საფრანგეთი. ლიგა 1. V ტურის წინ: "მონაკო", კოჭი, ბოდმერი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ მატჩებში ყოფილი საბჭოეთი მოიარა - თბილისური მწარეს შემდეგ (0:0) მინსკური ტკბილი (4:2) ჭამა, მე-2 ადგილი დაიბევა (თუმცა არა პლეი ოფი) და ფრანგული საფეხბურთო სამყარო ლიგა 1-ს მიუბრუნდა - 13 სექტემბერს იქ მე-5 ტური დაიწყო...

ოთხი ტურის შემდეგ საფრანგეთში უდანაკარგო აღარავინაა, ხოლო სტარტი საუკეთსო კლაუდიო რანიერის "მონაკოს" გამოუვიდა - 10 ქულა და მხოლოდ 2 გაშვებული ბურთი.

15 სექტემბერს ფინანსურად მომძლავრებული "მონაკო" "ლორიანს" მასპინძლობს, რომელსაც 6 ქულა აქვს.

ტურის წინ იტალიელი სპეციალისტი უკვე ხმამაღლა აცხადებს გუნდის პრიორიტეტებს -
პოდიუმი და თუ ყველაფერი კარგად იქნა, ჩემპიონობისათვის გაბრძოლებაც.

რატომაც არა, როცა ასობით მილიონს ხარჯავ მეგა-ვარსკვლავებზე.

მართალია, "მონაკოს" კარგ სტარტს ბევრი ელოდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბომბარდირთა დავაში მისი 23 წლის ფორვარდი ემანუელ რივიერი დაწინაურდებოდა (5 გოლით) და არა (სიტყვაზე) მისი კოლუმბიელი თანაგუნდელი რადამელ ფალკაო.

"მონაკომ" რივიე 6 მილიონ ევროდ "ტულუზისგან" შეიძინა, ფალკაოში კი 61 მილიონი გადაიხადა.

ამ წარმატებულ სტარტს რივიერი "მონაკოს" ექიმებს უმადლის. საქმე იმაშია, რომ ფორვარდი კოჭის ქრონიკული ტრავმის გამო ვერ ახერხებდა თავის გამოჩენას, ამ სეზონში კი ყველაფერი კარგადაა:

"2 წლის პაუზის შემდეგ პირველად გავიარე სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდი. "მონაკოს" ექიმებმა კარგად დამიფიქსირეს კოჭი და ახლა 100%-ით მზად ვარ. ადრე კი ტკივილით ვთამაშობდი", - განაცხადა რივიერმა.

30 წლის მატიო ბოდმერი ყოფილ მწვრთნელს, კლოდ პუელს "ნიცაში" შეუერთდა. პსჟ-ში მან ახალგაზრდების კონკურენციას ვერ გაუძლო, ბოლო სეზონში "სენტ ეტიენში" იჯარით ითამაშა და ახლა ცდილობს კარიერა "ნიცაში" აიწყოს.

ბოდმერი "ნიცამ" 13 სექტემბერს წარადგინა და ეს ისტორიაც ამიტომ მოვყევით. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის უკვე კვირას "ლილთან" საგარეო მატჩში მონაწილეობის მიღებას.

კვირას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია - "ლიონი" "რენს" მასპინძლობს, რომელსაც ფილიპ მონტანიე წვრთნის, სპეციალისტი, რომელმაც "რეალ სოსიედადს" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუპოვა.

საფრანგეთი. ლიგა 1. V ტური
ბორდო-პსჟ 0:2

14 სექტემბერი
ტულუზი-მარსელი 19:00
აიაჩო-ევიანი 22:00
გემგამი-ბასტია 22:00
მონპელიე-რეიმსი 22:00
ნანტი-სოშო 22:00
ვალანსიენი-სტ. ეტიენი 22:00

15 სექტემბერი
მონაკო-ლორიანი 16:00
ლილი-ნიცა 19:00
ლიონი-რენი 23:00

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 5 - რივიერი (მონაკო); 3 - ბერიგო (ევიანი), ჟინიაკი (მარსელი), ლაკაზეტი (ლიონი), ოლივეირა (რენი), პაიე (მარსელი), იატაბარე (გენგამი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული