ბუნებრივია, აბსოლუტურად სხვა გეგმები ჰქონდა რენე ჟირარს, რომელსაც პარასკევის მატჩის მოგება და პოზიციების გამყარება სურდა.
სტუმრების მცირე უპირატესობა საბოლოოდ 41-ე წუთზე გოლში აისახა - ნოლან რუმ თავის მეექვსე მატჩში მესამე გოლი გაიტანა.
მეორე ნახევარში სომეხმა სპეციალისტმა თავის მთავარ ბომბარდირს, ფილიპ ჯორჯევიჩს შეტევაში ახალგაზრდა ვენესუელელი ფერნანდო არისტეგიეტა და გამოცდილი რუმინელი ბანელ ნიკოლიცა შეაშველა, მაგრამ ვა-ბანკმა არ გაამართლა. ლილელებმა გამარჯვება მოიპოვეს და მდევრებს კიდევ უფრო
გაოცებას იწვევს "ლილის" არნახული თამაში დაცვაში - გუნდს მხოლოდ 4 გოლი აქვს გაშვებული და უკანასკნელი 6 მატჩია, კარს მშრალად ინახავს.
ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ ტურში, როდესაც ჟირარის შეგირდების დამწუხრებას "მონაკო" შეეცდება. ეს გუნდები უშუალო კონკურენტებად იქცნენ და "ლილ მეტროპოლზე" დიდი ჯახი გველოდება.
ნოლან რუმ თავისი გოლებით უკვე პირადად მოუტანა გუნდს 6 ქულა. ხოლო სხვა მატჩებში ისე განვითარდა მოვლენები, რომ "ნანტი" წაგების მიუხედავად მეოთხე ადგილზე დარჩა.
დრამატული შაბათობა
ტრაგედია დატრიალდა "ველოდრომზე", სადაც მარსელის "ოლიმპიკთან" სათამაშოდ "რეიმსი" იყო ჩასული.
სტუმართა რიგებში 3-წუთიან მონაკვეთში ექსბორდოელმა ფლოიდ აიიტემ გაიბრწყინა - მან ჯერ თავად გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასი გააკეთა და 37-ე წუთისთვის სტუმრები უკვე 2:0-ს იგებდნენ.
ბოლოდროინდელი წარუმატებლობების გამო უხასიათოდ მყოფმა "მარსელმა" მაინც იპოვა საკუთარ თავში ძალა და მეორე ტაიმში გათანაბრება შეძლო. ეს ნამდვილად კარგად მეტყველებს "ოლიმპიკზე".
სათადარიგოთა სკამზე მოულოდნელად და უცნაურად დატოვებული ანდრე პიერ ჟინიაკი მინდორზე 6 წუთის შემოსული იყო, როდესაც 86-ე წუთზე ტაბლოზე 2:2 აანთო.
თითქოს ბოლო წუთებს მასპინძლების შეტევებში უნდა ჩაევლო და მათგან გულშემატკივრები მესამე გოლს ელოდნენ, მაგრამ... პრინს ონიანგმა 91-ე წუთზე სტუმრებს მოაგებინა და პრინცობიდან "რეიმსის" მეფედ იქცა.
რა დღეში იქნებოდნენ მარსელელები, თავად წარმოიდგინეთ. მათ მიჯრით მეხუთე მარცხი იწვნიეს, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც. ამ შემთხვევაში ყველაზე მტკივნეული ის გახლდათ, რომ "ოლიმპიკმა" იბრძოლა, მატჩი მოაბრუნა, მაგრამ ბოლოს მაინც არ გაუმართლა.
"მარსელის" მთავარი მწვრთნელი ელი ბოპი:
"პირველი 30 წუთი საგრძნობ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ და შემდეგ აქეთ გავუშვით ორი ბურთი.
ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან ისინი ძალიან მებრძოლები არიან და არცერთი წამით დანებებულან, სჯეროდათ საკუთარი შესაძლებლობების და წონასწორობა აღვადგინეთ კიდეც, მაგრამ ის კონტექსტიდან ამოვარდნილი მესამე გოლი პირში ცუდ გემოს გვიტოვებს".
აი, ასე თქვა სიტყვა-სიტყვით პატივცემულმა ბოპმა და უნდა დავეთანხმოთ; მეტიც, ცუდი გემოს გარდა, ამ ყველაფერს ძალიან ცუდი სუნიც უდის და ბევრი ელოდა, რომ ბოპს დაითხოვდნენ, მაგრამ ფაქტია, ის პოსტზე რჩება.
პრეზიდენტმა ვენსან ლაბრუნმა განაცხადა, რომ წარუმატებლობის ერთმანეთისთვის დაბრალების დრო არ არის, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და გამოსავალი ვიპოვოთო.
ძალიან დრამატული გამოვიდა "სტად დუ რუდურუზე" გამართული მატჩიც "გენგამსა" და "აიაჩოს" შორის. ბენუა პედრეტიმ 41-ე წუთზე ბენჟამინ ანდრეს გაატანინა და კორსიკელები ამ შეხვედრას 86-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ჯერ გაათანაბრეს, ხოლო 90-ე წუთზე მუსტაფა დიალომ სულაც მოაგებინა მათ და "აიაჩოს" ცოდვა დაიდო - ფაბრიციო რავანელის გუნდი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა.
"ტულუზი", რომელიც წინა ტურებში შეუდარებელი იყო, სამარცხვინო ანგარიშით დამარცხდა საკუთარ კედლებში "რენთან" - 0:5. მატჩს ტულუზელთა თავკაცმა ალენ კაზანოვამ კოშმარი უწოდა.
ბრეტონელებმა კი 4-თამაშიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს და ფილიპ მონტანიემ იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ჩავარდნა და უსახური მონაკვეთი ამ სეზონში აღარ განმეორდება.
"რენის" მხრიდან 22 წლის პორტუგალიელი ფორვარდის, ნელსონ ოლივეირას დუბლი გამოვარჩიოთ.
არ გამოსდის გასვლაზე თამაში "ნიცას" და რა ქნას. ასე კი, ჩემპიონთა ლიგის კი არა, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაც რთული იქნება. მართალია, კლოდ პუელს რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, ხოლო "ბასტია" ცუდი გუნდი არ არის და სახლში ორმაგად ძლიერი, მაგრამ რაც უნდა იყოს, დაახლოებით ნახევარი საათი რიცხობრივ უპირატესობაში რომ ხარ, ანგარიში მაინც უნდა გაათანაბრო.
საბოლოოდ, კორსიკელებმა ვეტერანი მცველის, სალვატორე სკილაჩის გოლით იმარჯვეს. მათი მხრიდან ახალგაზრდა და ტემპერამენტიანი ჯანი ბრუნო გააძევეს, ხოლო მატჩის ბოლოს სტუმრებიც ათი კაცით დარჩნენ, რადგან მაჰამანე ტრაორემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
"ლორიანს" "სოშოსთან" მოგება რეალურად არ გასჭირვებია, მონბელიარელებისგან "მონაკოსთან" ნათამაშები ფრის მერე ცოტა მეტს ველოდით.
იმავეს თქმა შეიძლება "ვალანსიენზეც", რომელიც 3 ქულას გეგმავდა "ევიანთან" საშინაო მატჩში, მაგრამ საბოლოოდ სულ უქულოდ დარჩა. საუკეთესო ბომბარდირის, კევინ ბერიგოს არყოფნაში, გმირობა სენეგალელმა მოდუ სუგუმ იტვირთა, რომელმაც თავის დროზე "კლუჟის" რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაშით დაგვამახსოვრა თავი. მერე იგი "მარსელში" იყო, სადაც ვერ გაამართლა და აი, ახლა 82-ე წუთზე მოაგებინა "ევიანს".
დატვირთული კვირა
დიახ, კვირა მართლაც გამორჩეული მატჩებით დახუნძლული და დატვირთული გახლდათ. მოდი, ქრონოლოგიურად დავიწყოთ და ჯერ "ბორდო"-"მონპელიეს" მატჩზე ვთქვათ. ამ შეხვედრაზე იასინ ჯებურის ადრეულმა წითელმა ბარათმა დიდი გავლენა მოახდინა.
"მონპელიე" უკვე მე-19 წუთზე დარჩა კაცნაკლული და ჟირონდელებმა სრული ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად ამისა, ისინი ძალიან წვალობდნენ და გოლი ვერაფრით გაჰქონდათ. ფრანსის ჟიიომ შეტევა მაქსიმალურად გააძლიერა და საბოლოოდ, "ბორდომ" თავისი 75-ე წუთზე გაიტანა - შეიკ დიაბატემ შეცვლაზე შემოსული ნიკოლა მორის-ბელაის პასი შეირგო და "სტად ჟაკ შაბან-დელმა" სიხარულისგან ააფეთქა.
ბოლოს, ლუდოვიკ ობრანიაკმა მეორეც გაიტანა და ეგებ, ეს გამარჯვება მართლაც კრიზისის დასასრული იყოს.
მართალია, "ბორდო" ჯერ კიდევ მხოლოდ მე-13 ადგილზეა, მაგრამ თუნდაც მეხუთე პოზიციას სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩება. აი, ჟან ფერნანდესის "მონპელიეს" ღრმა კრიზისი კი, მგონი, ახლა იწყება.
"ლუი მეორეზე" "ლიონი" დიდხანს არ ალოდინეს და 36-ე წუთზე "მონაკო" უკვე ორბურთიანი უპირატესობით იყო წინ.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ კლაუდიო რანიერის გუნდმა პირველი ნახევარი მართლაც ერთი ამოსუნთქვით, ლაღად და კარგად ჩაატარა.
აი, მეორისა რა გითხრათ. შეგირდების ტრავმებით გაწამებულმა და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფმა რემი გარდმა მაინც შეძლო ლიონელთა დაქოქვა და ბაფეტიმბი გომისმა სხვაობის შემცირებაც შეძლო.
სტუმრები მართლაც შეფუცხუნდნენ და რანიერი გვარიანად ანერვიულეს, მაგრამ მონაკოელებმა შეძლეს შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა და დაუმსახურებელს მათ მოგებას ვერავინ უწოდებს.
რადამელ ფალკაომ კი თავისი მე-8 გოლი გაიტანა.
საფრანგეთი. ლიგა 1. XI ტური
ნანტი-ლილი 0:1
გოლი: 0:1 რუ (41)
გაძევება: ჯილობოჯი (83. ნანტი)
მარსელი-რეიმსი 2:3
გოლები: 0:1 აიიტე (34), 0:2 ალბეკი (37), 1:2 ტოვენი (56), 2:2 ჟინიაკი (86), 2:3 ონიანგი (90)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აბდალა (81. ლემინა), ნკულუ, დიავარა, მენდი - რომაო, ა. აიუ - ვალბუენა (75. ჯ. აიუ), ტოვენი, პაიე (80. ჟინიაკი) - ხელიფა
ბასტია-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 სკილაჩი (36)
გაძევება: ბრუნო (58. ბასტია), მ. ტრაოტე (87. ნიცა)
გენგამი-აიაჩო 2:1
გოლები: 0:1 ანდრე (41), 1:1 ბუვო (86), 2:1 დიალო (90)
ლორიანი-სოშო 2:1
გოლები: 1:0 აბუბაქარი (17), 2:0 ჟუფრე (55), 2:1 ბაკამბუ (90)
ტულუზი-რენი 0:5
გოლები: 0:1 ალესანდრინი (25), 0:2 ბაკაიოკო (34), 0:3 კადირი (45), 0:4 ნელსონ ოლივეირა (63), 0:5 ნელსონ ოლივეირა (83)
ვალანსიენი-ევიანი 0:1
გოლი: 0:1 სუგუ (82)
ბორდო-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 დიაბატე (75), 2:0 ობრანიაკი (90)
გაძევება: ჯებური (19. მონპელიე)
მონაკო-ლიონი 2:1
გოლები: 1:0 ობადი (28), 2:0 ფალკაო (36), 2:1 გომისი (62)
მონაკო (4-3-2-1): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიუ, აბიდალი, კურზავა - ობადი (90. კონდოგბია), ტულალან, მოუტინიო - ჯ. როდრიგესი (90. ფაბინიო), ფერეირა კარასკო (90. ოკამპოსი) - ფალკაო
ლიონი (4-3-1-2): ლოპეში - დაბო (51. ტოლისო), ბიშევაცი, გონალონი, ბედიმო - ფერი (81. პლეა), ფოფანა, მალბრანკი - გრენიე - ბრიანი, გომისი (74. ბენზია)
სენტ ეტიენი-პსჟ 2:2
გოლები: 1:0 კორნე (18), 2:0 ამუმა (51), 2:1 კავანი (68), 2:2 მატუიდი (93)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი (62. მენეზი), მარკინიოსი, მაქსველი - ვერატი (75. რაბიო), მოტა, მატუიდი - კავანი, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი (62. ლუკას მოურა)
ბომბარდირები: 8 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 7 - ედინსონ კავანი (პსჟ); 6 - კევინ ბერიგო (ევიანი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი)
მომდევნო ტური
1 ნოემბერი.
პსჟ-ლორიანი;
26 ოქტომბერი.
რენი-მარსელი, აიაჩო-ვალანსიენი, ევიანი-ტულუზი, ლიონი-გენგამი, რეიმსი-ბასტია, სოშო-სტ. ეტიენი;
27 ოქტომბერი.
ნიცა-ბორდო, მონპელიე-ნანტი, ლილი-მონაკო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"