საფრანგეთი. ლიგა 1. XIII ტურის წინ: ამოვა თუ არა ჯოჯოხეთიდან "სენტ ეტიენი"?

AutoSharing Option
დერბი დუ რონი
"ჟოფრუა გიშარზე" დიდი მატჩია. მატჩი, რომლის დროსაც ორი განსხვავებული სტილის, აურისა და მსოფხედველობის ქალაქს მრავალწლიანი პაექრობა მინდორზე გადმოაქვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ ადგილზეა და რისთვის იბრძვის - "დერბი დუ რონი" ფანებისთვის სეზონის მატჩია.

იცით როდის მოუგო ბოლოს "სენტ ეტიენმა" "ლიონს" საკუთარ მინდორზე? 1993 წელს, მთელი 20 წლის წინ... გულშემატკივრები დაიღალნენ ლოდინით და მტკივნეული წაგებებით, ახლა ისინი მხოლოდ გამარჯვებას ელიან საყვარელი კლუბისგან. "მწვანეების" საშინაო სლოგანი ძალაშია - "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში". თუმცა ფაქტია, ბოლო წლებში
იქაურობა თავად მათთვისაა ჯოჯოხეთი. ასე რომ, ფანებს არც განსაწმენდელი დააკმაყოფილებთ, პირდაპირ სამოთხეს ითხოვენ.

"მწვანეების" იმ საშინაო მოგების მერე, ურთიერთშეხვედრებს თუ დავხედავთ, დავინახავთ რომ "ლიონს" კოლოსალური უპირატესობა აქვს - 15 მოგება, 10 ფრე და ერთადერთი წაგება (2010 წელს "ჟერლანზე). თუმცა საინტერესოა, რომ საერთო ჯამში "სენტ ეტიენი" მაინც წინ არის - 35 მოგება, 30 ფრე და 31 წაგება.

ამ წუთას ვერცერთი გუნდი ვერ ბრწყინავს. უშუალოდ ლიგა ერთი გამართულ უკანასკნელ 7 შეხვედრაში ორივე მათგანმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. თუმცა ამ მონაკვეთში ოდნავ უკეთ მაინც "სენტ ეტიენი" გამოიყურებპდა, რომელიც ამჟამად 3 ქულით უსწრებს მტერს. კრისტოფ გალტიეს გუნდი შეეცდება საძულველი მეტოქის კრიზისით ისარგებლოს.

ბოლო წლებში საშინაო გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს "სენტ ეტიენ" 2008 წელს იყო, როდესაც ბაფეტიმბი გომისის გოლით იგებდა, მაგრამ ქარიმ ბენზემამ ბოლო წამებზე გაათანაბრა. ამის შემდეგ, გომისი ამ გუნდებს შორის ტრანსფერის ობიექტი გახდა, რაც იშვიათად ხდება. ისტორიას სულ 13 ასეთი შემთხვევა ახსოვს. ბაფეს მას მერე, გოლები "ლიონისთვის" გააქვს. სხვათა შორის, იქიდან მოყოლებული დღემდე გომისმა ექსგუნდს 3-ჯერ გაუტანა, სამივე "ჟოფრუა გიშარზე" და სამივე ძალიან მნიშვნელოვანი - ორი გამარჯვების და ერთი გამთანაბრებელი ("ლიონმა" ის შეხვედრაც მოიგო).

გომისი სენ ეტიენში აღარ უყვართ, მეტიც - სძულთ. თუმცა შესაძლოა ისევ იგი გამოდგეს ამ რთულ პერიოდში ლიონელთა მთავარი იარაღი. უკვე ხსენებულ 7 მატჩში ერთადერთი გამარჯვება რემი გარდის შეგირდებმა წინა ტურში მოიპოვეს და ეგებ, ეს კრიზისის დასასრულის დასაწყისი იყოს.

მთავარია "ლიონმა" კიდევ ერთი ყოფილი სენტეტიენელი მაჰამადუ დაბო არ ათამაშოს. როგორც ჩანს, სენეგალური ფესვების მქონე ფრანგი "მწვანეთა" ბანაკიდან ძალიან გაბოროტებული გამოუშვეს, რადგან ბოლო 3 დერბიდან ორში, მან წითელი ბარათი აიკიდა.

ამ შეხვედრის განსჯა ერთ-ერთ ყველაზე ავტირიტეტულ არბიტრს სტეფან ლანუას მიანდეს. ეჭვი მაქვს, მუსიე სტეფანს მძიმე წუთები ელის.

რა ბედი ელის "ნიცას"?
"პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ანდერლეხტს" ვერ მოუგო, რამაც ლორან ბლანი გააბრაზა. მართალია დედაქალაქელებს ჯგუფიდან გასვლა არ გაუჭირდებათ, მაგრამ მწვრთელისთვის ეს გამართლება არ არის და ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მომენტების რეალიზაციასთან ყურადღებით იყავითო.

ასე რომ, პარიზელებმა მთელი ჯავრი ახლა შესაძლოა "ნიცაზე" იყარონ. იმაში, რომ მასპინძლები ამ მატჩს მოიგებენ ალბათ ცოტას თუ ეპარება ეჭვი. საკითხავი ახლა ის არის, როგორ და რა სხვაობით.

კლოდ პუელი გასაჭირშია. აქამდე მის გუნდს მარტო სტუმრად უძნელდებოდა თამაში და "ალიანს რივიერა" აუღებელი ციხესიმაგრე იყო, მაგრამ წინა ტურში "ბორდომ" "ნიცას" შანსი არ მისცა და იქიდან 3 ქულით წამოვიდა ანუ ნიცელებს უკანასკნელი 4 თამაშიდან 3 წაგებული აქვთ.

გუნდს გოლების გატანა უჭირს და მარტო დარიო ცვიტანიჩის შემყურეა, რომელიც ყოველთვის ვერ იხეირებს. "ნიცას" აქტივში მხოლოდ 13 ბურთია (ამდენივე გაშვებული) და ამ მაჩვენებლით კლუბი მე-15 ადგილზეა. სტუმრების მდგომარეობას ტრავმების ეპიდემიაც ართულებს. ყველაფერ სიკეთესთან ერთად, "ნიცამ" ძირითადი მეკარე დავიდ ოსპინაც დაკარგა, კოლუმბიელს 6 კვირა მოუწევს დასვენება. ხოლო პსჟ-ს ედინსონ კავანი არ ეყოლება თუ რა თქმა უნდა, მედიკოსებს ვენდობით.

ცოტ-ცოტა ყველაფერზე
აუცილებლად უნდა ვთქვათ ორ-ორი სიტყვა სხვა მატჩებზეც. ასე მაგალითად, "ბორდო" კარგი სერიის მერე, ევროპალიგაზე აპოელ-თან დამარცხდა და როგორც ჩანს, ფრანსის ჟიიო იქ ჯგუფიდან გასვლას არ აპირებს და მხოლოდ ლიგა ერთზე იქნება კონცენტრირებული. ჟირონდას მეოთხე ადგილზე მოკალათებული "ნანტი" სტუმრობს და მატჩი ძალიან პრინციპულია - თუ მასპინძები მოიგებენ, ქულებით გაუთანაბრდებიან ნანტელებს.

ფაქტობრივად უნაკლოდ მოთამაშე "ლილს" საკმაოდ მძიმე გასვლა ელის "გენგამთან" "სტად რუდურუზე". თუ რენე ჟირარის გუნდმა ეს თამაშიც სულ რუ-დუ-რუ-დუ-რუ-ს ღიღინით მიიყვანა გამარჯვებამდე და კარი ისევ მშრალად შეინახა - ხელები აგვიწევია.

ელი ბოპის "მარსელმა" კარგად ითამაშა "ნაპოლისთან", მაგრამ მაინც წააგო. თუმცა კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ გუნდს ბევრი შეუძლია და მარსელელებმა ეს ქულებზე დაგეშილ "სოშოსთანაც" უნდა დაამტკიცონ. დავაკვირდეთ გუნდის ნორჩ ტალანტს ფლორიან ტოვენს, რომელოც ნეაპოლელებთან მატჩში შეუდარებელი იყო.

"აიაჩო" დროებით კრისტიან ბრაკონის მიაბარეს. მას ალენ კაზანოვასთან რთული რანდევუ ელის "მუნისიპალ ტულუზზე". მეორე კორსიკული კლუბი "ბასტია" კი ამბიციურ "რენს" მიიღებს და აბა ვნახოთ რას გახდება ფილიპ მონტანიეს ახალგაზრდული პროექტი "არმან სეზარიზე" და გაიტანს თუ არა ისევ პორტუგალიელი ნელსონ ოლივეირა.

საინტერესოა, მაგრამ ბუკმეკერები "ლორიანი"-"რეიმსის" მატჩის საკმაოდ გამოკვეთილ ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევენ. არადა, "ლორიანს" ბოლო 7 მატჩიდან 6 წაგებული აქვს, ხოლო "რეიმსს" უკანასკნელ 13 შეხვედრაში ერთადერთ მარცხს გავუხსენებთ, ისიც "ტულუზთან" ბოლო წუთებზე გაშვებული გოლის გამო... "მარსელის" დამარცხების მერე, რეიმსელებმა თასიდან "მონაკო" გამოაგდეს, რასაც "ბასტიასთან" 4:2 მოჰყვა. მეტი რაღა ქნან, რომ ყველას დააჯერონ თავიანთი სერიოზულობა? ალბათ ლორიანსი უნდა მოუგონ.

დაბოლოს, თუ "მონპელიე" "ვალანსიენთანაც წააგებს, ჟან ფერნანდესი შესაძლოა თავის პოსტს გამოემშვიდობოს.

საფრანგეთი. ლიგა 1. XIII ტური
8 ნოემბერი
მონაკო-ევიანი 1:1

9 ნოემბერი
პსჟ-ნიცა 20:00
ბასტია-რენი 23:00
ლორიანი-რეიმსი 23:00
გენგამი-ლილი 23:00
ვალანსიენი-მონპელიე 23:00
ტულუზი-აიაჩო 23:00

10 ნოემბერი
ბორდო-ნანტი 17:00
მარსელი-სოშო 20:00
სტ. ეტიენი-ლიონი 00:00

ბომბარდირები: 9 - ედინსონ კავანი (პსჟ); 8 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 7 - დარიო ცვიტანიჩი (ნიცა), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ნელსონ ოლივეირა (რენი); 6 - კევინ ბერიგო (ევიანი), ემანუელ რივიერი (მონაკო), შეიკ დიაბატე (ბორდო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული