"ევიანი" საფრანგეთის თასის ფინალშია

AutoSharing Option
საფრანგეთში თასის ერთი ფინალისტი გაირკვა. "ევიანმა", რომელმაც შეხვედრის დაწყებამდე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, სედრიკ ბარბოსა სეზონის ბოლომდე დაკარგა, "ლორიანს" უმასპინძლა და კრისტიან გურკუფის გუნდი მიწასთან გაასწორა.

ეს შედეგი მოულოდნელი იყო, თუნდაც იმის გამო, რომ მასპინძლები ჩემპიონატში ძალიან ცუდად თამაშობენ და ამ მომენტისთვის მე-18 ადგილზე არიან. უკანასკნელი 5 მატჩიდან "ევიანს" 4 ჰქონდა წაგებული და ამ შეხვედრაშიც აუტსაიდერად მოჩანდა, მაგრამ პასკალ დუპრაზმა შეგირდები თავიდანვე კარგად "დაქოქა" და საკუთარი გულშემატკივრების გასახარად, "ალპელებმა" მატჩი საოცრად კარგად დაიწყეს და 33 წუთში ფინალისტის ვინაობაც გაარკვიეს.

მატჩის გმირებად
დივუარელები, იანიკ საგბო და ერიკ ტიე ბი უნდა დავასახელოთ. პირველმა აქტივში გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა, ტიე ბიმ კი თავი ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ბრეტანელებს აბსოლუტურად არაფერი გამოსდიოდათ და როდესაც მე-60 წუთზე ტრავმის გამო მოედანი ჟერემი ალიადიერმა დატოვა, ყველაფერი გასაგები გახდა.

"ევიანს", რომელიც 2007 წელს არის დაარსებული, რა გასაკვირია და, აქამდე არაფერი მოუგია. გუნდი საფრანგეთის თასის ფინალში პირველად გავიდა და მეტოქის ვინაობას 14 მაისს შეიტყობს, როდესაც ჩემპიონატის კიდევ ერთი აუტსაიდერი "ტრუა" "ბორდოს" უმასპინძლებს. ეს მატჩი 7 მაისს უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდობის გამო ერთი კვირით გადაიდო.

ევიანი-ლორიანი 4:0
გოლები: 1:0 ნინკოვიჩი (10), 2:0 საგბო (20), 3:0 ბერიგო (33), 4:0 ბაუია (80).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პარიზელთა სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული