ლიდერები
პსჟ საკუთარ "პარკ დე პრენსზე" "ბასტიას" მასპინძლობს და აბა რა თქმა უნდა იმას, რომ დედაქალაქელები ფავორიტები არიან. მით უმეტეს, თუ კორსიკელების "აქილევსის ქუსლს" გავიხსენებთ - მათი სუსტი წერტილი გასვლაზე თამაშია.
"კლასიკის" ათი კაცით მოგებამ ლორან ბლანის გუნდს თავდაჯერება შემატა, რაც პრინციპში პარიზელებს ისედაც არ აკლდათ. ზედმეტი
თუ კი ვინმე ტიაგოა პსჟ-ს ყველა დააკლდება - ტიაგო სილვა ისევ ტრავმირებულია, ხოლო ტიაგო მოტას დისკვალიფიკაცია აქვს. ასევე დისკვალიფიცირებულია მარკო ვერატი. თუმცა ასეთ მეტოქესთან დანაკლისზე სერიოზულად საუბარი ცოტა უხერხულია, ბლანის გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს და "მონაკოს" წაფორხილებას დაელოდოს.
სიტყვამ მოიტანა და... "მონაკოს", რომელსაც კვირის ადრეული მატჩის ჩატარება უწევს უკვე ეცოდინება იმის შესახებ რომ პსჟ-მ მოიგო და ცხადია, თავადაც უნდა იმარჯვოს. ხოლო თუ პსჟ-მ ვერ მოიგო, მაშინ "მონაკომ" კიდევ უფრო უნდა იმარჯვოს, რადგან ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნოს. კლაუდიო რანიერის გუნდმა ისედაც დაკარგა "რეიმსთან" გასვლაზე ორი ქულა და თუ ცხრილის კენწეროში დარჩენა სწადია წყალწაღებულ "სოშოს" უნდა სძლიოს. სხვათა შორის, სპეციალურად "ლომების" მოსათვინიერებლად ზამბიიდან ჩამოვიდა ერვი რენარი. 45 წლის სპეციალისტმა ზამბიის ეროვნული ნაკრები დატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და რადგან "სოშოს" წინადადებას დასთანხმდა ალბათ რაღაცის იმედი აქვს კიდეც.
"სოშოს" რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი არ ეყოლება, ხოლო "მონაკოს" რიგებში უპირველეს ყოვლის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ბომბდამშენის ემანუელ რივიერის არყოფნა გამოვარჩიოთ, რომლის ანგარიშზეც 6 გოლია. შესაძლოა ამჯერად ძირითადში ვიხილოთ უნიჭიერესი 19 წლის არგენტინელი ლუკას არიელ ოკამპოსი, რომელიც "სენტ ეტიენთან" მნიშვენლოვან შეხვედრაში ტრადიციულად შეცვლაზე შემოვიდა 83-ე წუთზე და 87-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.
ძველი მეგობრები
"მონპელიეს" ამ სეზონში მხოლოდ ერთი წაგება აქვს, ისიც "საპატიო" - გასვლაზე "მონაკოსთან". თუმცა ზედმეტა ბევრი ფრე გუნდს არათუ ლიდერებს, არამედ ევროზონაში ყოფნის საშუალებასაც არ აძლევს. მიჯრით 5 ფრედ ნათამაშები მატჩის მერე, წინა ტურში ჟან ფერნანდესის გუნდმა "ლიონთან" მსუყე გამარჯვება მოიპოვა - 5:1 - და მადაზე მოსულს "ლილის" მიყოლებაც უნდა.
თუმცა "ლილი" ასეთი ტკბილი ლუკმა როდია. თანაც ხომ გახსოვთ ვინ არის ლილეთა მთავარი მწვრთნელი? -მართალია, სწორედაც რენე ჟირარი. ამ უკანასკნელმა თავის დროზე "მონპელიესთან" ერთად ნამდვილი სასწაული მოახდინა და ახლა "ლილითურთ" ლამობს გამეორებას. "მონპელიე" კვლავაც ბევრ მოთამაშეს მოისაკლისებს, ამჟამინდელი ინფორმაციით, 6 არცთუ უმნიშვნელო ფეხბურთელს, ხოლო "ლილს" რაიან მენდესი და მილან ბაშა დააკლდებიან.
ფილიპ მონტანიე ის კაცია, რომელმაც კარიერა "ვალანსიენში" გაიკეთა. მერე, ბასკეთს მიაშურა, იქაც მშვენიერი შედეგი "დადო", ამ ზაფხულს კი სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და "რენი" ჩაიბარა. ბრეტონელებს საფრანგეთში "მონპელიესთან" ერთად, განსაკუთრებით გამოსარჩევი ახალგაზრდული სკოლა ჰყავთ და ვნახოთ რას გამოადნობს ამ პროექტიდან საფუძვლიანად ამბიციური მონტანიე. "რენმა" ზედიზედ ორი თამაში წააგო და მონტანიემ თავისი საწყსო სწორ გზაზე ყოფილ გუნდთან მოგებით უნდა დააბრუნოს. "ვალანსიენს" კი ბოლო ბოლო მწვრთნელი შეუცვალეს. ანიელ სანჩესის ნაცვლად გუნდს 60 წლის ბელგიელი, "ანდერლეხტისა" და "კოპენჰაგენის" ყოფილი დამრიგებელი არიელ იაკობსი უთავკაცებს და გუნდის ჭაობიდან ამოყვანას შეეცდება.
და სხვები
კრისტოფ გალტიეს "სენტ ეტიენმა" ცოტა აურია და "მწვანეებმა" "ლორიანის" მარადმწვანე დამრიგებლის კრისტიან გურკუფის ტაქტიკური ხლართები უნდა დაძლიონ, რათა მონატრებული სამი ქულის გემო გაიხსენონ. თანაც "ლორიანი" ახლა ძალიან ცუდ ფორმაშია, ბევრს უშვებს, თითქმის ვერ გააქვს, ხუთი მატჩია არ მოუგია და უკვე გასავარდნ ზონაშიც აღმოჩნდა. მოგება "სენტ ეტიენს" შემტევი ნახევარმცველის რომენ ამუმას გარეშე მოუწევს. თუ რამხელა დანაკლისია "კაენის" ყოფილი ფეხბურთელი თავად განსაჯეთ - მან მთელი წინა სეზონის მანძილზე 5 გოლი გაიტანა, მიმდინარე ჩემპიონატში კი უკვე 4 მოუგროვა და ეს მაშინ, როცა "მწვანეების" ნომინალურ 7 ფორვარდზე საერთო ჯამში სულ 1(!) გოლი მოდის. ისე, სხვათა შორის, დაცვას გალტიემაც უნდა მიხედოს, გუნდს უკვე 13 გოლი აქვს გაშვებული.
"ლიონი" და "ბორდო" "ჟერლანზე" ერთმანეთს შეაკვდებიან. რემი გარდი და ფრანსის ჟიიო ის მწვრთნელები არიან, რომლებზეც ლიგა ერთში ამჟამად ყველაზე დიდი ზეწოლაა. საერთოდ, ცოტა უცნაური რომ გარდი ახლაც "ოლიმპიკის" თავკაცია, როგორც ჩანს, ჟან-მიშელ ოლა ამ სპეციალისტს ბოლომდე ენდობა, მაგრამ საზღვარი მაინც ყველაფერს აქვს. ჟიიომ კი თავის ყოფილ გუნდთან "სოშოსთან" მოგებით ცოტა ხნით მაინც გაიხანგრძლივა ჟირონდული კარიერა და ახლა ლიონიდან ეცდება მინიმუმ ქულის წამოღებას.
ამასობაში, "ნანტი" მართლაც ცაში აიჭრა. "იადონები" ლამაზ თამაშს გვიჩვენებენ და მეხუთე ადგილამდეც აფრინდნენ. საინტერესოა, დაეშვებიან თუ არა ისინი მიწაზე კორსიკაზე, სადაც ფრაბრიციო რავანელის "აიაჩოსთან" ჭიდილი არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აი "ევიანსა" და "გინგამზე" კი, მოდით სხვა დროს ვილაპარაკოთ.
X ტური
18 ოქტომბერი
ნიცა-მარსელი 1:0
რეიმსი-ტულუზი 1:2
19 ოქტომბერი
პსჟ-ბასტია 19:00
აიაჩო-ნანტი 22:00
ევიანი-გენგამი 22:00
მონპელიე-ლილი 22:00
რენი-ვალანსიენი 22:00
20 ოქტომბერი
სოშო-მონაკო 16:00
სტ. ეტიენი-ლორიანი 19:00
ლიონი-ბორდო 23:00
ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 6 - კევინ ბერიგო (ევიანი), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ემანუელ რივიერი (მონაკო).
გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"