საფრანგეთი. ლიგა 1. XII ტურის წინ: დაასველებს "მონაკო" "ლილის" მშრალ სერიას?

AutoSharing Option
ვნახოთ, როგორ გააგრძელებენ გუნდები პსჟ-სა და "ლორიანის" მიერ პარასკევს დაწყებულ საქმეს. მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა "სტად გრანდ ლილ მეტროპოლზე" იმართება, სადაც ადგილობრივები "მონაკოს" დაუხვდებიან. ეს გუნდები ერთმანეთში გაარკვევენ თუ ვინ გახდება პსჟ-ს მთავარი კონკურენტი.

რანიერის სტუმრობას უჭირს
"ლილი" ბრწყინვალედ გამოიყურება, გუნდმა ამ სეზონში მხოლოდ ორ მატჩში გაუშვა გოლი და ორივე წააგო - გასვლაზე "რეიმსთან" 1:2 და შინ "ნიცასთან" 0:2. აი დანარჩენ თამაშებში კი ნიგერიელი მეკარე ვენსან ენიამა ბურთს არ უშვებს. ამჟამად მას 6-მატჩიანი მშრალი სერია აქვს. წამყვან ჩემპიონატებს თუ გადავხედავთ,
ეს მესამე საუკეთესო შედეგია - ინგლისში "საუთჰემპტონს" 3 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო იტალიაში "რომას" მარტოოდენ ერთი.

"რეიმსი" კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ - ამ გუნდთან "მონაკომ" 4 ტურის წინ ჩემპიონატში ვერ მოიგო (1:1), ხოლო ოთხშაბათს თასზე დამარცხდა (0:1). ორივე ეს მატჩი კლაუდიო რანიერის გუნდმა სტუმრად გამართა და ზოგადად მონაკოელების პრობლემად საგარეო შეხვედრები რჩება. მეტოქის მოედანზე კლუბს სამი ტურია არ უმარჯვია და აგერ თასზე, სულაც დამარცხდა. შესაბამისად, ფორმაში მყოფ "ლილთან" რანიერის მძიმე მატჩი და უშუალოდ ჟირართან რთული ტაქტიკური დუელი ელის.

სხვათა შორის, თასზე წააგო "ლილმაც", თანაც შინ ლიგა 2-ის მკვიდრ "ოსერთან". მატჩის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. როგორც ჩანს, ჟირარის გეგმებში ლიგის თასი არ შედიოდა, მას აქცენტი ჩემპიონატზე აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე ფიქრობს. თუმცა ვინ იცის "მონპელიეს" ყოფილი მწვრთნელი გულის სიღრმეში ჩემპიონობაზეც ფიქრობდეს.

მასპინძლებს ამ შეხვედრაში ბევრი ფეხბურთელი არ ეყოლება - რაიან მენდესი, მილან ბაშა და მარვენ მარტენი ტრავმების გამო, ხოლო ფრანკ ბერია, ფლორენ მალუდა და სიმონ კიაერი დისკვალიფიცირებულნი არიან. "მონაკო" კი თავის და მთლიანად ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს რადამელ ფალკაოს მოისაკლისებს. სამაგიეროდ, გუნდს უბრუნდება ემანუელ რივიერი.

"ბორდოს" ტესტმატჩი
აი თუ "ბორდომ" "ნიცასთან" გასვლაზე მოიგო ან სულ მცირე არ წააგო, მერე თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ კრიზისი ბოლო ბოლო დაძლეულია. გამომცდელი მართლაც სერიოზული გახლავთ "ნიცას" სახით. კლოდ პუელის შეგირდებმა ეს გასვლაზე ვერ ისწავლეს თამაში თორემ საკუთარ კედლებში ძალიან ძლიერები არიან. მართალია წინა სეზონში ჟირონდელებს ნიცაში მოგება გამოუვიდათ, მაგრამ ახლა მათ ამოცანას მეტოქის ახალი სტადიონი "ალიანს რივიერა" ართულებს.
"ბორდოს" ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით ბოლო 4 მატჩიდან 3 მოგება და ერთი ფრე აქვს, ფრანსის ჟიიოს გუნდს სულაც 4-დან 4 ექნებოდა, "ჟერლანზე" "ლიონისგან" ბოლო წუთზე რომ არ გაეშვა.

საინტერესო სტატისტიკური მონაცემები შეგვიძლია მოვიშველიოთ "ნიცაზეც" - პუელის გუნდის უკანასკნელი 4 მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:0 დასრულდა და უკვე 7 შეხვედრაა ნიცელების მონაწილეობით შეხვედრებში გოლი თუ გოლები ან მარტო მათ გააქვთ ან მათ მეტოქეებს.

"ბორდოს" პირველ რიგში შეიკ დიაბატეს იმედი უნდა ჰქონდეს, რომელსაც უკვე 5 გოლი მოუგროვდა. აი, ვინ იქნება "ნიცას" მთავარი დამრტყმელი ძალა, ამას თქმაც არ უნდა - დარიო ცვიტანიჩი.

ისევ იფრენს ფრთამოჭრილი ნანტი?
"ლილისა" და "მონაკოს ურთიერთშეხვედრით სარგებლობა უნდა სცადოს "ნანტმა" და შინ "მონპელიე" დაამარცხოს, რითაც მინიმუმ ერთ-ერთთან სხვაობას შეამცირებს. "იადონებს" წინა ტურამდე მიყოლებით 4 მოგება ჰქონდათ, მაგრამ "ლილმა" მათ ფრთები დააჭრა.

მიუხედავად ამისა, სხვა მატჩებში საქმე ისე აეწყო, რომ "ნანტმა" მეოთხე ადგილი შეინარჩუნა და "მონპელიესთან" უნდა დაამტკიცოს, რომ ასე მაღლა ყოფნის ღირსია. ისე, ლილელებთან წაგების შემდეგ, ნანტელებმა უმალვე გამოისწორეს ხასიათი და თასზე მოუგეს "ლორიანს"(2:0) ანუ ახლა გუნდს ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგებული აქვს და თანაც 4 ისე, რომ გოლიც არ გაუშვია... ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი შედეგია.

"მონპელიეს" კი კრიზისი დაეწყო და სასწრაფოდ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას - ჟან ფერნანდესმა სანამ დროა რამე უნდა მოიფიქროს. ჩემპიონატში ზედიზედ ორ წაგებას, კლუბმა თასზე "სოშოსთან" მარცხიც მიამატა და თუ ეს თამაშიც ვერ მოიგო, 59 წლის სპეციალისტის სავარძელი გვარიანად შეირყევა.

XII ტური

1 ნოემბერი
პსჟ-ლორიანი 4:0

2 ნოემბერი
რენი-მარსელი 20:00
აიაჩო-ვალანსიენი 23:00
ევიანი-ტულუზი 23:00
ლიონი-გენგამი 23:00
რეიმსი-ბასტია 23:00
სოშო-სტ. ეტიენი 23:00

3 ნოემბერი
ნიცა-ბორდო 17:00
მონპელიე-ნანტი 20:00
ლილი-მონაკო 00:00

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 8 - რადამელ ფალკაო (მონაკო);  6 - კევინ ბერიგო (ევიანი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ნელსონ ოლივეირა (რენი), შეიკ დიაბატე (ბორდო).

გიორგი კაკაბაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული