ლიგა 1. XXXV ტურის წინ: ჩემპიონობა 19 წლის შემდეგ

AutoSharing Option
ამ ტურის მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა, "პარი სენ ჟერმენის" შესაძლო გაჩემპიონებაა.

პარიზელები კვირას "ვალანსიენს" ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვენებენ.

მართალია, თუ "მარსელმაც" იმარჯვა, სხვაობა კვლავ 9 ქულა იქნება, მაგრამ გადახედეთ ორივე გუნდის ბურთების სხვაობას და მიხვდებით, რომ "მარსელი" პსჟ-ს ქულებით უფრო დაეწევა, ვიდრე ამ კომპონენტში გაუთანაბრდება.

პოტენციურად საჩემპიონო მატჩის წინ კარლო ანჩელოტის სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს სალვატორე სირიგუმ და მარკო ვერატიმ, ვინც "ევიანთან" შეხვედრაში (სირიგუ მატჩის შემდეგ) გააძევეს.

ასევე არ ითამაშებენ იმავე მატჩში გაძევებული
დევიდ ბექჰემი
და ტიაგო მოტა, რომელიც ასევე "ევიანთან" გააძევეს, ოღონდ სათასო შეხვედრაში.

"ვალანსიენს" გრეგორი პუჟოლის და ანტონი ლე ტალეკის სახით ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლია. გარდა ამისა, დანიელ სანჩესის გუნდი ცხრილის შუაში იმყოფება და მას გავარდნა არ ემუქრება. ვნახოთ, კარგად იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტორი სტუმარ გუნდზე.

ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
"სენტ ეტიენმა" თავისი მატჩი 3 მაისს ჩაატარა, მისი სხვა კონკურენტები ითამაშებენ.

მეორე ადგილზე მყოფი "მარსელი" საკუთარ მოედანზე "ბასტიას" მასპინძლობს. "ოლიმპიკი" მშვენიერ ფორმაშია. ელი ბოპის გუნდს 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ხოლო სტივ მანდანდას გოლი აგერ უკვე 650 წუთია არ გაუშვია.

"მარსელის" კარში უკანასკნელი გოლი ორი თვის წინ გავიდა, როდესაც პროვანსელებს "ტრუას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა, მარკოსმა გაუტანა. მასპინძლები მხოლოდ ამ ფაქტორების გამო უნდა მიგვეჩნია ფავორიტად, მაგრამ თუ აწმყოს წარსულსაც მივამატებთ, ვნახავთ, რომ "ბასტია" მარსელში მაინც და მაინც კარგად ვერ თამაშობს.

1966 წლიდან მოყოლებული, გუნდებმა "ველოდროზე" 23 შეხვედრა გამართეს, აქედან 18 "მარსელმა" მოიგო, 4 ფრედ დასრულდა და მხოლოდ ერთხელ, 1972 წელს შეძლო "ბასტიამ" გამარჯვების მოპოვება.

"მარსელის" უახლოესი მდევარი "ლიონი", ბოლო დროს გონსმოგებულ "ნანსის" სტუმრობს. პატრიკ გაბრიელის გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. ასეთი დამაჯერებელი ასპარეზობის წყალობით, გუნდი ბოლო ადგილს მოშორდა, თუმცა დამშვიდებამდე ჯერ ძალიან ადრეა, რადგან "ნანსი" გასავარდნ ზონაში მყოფ "სოშოს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

"ნანსის" შემდეგ, "ლიონი" პსჟ-ს მასპინძლობს, მერე კი "ნიცას" და "რენს" ხვდება. როგორც ხედავთ, რემი გარდის გუნდს საკმაოდ რთული კალენდარი აქვს და სულაც არ არის გამორიცხული, რომ "ოლიმპიკი" ზედიზედ მეორედ დარჩეს ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა. "სტად ჟერლანის" ბინადრებს ერთი სერიოზული დანაკლისი აქვთ - ძირითადმა მეკარემ, რემი ვერკუტრმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მისთვის ეს სეზონი დასრულებულია.

მესამე ადგილის მოსურნე კიდევ ორი გუნდი, "ლილი" და "ნიცა" ამ ტურში სტუმრად თამაშობენ. "ლილმა" ბოლო 11 მატჩში 8 გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად კი 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რომლის გაგრძელებასაც უმოტივაციო "ტულუზთან" ეცდება.

"ნიცა" კი ეთამაშება "რენს", ვინც წინა ტურში 2-თვიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ხასიათი ოდნავ გამოიკეთა, თუმცა "ტულუზის" არ იყოს, დიდი სატურნირო მოტივაცია არც ფრედერიკ ანტონეტის სამწყსოს აქვს.

ბრძოლა გადარჩენისთვის
ცხრილის ქვედა ნაწილის ბინადრებს შორის რამდენიმე საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს. "ტრუა", რომელიც ბოლო ადგილზეა, მე-17 პოზიციაზე მყოფ "ევიანს" მასპინძლობს და თუ ვერ მოიგო, უმაღლეს ლიგაში დარჩენის ყველანაირ შანსს დაკარგავს.

არანაკლებ საინტერესოა "რეიმსის" და "აიაჩოს" დაპირისპირება. ეს გუნდები გასავარდნ ზონაში მყოფ "სოშოს" 4 ქულით უსწრებენ და ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ. თავად "სოშო" კი "ლორიანს" დაუხვდება და შინ 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებას ეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ "ტრუაზე" ერთით მეტი ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა, "ბრესტი" განწირულად უნდა მივიჩნოთ, რადგან გუნდი კატასტროფულად ცუდ ფორმაშია. თავად განსაჯეთ: ამ გუნდმა უკანასკნელი 7 შეხვედრა წააგო და ამ პერიოდში მეტოქეთა კარში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, საკუთარში კი 16 მიიღო.

ამ ტურში "ბრესტი" "მონპელიეს" ესტუმრება, რომელსაც, თავის მხრივ, ზედიზედ სამი მატჩი აქვს წაგებული და ამ სერიის დასასრულებლად უკეთეს მეტოქეს ნამდვილად ვერ ინატრებდა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXV ტური
3 მაისი
სტ. ეტიენი-ბორდო 0:0

4 მაისი
მარსელი-ბასტია 19:00
ტრუა-ევიანი 22:00
სოშო-ლორიანი 22:00
მონპელიე-ბრესტი 22:00
რეიმსი-აიაჩო 22:00
ტულუზი-ლილი 22:00

5 მაისი
რენი-ნიცა 16:00
ნანსი-ლიონი 19:00
პსჟ-ვალანსიენი 23:00

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

შენიშვნა: "აიაჩოს" - 2 ქულა
ბომბარდირები: 27 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 19 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 15 - ალიადიერი (ლორიანი), ცვიტანიჩი (ნიცა); 14 - გომისი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული