საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტურის წინ: პარიზული თრილერი

AutoSharing Option
კვირას პარიზში ის თამაშია, რომელსაც დიდი ხანია, მოუთმენლად ელიან - ლორან ბლანის "პარი სენ-ჟერმენი" კლაუდიო რანიერის "მონაკოს" მასპინძლობს.

საყოველთაო შეფასებით, საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ამ ორმა კლუბმა უნდა იბრძოლოს.

ლიგა 1-ის გათამაშებაში ორად-ორი გუნდი რჩება დაუმარცხებელი - "პარი სენ-ჟერმენი" და "მონაკო". ლიგა 1-ში დაბრუნებულმა, რუსი მილიარდელის ფულით მოფერიანებულმა, "მონაკომ" ეს 5 ტური უკეთ გაიარა და ახლა ჩემპიონს 2 ქულით უსწრებს.

"ოლიმპიაკოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში ლორან ბლანის გუნდმა დაამტკიცა, რომ შესანიშნავ ფორმაში შევიდა, თუმცა "მონაკოს" ერთი უპირატესობა აქვს - ამ თამაშისთვის მთელი კვირა
ემზადება, მაშინ, რო ცა პსჟ-მ პირეოსული ოდისეა გამოიარა.

მაგრამ სეზონის ამ ეტაპზე, როცა ფიზიკური ძალები ჯერ კიდევ უხვად აქვთ ფეხბურთელებს შემორჩენილი, ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.

Sportall.Geრას დაუპირისპირებს პსჟ "მონაკოს"
"პარი სენ-ჟერმენი" სერიოზული შემტევი ძალაა. ასე რომ, მომენტების შექმნა ბლანის გუნდს არ გაუჭირდება.

განსაკუთრებით სახიფათო პარიზელთა სტანდარტული მდგომარეობები იქნება. ამასთან, პსჟ-სთან გაბედული თამაში ძალზე სარისკოა, რადგან ეს გუნდი კონტრშეტევებზეც ძალიან ძლიერია.

პსჟ კარგად იყენებს გამჭოლ პასებს შეტევაში, მოთამაშეთა ინდივიდუალურ ოსტატობას (ეს კი ძალიან მაღალი აქვთ მის ფეხბურთელებს).

შეუძლია ცუდად განვითარებული მოვლენების სასიკეთოდ შემოტრიალება და საკუთარი ლიდერობის დაცვა. პსჟ აკონტროლებს ბურთს, თან ცდილობს ეს მეტოქის ნახევარზევე გააკეთოს, ხშირად იყენებს მოკლე პასებს, ამწვავებს შეტევებს გამჭოლი გადაცემებით და ძირითადად უტევს ცენტრიდან.

სუსტი მხარეების გარეშე გუნდი არ არსებობს და პსჟ-ს სისუსტედ ჯერაც რჩება მომენტების გამოუყენლობა, თამაშგარეს მახეში მოხვედრა. მთავარი სისუსტე კი ისაა, რომ პარიზელთა მცველები ვერ უშლიან მეტოქე გუნდებს საგოლე მომენტების შექმნაში, თუნდაც შედარებით სუსტ ოპონენტებს. ასე რომ, დარწმუნებულნი იყავით, რომ "მონაკოს" მომენტები ექნება და არცთუ ცოტა.

რას დაუპირისპრებს "მონაკო" პსჟ-ს
ბურთის კონტროლი, მოკლე პასები და გამჭოლი გადაცემებით სიტუაციის გამწვავება "მონაკოს" სტილიცაა. ეს გუნდი უფრო ხშირად მარჯვენა ფრთიდან უტევს, ხშირად მიმართავს ჩაწოდებებს.

"მონაკოს" ფეხბურთელები კარისკენ ურტყამენ ყოველი მცირე შანსის გაჩენისთანავე. სხვათა შორის, მათი ფორვარდები მეტოქისაზე უკეთ იყენებენ შექმნილ შანსებს.

კლაუდიო რანიერის გუნდს არა აქვს აშკარად გამოკვეთილი სისუსტე.

იბრა: კარგი სანახაობა გელით
ზლატან იბრაჰიმოვიჩს ერთი სული აქვს, როდის დაუპირისპირდება ფალკაოსა და კომპანიას:

"ისინი გათამაშების ცხრილში ჩვენზე წინ არიან 2 ქულით, მაგრამ ჩვენ შინ ვთამაშობთ. ვფიქრობ, ბრწყინვალე მატჩი შედგება. ერთმანეთის წინაშე ორი კლუბი წარდგება, რომელთაც ბოლო წლებში დიდ პროექტებში დიდი ინვესტიციები ჩადეს. საინტერესო იქნება, ვინ ვის აჯობებს", - განაცხადა შვედმა ფორვარდმა.

პსჟ-ს ტრავმის მოშუშების შემდეგ ჟერემი მენეზი უბრუნდება. ასე რომ, ბლანს შეტევაში კიდევ ერთი ვარიანტი უჩნდება "მონაკოს" დაცვისთვის გასაღების მოსარგებად.

კონდოგბია: არავითარი ზეწოლა
"მონაკოს" ახალწვეული ჟოფრეი კონდოგბია მიიჩნევს, რომ მის თანაგუნდელებს ტურის ცენტრალური მატჩის წინ არავითარი დაძაბულობა არ აქვთ.

"ბრწყინვალე დროა, პსჟ-სთან სათამაშოდ - "მონაკო" ჯერ დაუმარცხებელია. ზეწოლა, არავითარ ზეწოლას ბიჭები არ გრძნობენ. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ სასტარტო მატჩებში, რა შეგვიძლია. ამიტომ მხრებს აღარ დავიმძიმებთ. გავალთ და ლაღად ვითამაშებთ."

იცით, თუ არა რომ...
* ამ ორი კლუბის ბოლო 10 დაპირისპირებიდან 3 "მონაკომ" მოიგო, 2 - "პარი სენ-ჟერმენმა", 5 კი ფრედ დასრულდა.
* პსჟ-მ და "მონაკომ" ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების საყიდლად ჯამში 277 მილიონი ევრო დახარჯეს!
* "მონაკო" საფრანგეთის 7-გზის ჩემპიონია, ხოლო პსჟ ტიტულს მხოლოდ სამჯერ დაეუფლა.
* ლიგა 1-ში "მონაკოზე" ტიტულოვანი მხოლოდ "სენტ ეტიენი" (10), "მარსელი" (9) და "ნანტია" (8). 7 ტიტული აქვს "ლიონსაც".

საფრანგეთი. ლიგა 1. VI ტური
20 სექტემბერი
სტ. ეტიენი-ტულუზი 1:2


21 სექტემბერი
ბასტია-მარსელი 19:00
ევიანი-მონპელიე 22:00
რეიმსი-გენგამი 22:00
რენი-აიაჩო 22:00
სოშო-ლილი 22:00

22 სექტემბერი
ლორიანი-ბორდო 16:00
ლიონი-ნანტი 19:00
ნიცა-ვალანსიენი 19:00

ბომბარდირები: 5 - კევინ ბერიგო (ევიანი), ემანუელ რივიერი (მონაკო); 4 - რადამელ ფალკაო (მონაკო), მუსტაფა იატაბარე (გენგამი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული