ესეც ზედიზედ მესამე მოგება - "მარსელმა" საკუთარ "ველოდრომზე" "მონპელიეს" აჯობა და სამეულში მყოფ გუნდებს ისევ კუდში უდგას. სტუმართა მეკარე ჟოფრუა ჟურდრენი სასწაულებს კი სჩადიოდა, მაგრამ საოცრებებსაც კი აქვს საზღვარი და 36-ე წუთზე, ბოლო-ბოლო, თავისი გუნდი ვეღარ იხსნა, როდესაც დიმიტრი პაიეს პასის შემდეგ ფლორიან ტოვენმა გაიტანა.
ეს მისი მეოთხე გოლია ბოლო 5 შეხვედრაში. ტოვენი მართლაც კარგ ფორმაშია და ბოლო წუთზე მინდორზე ახლად შემოსულ საბერ ხალიფასაც გაატანინა. შუალედში "მონპელიეს" ჰქონდა ერთი მომენტი - ნიკოლას ნკულუმ კინაღამ ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ჯამში,
"ლილმა" თავის სტილში იმარჯვა, ანუ მინიმალური სხვაობით და კარიც ისევ მშრალად შეინახა, ზედიზედ მეათედ. სულ კი "ლილელებს" 13 "შათაუთი" აქვთ ჩემპიონატის 15 მატჩში. თავისი ქომაგით გამხნევებულმა "ვალანსიენმა" აქტიურად კი დაიწყო, მაგრამ სტუმრებმა მეტოქე ნელ-ნელა დაამშვიდეს, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში წინაც გავიდნენ - რენე ჟირარმა ცვლილება გამოიცნო, სალომონ კალუს მაგივრად მინდორზე წუთის წინ გამოსულმა რონი როდელენმა ბურთზე პირველივე შეხებით გაიტანა, თანაც ეფექტურად. ასისტენტად პაპე სუარე მოგვევლინა.
საინტერესოა, რომ "ლილს" მეტჯერ მეტოქის კარში ზუსტად არც დაურტყამს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ფრანკ ბერიას მიერ 51-ე წუთზე მიღებული მეორე ყვითელი ბარათი იყო. ათი კაცით მოთამაშე ლილელებმა გაძლეს და კიდევ ერთხელ მადლობა ვინსენტ ენიეამას - ნიგერიელმა მეკარემ კვლავაც რთული ბურთები აიღო.
რადამელ ფალკაოსა და იანიკ ფერეირა კარასკოს გარეშე მოთამაშე "მონაკო" შეტევაში მაინც კარგად გამოიყურებოდა და ამჯერად კლაუდიო რანიერის ზედმეტი პრობლემები არ ჰქონია. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯეიმს როდრიგესმა.
ლაღი გამარჯვებები
"სენტ ეტიენმა" "ჟოფრუა გიშარზე" გაილაღა და მშვენიერ სტილში სეზონის ყველაზე დიდსხვაობიანი გამარჯვება მოიპოვა. სტუმრები ერთი საათი მედგრად იდგნენ, მაგრამ მერე "მწვანეები" შეუჩერებელნი იყვნენ. თანაც, ფანების ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა და გუნდის კაპიტანმა ლოიკ პერენმა დუბლი გაახერხა.
რეიმსელებს რაც მთელი სეზონი არ წაუგიათ და არ გაუშვიათ, აგერ, პსჟ-სთან და "სენტ ეტიენთან" "აინაზღაურეს", მაგრამ უბერ ფურნიეს გუნდს ჯერ ნუ ჩამოვწერთ.
ბოლო ორი მატჩი "რეიმსმა" 0:7 წააგო და ბოლო ორი შეხვედრა ზუსტად ამ ანგარიშით მოიგო "ლორიანმა". "ევიანთან" გასვლაზე 4:0-ს კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფ "ნიცასთან" საშინაო 3:0 დაამატა. აქ მთავარი ისაა, რომ ერთი გოლი ბომბარდირთა მარაქაში მყოფი ვინსენტ აბუბაქაეისა იყო.
ემანუელ მაიუკამ "სოშოს" მაისურით მორიგი გოლი კი გაიტანა და მონბელიარელები დააწინაურა, მაგრამ მერე "ტულუზმა" მეტოქე არ დაინდო და წინა ტურში "ლილთან" უიღბლობაზე გაბრაზებულმა, მთელი ჯავრი "სოშოზე" იყარა. გაიბრწყინა 22 წლის ფორვარდმა ვისამ ბენ იედერმა, რომელმაც ჰეთ თრიქი შემოგვთავაზა.
იყოჩაღა "ბორდომაც" - ჟირონდელებმა "აიაჩო" გამოიჭირეს და ერთსაათიან მონაკვეთში 4 ბურთით გაუმასპინძლდნენ. ყველაფერი ჟუსიმ დაიწყო მე-8 წუთზე და მანვე დაასრულა 68-ეზე.
"ბასტიამ" კორსიკიდან "ევიანს" არაფერი გაატანა და მეორე ტაიმის დებიუტსა და დასასრულში გოლებით დაამარცხა მეტოქე. აქ მილოშ კრასიჩის გოლზე მთავარი ის იყო, რომ "ბასტიას" ვეტერანმა გოლკიპერმა მიკაელ ლანდრომ 0:0-ზე ერთი შეტევისას ზედიზედ აუღო რთული ბურთები მოდუ სუგუსა და ბრის ჯა ჯეჯეს.
აი, ასე აღნიშნა მან თავისი 602-ე მატჩი ლიგა 1-ში. ამით ლანდრომ, ჩატარებული მატჩების მხრივ, "მონაკოს" ლეგენდის, ჟან-ლუკ ეტორის რეკორდი გაიმეორა. 17 წლის წინ 17 წლის ლანდრომ "ნანტის" მაისურით თავის სადებიუტო შეხვედრაში პენალტი მოიგერია, დღეს კი ის რეკორდსმენია.
დაბოლოს, ამ უკომპრომისო ტურში, რომელშიც ფრე სანთლითაც რომ გეძებნა, ვერ იპოვიდი, იყო "დასავლური დერბიც", რომელშიც მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი - იუნუსი სანხარემ 63-ე წუთზე გოლი "ახარა" "ნანტს", "იადონები" მეხუთე პოზიციიდან ჩამოაჩოჩა და "გენგამს" ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
მარსელი-მონპელიე 2:0
გოლები: 1:0 ტოვენი (36), 2:0 ხელიფა (90)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, დიავარა, მენდი - რომაო, შეირუ (80. ლემინა) - ვალბუენა (80. იმბულა), ტოვენი, პაიე - ჟინიაკი (88. ხელიფა)
მონაკო-რენი 2:0
გოლები: 1:0 ჯ. როდრიგესი (19), 2:0 მარტიალი (44)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიუ, აბიდალი (61. იზიმატ-მირენი), კურზავა - ობადი, ტულალანი, მოუტინიო (61. კონდოგბია) - რივიერი, მარტიალი (74. ოკამპოსი)
ვალანსიენი-ლილი 0:1
გოლი: 0:1 როდელენი (47)
გაძევება: ბერია (51. ლილი)
გენგამი-ნანტი 1:0
გოლი: 1:0 სანხარე (63)
ლორიანი-ნიცა 3:0
გოლები: 1:0 მონე-პიკე (17), 2:0 ამავი (71-ს.კ.), 3:0 აბუბაქარი (90)
სტ. ეტიენი-რეიმსი 4:0
გოლები: 1:0 სალი (62), 2:0 პერენი (76), 3:0 პერენი (78), 4:0 ერდინჩი (87)
ტულუზი-სოშო 5:1
გოლები: 0:1 მაიუკა (7), 1:1 ბენ იედერი (28), 2:1 ბენ იედერი (45), 3:1 სირიე (47), 4:1 ბენ იედერი (62-პენ.), 5:1 ზუმა (90-ს.კ.)
ბორდო-აიაჩო 4:0
გოლები: 1:0 ჟუსი (8), 2:0 სერტიჩი (50), 3:0 მორის-ბელაი (55), 4:0 ჟუსი (68)
ბასტია-ევიანი 2:0
გოლები: 1:0 კრასიჩი (49), 2:0 ხაზრი (90)
პსჟ-ლიონი 4:0
გოლები: 1:0 კავანი (36), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (41-პენ.), 3:0 ტიაგო სილვა (60), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (81-პენ.)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ვერატი (79. რაბიო), ტიაგო მოტა (46. მატუიდი), პასტორე - ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
ლიონი (4-1-3-2): ვერკუტრი - კონე, ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - ფოფანა - გონალონი, გრენიე (71. დანიკი), გურკუფი (71. ფერი) - ლაკასეტი (79. პლეა), გომისი
ბომბარდირები: 10 - ედინსონ კავანი (პსჟ), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ვინსენტ აბუბაქარი (ლორიანი); 7 - ნელსონ ოლივეირა (რენი), შეიკ დიაბატე (ბორდო), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა);
მომდევნო ტური
3 დეკემბერი.
ლილი-მარსელი, ნანტი-ვალანსიენი, ნიცა-მონაკო;
4 დეკემბერი.
აიაჩო-ბასტია, გენგამი-ბორდო, მონპელიე-ლორიანი, რენი-სენტ ეტიენი, სოშო-რეიმსი, ევიანი-პსჟ;
5 დეკემბერი.
ლიონი-ტულუზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"