საფრანგეთი. ლიგა 1. X ტური: არაუკანასკნელი ტანგო პარიზში [VIDEO]

AutoSharing Option
მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო. კლაუდიო რანიერის "მონაკოს" თამაში ბოლო დროს ისეთი არადამაჯერებელი გახლდათ, რომ ადრე თუ გვიან ეს გარდაუვალი ჩანდა - ორხელისუფლებიანობას წერტილი დაესვა, მივესალმოთ ლიგა ერთის ერთპიროვნულ ლიდერს, მის აღმატებულება - "პარი სენ ჟერმენს"!

იბრაკადაბრა
"ბასტია" "პარკ დე პრენსზე" ისედაც განწირული გვეგონა, მაგრამ ის, რაც კორსიკელებს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დამართა, მათ დიდი ხანი არ დაავიწყდებათ და თამაშის ხალისი შემდეგი ტურისთვის თუ დაუბრუნდათ, კარგი იქნება.

დედაქალაქელთა ლიდერმა 13 წუთში დაამთავრა თამაში, მაგრამ მთავარი მისი პირველი გოლი იყო - არანორმალური, ზლატანური.

მატჩის მე-10 წუთზე 18 წლის ტალანტის, ერვინ ონჟენდას აქტიურობის მერე ბურთი იბრაჰიმოვიჩისკენ წავიდა. იგი მეტოქის მცველებს შორის იყო გახლართული და თითქოს სტუმრებს ეს მომენტი სახიფათოს აღარაფერს უქადდა, მაგრამ ზლატანმა ისევ იბრაკადაბრა ჩაატარა, ქუსლი გამოყო და უცნაური ილეთით ისე ჩაუსვა კუთხეში ბურთი ერთ დროს პსჟ-ის კარის დარაჯ მიკელ ლანდროს, რომ ასე უშანსოდ ეს გამოცდილი მეკარე, ალბათ, თავის კარიერაში აქამდე არასოდეს ყოფილა.

მე-13 წუთზე ანგარიში უკვე 2:0 გახდა, იბრაჰიმოვიჩმა დუბლი გაიფორმა და ყველაფერი ნათელი გახდა. კორსიკელებმა უკვე ბარგის ჩალაგებაზე დაიწყეს ზრუნვა და ფიქრი, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ლორან ბლანმა ზლატანის ნაცვლად მინდორზე გოლსმოწყურებული და კარზე დაგეშილი ედინსონ კავანი შემოიყვანა, რომელმაც მეტოქეს შეუთვალა - ჯერ შეიცადეთო.

აბა, ურუგვაელი იბრაჰიმოვიჩს ხომ არ ჩამორჩებოდა და უპატივცემულოდ ხომ არ გაუშვებდა შინ "ბასტიას"? დღემდე დაობენ არგენტინა და ურუგვაი, თუ ვისი მოგონილია შესანიშნავი ცეკვა - ტანგო. ვფიქრობ, ამ ეპიზოდის მერე საკამათო ნაკლებადაა რამე - 62-ე წუთზე ურუგვაელმა სწორედ ტანგო იცეკვა მეტოქის საჯარიმოში, მეკარე და მცველი საოცრად ელეგანტურად ჩამოიტოვა და მახვილი კუთხიდან მაინც შეძლო ბურთის კარში შეგორება.

მანვე 89-ე წუთზე პენალტით წერტილი დაუსვა კორსიკელთა კოშმარს. აი ასე, ცეკვა-ცეკვით, მსუბუქად და ლამაზად მოიგო პსჟ-მ, როგორც ლიდერს შეეფერება და ეს, ალბათ, ნამდვილად არ იყო უკანასკნელი ტანგო პარიზში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარასკოს "მონაკოს" ფიასკო
სამაგიეროდ, ლიდერისთვის სრულიად შეუფერებლად ითამაშა "მონაკომ". არადა, მონბელიარში სტუმრებისათვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო. კლაუდიო რანიერის გუნდი მე-10 წუთისთვის 20 წლის ბელგიელის, იანიკ ფერეირა კარასკოს დუბლით იგებდა.

აბა, როგორ უნდა გეფიქრა ამის მერე ადამიანს, რომ მთელი სეზონის მანძილზე უსუსურად მოთამაშე "სოშო" ამ შეხვედრის მომბრუნებელი იყო? ალბათ, ვერ იფიქრებდი და ალბათ, სწორედ ასე მიუდგნენ საკითხს მონაკოელებიც და ზუსტად ეს გამოდგა მათი შეცდომა. მეორე ტაიმის 12-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და წონასწორობა აღადგინეს.

მეორე გაშვებული ბურთის მერე "მონაკოს" დაახლოებით 20 წუთი რჩებოდა, მაგრამ ამ წუთებში ისევ ცოტა მძიმე, უთავბოლო და არეულად მოთამაშე გუნდი ვიხილეთ. რანიერის აშკარად სამუშაო აქვს ხარვეზებზე და უპირველეს ყოვლისა, იმას უნდა დააკვირდეს, რომ მის გუნდს გასვლაზე თამაში უჭირს.

საბოლოოდ, "ოგუსტ ბონალიზე" დიდი ზეიმი იყო. გუნდის ახალ მწვრთნელს, ზამბიის ნაკრებიდან "სოშოში" გადმოსულ ერვი რენარს ისეთი ხმაურიანი და სასიხარულო დებიუტი გამოუვიდა, რომ ალბათ ამას თავადაც ძნელად თუ წარმოიდგენდა.

თან, არ დაგვავიწყდეს, რომ მონბელიარელებს თითქმის ნახევარი გუნდი აკლდათ. აი ასე, "მონაკომ" პსჟ ჯერ მოიახლოვა, მერე გაითანაბრა, ახლა კი წინ გაუშვა და თუ ასე გააგრძელებს, მალე შეიძლება მეორე ადგილიც დაკარგოს.

"იადონები" აღარ ხუმრობენ
ზოგადად, ტური ძალიან საინტერესო გამოდგა და სხვა მატჩებსაც უნდა შევაწიოთ ორიოდ სიტყვა. პარასკევის შეხვედრაში "ნიცამ" "მარსელი" დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გაუთანაბრდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი, რაღა თქმა უნდა, კლოდ პუელის მთავარმა "საგანძურმა" - დარიო ცვიტანიჩმა გაიტანა. ამით მშვენივრად ისარგებლა "ლილმა", რომელმაც გასვლაზე "მონპელიე" დაამარცხა და "მარსელს" 3 ქულით გაუსწრო, ხოლო "მონაკოს" ორითღა ჩამორჩება. ლილელებს ბოლო 5 მატჩიდან 4 მოგებული აქვთ და მშვენიერ ფორმაში არიან.

რენე ჟირარს თავის ყოფილ გუნდთან სენეგალელმა პაპე სუარემ მოაგებინა, რომელმაც გოლების გატანა დაიწყო. მან მე-4 წუთზე გამოიჩინა თავი და ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა, არადა, მომენტები იყო. "მონპელიემ" სეზონში მეორე თამაში წააგო.

ამასობაში "მარსელს" "ნანტმაც" გადაასწრო, რომელიც ვარსკვლავებს ეთამაშება. "იადონებმა" ალეხანდრო ბედოიას გვიანი გოლით მოუგეს კორსიკაზე "აიაჩოს" და უკვე მე-4 ადგილზე არიან. მათ მიჯრით 4 მოგება აქვთ და ამჟამად ჩემპიონატში ასეთი სერიით მხოლოდ პსჟ თუ დაიკვეხნის, რომელმაც ასევე ზედიზედ მეოთხედ იმარჯვა.

თავის ყოფილ გუნდს ვერ მოუგო ფილიპ მონტანიემ. არადა, საათზე მეტი ყველაფერი რა კარგად იყო... ფუედ კადირის წყვილი გოლით ბრეტონელები 2:0-ს იგებდნენ. კადირი ის კაცია, რომელსაც "ვალანსიენში" 4 სეზონი აქვს გატარებული. ასე რომ, იგი და მონტანიე ყოფილ გუნდს ერთად ამარცხებდნენ, წყნარად და მშვიდად, "რენი" კი სამმატჩიან მოუგებელ სერიას წყვეტდა.

თუმცა ეს ყველაფერი იქამდე ხდებოდა, სანამ ანტონი ლე ტალეკს გაახსენდებოდა, რომ ერთ დროს ახალ ზინედინ ზიდანს ეძახდნენ და 65-ე წუთზე სხვაობას შეამცირებდა. მალევე მარკო და სილვამ სულაც გაათანაბრა და ასე ომახიანად დაიწყო 60 წლის ბელგიელი მწვრთნელის, არიელ იაკობსის კარიერა "ვალანსიენში". თუმცა მისი გუნდი ჯერ კიდევ ცხრილის ფსკერზეა დალექილი.

გოლების წვიმა იყო "ჟოფრუა გიშარზე", სადაც "სენტ ეტიენმა" კვლავაც ანერვიულა გულშემატკივრები, მაგრამ ბოლო-ბოლო, ასე თუ ისე შეინარჩუნა კონცენტრაცია და კარგად დაწყებული საქმე კარგადვე დაასრულა. ამრიგად, კრისტოფ გალტიეს გუნდმა ნავსი გატეხა, ოთხთამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. აი, კრისტიან გურკუფის "ლორიანი" კი მიყოლებით მეოთხედ დამარცხდა და გასავარდნ ზონაში რჩება.

ლიგა 1. X ტური
ნიცა-მარსელი 1:0
გოლი: 1:0 ცვიტანიჩი (40)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნკულუ, ლუკაშ მენდეში (8. დიავარა), მორელი (70. მენდი) - რომაო, იმბულა - ვალბუენა, ტოვენი (63. ხელიფა), ა. აიუ - ჟინიაკი

რეიმსი-ტულუზი 1:2
გოლები: 0:1 ტრეხო (42), 1:1 ონიანჟი (59), 1:2 ბრეიტვეიტი (88-პენ.)
გაძევება: დევო (85. რეიმსი)

პსჟ-ბასტია 4:0
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (10), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (13), 3:0 კავანი (62), 4:0 კავანი (89-პენ.)
პსჟ (4-2-3-1): სირიგუ - ჟალე (67. ვან დერ ვილი), ალექსი, მარკინიოსი, დინიე - რაბიო, მატუიდი - Lუკას მოურა, მენეზი (71. მაქსველი), ონჟენდა - იბრაჰიმოვიჩი (46. კავანი)

აიაჩო-ნანტი 0:1
გოლი: 0:1 ბედოია (87)

ევიანი-გენგამი 1:2
გოლები: 1:0 ბენეზე (25), 1:1 ჟირესი (74), 1:2 დუნიამა (78)

მონპელიე-ლილი 0:1
გოლი: 0:1 სუარი (4)

რენი-ვალანსიენი 2:2
გოლები: 1:0 კადირი (7), 2:0 კადირი (50), 2:1 ლე ტალეკი (65), 2:2 და სილვა (73)

სოშო-მონაკო 2:2
გოლები: 0:1 ფერეირა კარასკო (5), 0:2 ფერეირა კარასკო (10), 1:2 ბაკამბუ (57), 2:2 ლოპი (69)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიუ, ფაბინიო, ტისერანი (70. ბორხა ლოპესი) - ობადი, ტულალანი (62. კონდოგბია) - ჯ. როდრიგესი, მოუტინიო (67. ოკამპოსი), ფერეირა კარასკო - ფალკაო

სტ. ეტიენი-ლორიანი 3:2
გოლები: 1:0 ბრანდაო (7), 2:0 კორნიე (14), 2:1 ჟუფრე (38), 3:1 გრადელი (72), 3:2 აბუბაქარი (86)

ლიონი-ბორდო 1:1
გოლები: 0:1 ობრანიაკი (62), 1:1 ბრიანი (91)
გაძევება: ლაკაზეტი (66. ლიონი)

ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 6 - კევინ ბერიჟო (ევიანი), ედინსონ კავანი (პსჟ), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი)

მომდევნო ტური
25 ოქტომბერი.
ნანტი-ლილი

26 ოქტომბერი.
მარსელი-რეიმსი, ბასტია-ნიცა, გენგამი-აიაჩო, ლორიანი-სოშო, ტულუზი-რენი, ვალანსიენი-ევიანი

27 ოქტომბერი.
ბორდო-მონპელიე, მონაკო-ლიონი, სტ. ეტიენი-პსჟ

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული