერემი ალიადიერმა ბურთს თავი დაჰკრა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. "არსენალის" ყოფილმა ფორვარდმა სეზონში (ყველა ტურნირზე) მე-18 გოლი შეაგდო და "ლორიანს" ისტორიაში თასის მეორედ მოგების შანსი დაუტოვა. პირველად ამ ტურნირზე
ბრეტანელებმა 2002 წელს იმარჯვეს. გაცილებით დიდი ხანია არაფერი მოუგია "სენტ ეტიენს" - "მწვანეებმა" თასი ბოლოს 1977 წელს მოიგეს, ხოლო ბოლო ტიტული 1981 წელს მოიპოვეს, როდესაც მეათედ გახდნენ საფრანგეთის ჩემპიონები.

ტიტულის მოგების შანსი კრისტოფ გალტიეს გუნდს რამდენიმე დღეში ექნება - შაბათს "სენ დენიზე" ლიგის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც "სენტ ეტიენი" "რენს" დაუპირისპირდება.

"ლორიანთან" შეხვედრაში კი მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში ბევრი მომენტი ვერ შექმნეს, ხოლო 44-ე წუთზე გოლი აქეთ გაუშვეს. ამის შემდეგ მეორე ნახევარში მოედანზე პიერ-ემერიკ ობამეიანი გამოჩნდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა რენო კოადის პასით ანგარიში გაათანაბრა. ბოლო წუთებში განვითარებულ მოვლენებზე კი დასაწყისში ვისაუბრეთ.

"ტრუას" და "ნანსის" შეხვედრაზე სათქმელი ბევრი არაფერია. მასპინძელმა მეტოქეს აშკარად აჯობა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ანგარიში ვეტერანმა ჟერემი ბრეშემ გახსნა, რასაც გუნდის ორი ლიდერის, ჟულიენ ფოსურიეს და ფაბიენ კამიუს გოლები მოჰყვა.

დარჩენილი ორი მეოთხედფინალი ("ლანსი"-"ბორდო" და "ევიანი"-პსჟ) 17 აპრილს, ღამით გაიმართა. ანგარიშების ნახვა 18 აპრილის ნომერში შეგიძლიათ, დაწვრილებით კი ამ თამაშებზე ხვალ, 19 აპრილს ვისაუბროთ.

საფრანგეთის თასი. 1/4-ფინალი

ტრუა-ნანსი 3:0
გოლები: 1:0 ბრეშე (52), 2:0 ფოსურიე (75), 3:0 კამიუ (81).

სტ. ეტიენი-ლორიანი 1:2
გოლები: 0:1 ბარტელმი (44), 1:1 ობამეიანი (75), 1:2 ალიადიერი (90).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული