საფრანგეთი. ლიგა 1. XVI ტურის წინ: ჯოჯოხეთური წყვილი

AutoSharing Option
ტური სამი ძალიან სანტერესო მატჩით იწყება. "ლილი", რომლის კარშიც გოლის გატანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა, ათამაშებულ "მარსელს" მასპინძლობს.

გუნდებს შორის ახლა 6 ქულაა სხვაობა და ელი ბოპის შეგირდებისთვის მოგება, ცხადია, იდეალური ვარიანტი იქნებოდა - ისინი სამეულთან ერთი ხელის გაწვდენაში აღმოჩნდებიან. თუმცა მოგება კი არა, ვინსენტ ენიეამასთვის უბრალოდ გოლის გატანის პრობლემაა და ვნახოთ, მარსელელები მაინც თუ შეძლებენ ნიგერილის გაწბილებას.

ფაქტია, გუნდის შემტევები - ფლორიან ტოვენი, მატიო ვალბუენა და პიერ ანდრე ჟინიაკი სხვებთან ერთად კბილებს ილესავენ. რენე ჟირარი კი, თავის მხრივ, ამაზე კარგ
შანსს ვერ მიიღებს, რათა სამეულსა და დანარჩენ გუნდებს შორის გამოკვეთილი ხაზი გაავლოს. თუმცა მისი გუნდი რომ ბოლო ტურებში ცოტა მძიმედ გამოიყურება, ესეც ფაქტია.

მეორე მატჩს რაც შეეხება, "ნანტი" საკუთარ კედლებში მასპინძლობს "ვალანსიენს" და თუ მოიგო, ბოლო სამეულსა და დანარჩენ გუნდებს შორისაც მსხვილი წითელი ხაზი გაისმება. არადა, "იადონებმა" უნდა მოიგონ. ისინი "გენგამთან" წაგებისა და მდევრების მოახლოებით გაბრაზებულნი არიან და თან სტუმრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ეყოლებათ.

დღის მესამე და ყველაზე გვიანი მატჩი "ალიანს რივიერაზეა", სადაც სერიოზულ კრიზისში მყოფი "ნიცა" "მონაკოსთან" განწირული ჩანს, თანაც, უამრავი ტრავმირებული მოთამაშით. ნიცელებს ბოლო 7 მატჩში 6 წაგება აქვთ, 5 მარცხი ზედიზედ და გუნდი მე-15 ადგილამდე ჩამოქვეითდა. როგორც ამბობენ, მონაკოელებს ისევ არ ეყოლებათ რადამელ ფალკაო, მაგრამ წინა მატჩში კოლუმბიელის გარეშეც კარგად გამოიყურებოდნენ. ფალკაოს ისედაც გარკვეული კონფლიქტი აქვს კლაუდიო რანიერისთან და ახლა ტრავმაღა აკლდა.

პსჟ და დანარჩენი
"გენგამი" უკვე ვახსენეთ და ეს სიმპათიური გუნდი "ბორდოს" მასპინძლობს, რომელიც ბოლომდე ვერ დალაგდა. ჟირონდელები ხუთეულში შეძრომას ლამობენ და კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ ეკუთვნით ცხრილის ზედა ნაწილში ყოფნა.

ასევე დიდ ინტერესს იწვევს ბრეტონიის დედაქალაქში გასამართი მატჩი, რომელშიც "რენი" "სენტ ეტიენს" დაუხვდება. ფილიპ მონტანიეს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ცოფებს ყრის. მე-13 ადგილზე ყოფნა მისთვის მიუღებელია. "სენტ ეტიენი" კი წინა ტურის შედეგად მეხუთე ადგილზე გადავიდა და ეს მატჩი რომ მოიგოს, თუ მეოთხეზე მყოფი "მარსელი" "ლილთან" დამარცხდება, რაც გამორიცხული სულაც არ არის, "მწვანეები" მარსელელებს გაუთანაბრდებიან.

მოკლედ, კრისტოფ გალტიეს შეგირდებს მოტივაცია ნამდვილად არ აკლიათ.

არ გამოგვრჩეს "აიაჩოსა" და "ბასტიას" კორსიკული დერბი, არც გასაჭირში მყოფი "მონპელიესა" და ფორმაში შესული "ლორიანის" დაპირისპირება. ჰო, ნურც "სოშოსა" და "რეიმსის" ორმხრივად პრინციპულ დუელს დავტოვებთ უყურადღებოდ. მასპინძლებისთვის ეს "გადარჩენის კიდევ ერთი ბოლო შანსია", ხოლო სტუმრებმა რთული თამაშების მერე უნდა სცადონ გონს მოსვლა და დაამტკიცონ, რომ შემთხვევით არ ჰქონიათ ის კარგი სერია.

"ევიანმა" ბოლო ორი მატჩი საერთო ანგარიშით - 0:6 დათმო და საკმაოდ სერიოზული დანაკლისით ითამაშებს. ახლა თავად განსაჯეთ, რა შანსები აქვს ამ კლუბს პსჟ-სთან? ისევ თავად პარიზელები თუ მოიგონებენ რამეს და გაირთულებენ საქმეს, თორემ სხვა მხრივ, ლორან ბლანის შეგირდების გამარჯვება გარდაუვალი ჩანს.

დედაქალაქელთა ბანაკში ახლა სხვებთან დაპირისპირება კი არა, შიდა შეჯიბრებაა უფრო აქტუალური - ვინ უფრო მეტს გაიტანს: ზლატან იბრაჰიმოვიჩი თუ ედინსონ კავანი?

ტური "ჟერლანზე" დასრულდება, სადაც პსჟ-სგან შერცხვენილი "ლიონი" ისევ სწორ გზაზე დაბრუნებას შეეცდება, მაგრამ "სოშოს" განადგურებით ხასიათზე მოსულ "ტულუზს" უკვე არაერთხელ აქვს დამტკიცებული, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულად საძლეველი გუნდია, შეიძლება დიდი კლუბებისთვის უფრო მეტადაც კი, ვიდრე აუტსაიდერებისთვის.

ფალკაო არსად არ წავა
"მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა განაცხადა, რომ რადამელ ფალკაო არსად არ წავა, ყოველ შემთხვევაში, იანვარში. კლუბის კოლუმბიელ ბომბარდირს მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერისთან ურთიერთობა დაეძაბა და ეს არც მინდორზე დაიმალა: როდესაც რანიერიმ ფალკაოს შეცვლა გადაწყვიტა, კოლუმბიელმა შუბლზე ხელი მიიდო, სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედა და ირონიულად გაიღიმა - ეს მე მცვლისო?

ამის შემდეგ პრესაში უამრავი ჭორი გავრცელდა ფალკაოს ამა თუ იმ გუნდში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. ახსენებდნენ "რომას", მანჩესტერ იუნაიტედს", მადრიდის "რეალს"... თუმცა მონტეკარლოელთა უფროსობამ ფანები დაამშვიდა.

"ის აქ ყველაფრით კმაყოფილია. მე კლუბის პრეზიდენტთან, ფალკაოსთან და მის მეუღლესთან ერთად ვისადილე და რადამელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ იანვარში არსად წასვლაზე არ იფიქრებს. ტრავმა? დიახ, მას ფეხი მართლაც აწუხებს, მაგრამ სერიოზული არაფერია, მომავალ უიქენდზე უკვე ითამაშებს"
- თქვა ვასილიევმა.

XVI ტური

3 დეკემბერი
ლილი-მარსელი 22:00
ნანტი-ვალანსიენი 22:00
ნიცა-მონაკო 00:00

4 დეკემბერი
აიაჩო-ბასტია 22:00
გენგამი-ბორდო 22:00
მონპელიე-ლორიანი 22:00
რენი-სენტ ეტიენი 22:00
სოშო-რეიმსი 22:00
ევიანი-პსჟ 00:00

5 დეკემბერი
ლიონი-ტულუზი 00:00

ბომბარდირები: 11 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ვინსენტ აბუბაქარი (ლორიანი); 7 - ნელსონ ოლივეირა (რენი), შეიკ დიაბატე (ბორდო), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საფრანგეთი. ლიგა 1. XV ტური: უკომპრომისო ტური [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული