საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტურის წინ: კუნძულოვანი ლიგა ერთი

AutoSharing Option
ლიგა 1 კუნძულებად დაიყო. გამოიკვეთა და წინ "გაიქცა" სამი კლუბი და უკან დარჩა ბოლო სამი გუნდის პატარა და უმწეო კუნძული.

პსჟ-ის წაგებამ სამეულში მდგომარეობა ძალიან დაძაბა და ასევე დიდი სიმჭიდროვეა ლიდერებსა და აუტსაიდერებს შორის მყოფ კლუბთა დიდ ჯგუფში.

"ველოდრომზე" მშვიდობას არ ველით

მე-14 ტურის პირველი შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს. "მარსელი" და "ნანტი" ერთმანეთს მე-4 ადგილს ედავებიან, მათ შორის სხვაობა ერთადერთი ქულაა და მდევრებიც საკმაოდ ახლოს იმყოფებიან. თანაც, კომპრომისის იმედი არ უნდა გვქონდეს, ამ გუნდების ან ყველაფერი სურთ, ან არაფერი -
"მარსელს" ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი ფრე აქვს, ხოლო "ნანტს" უკანასკნელ 13 თამაშში - 1.

ასე რომ, მშვიდობასა და ზავს "ველოდრომის" ბინადრებსა და "იადონებს" შორის ნაკლებად უნდა ველოდოთ.

ელი ბოპს ახალ წლამდე გამოაკლდა მატიო ვალბუენა. თუ ამას ანდრე აიუსა და დიმიტრი პაიეს ტრავმებსაც დავუმატებთ, რასაკვირველია, მარსელელთა შემტევი პოტენციალი სუსტდება. თუმცა "ლილიდან" ნათხოვარი ფლორიან ტოვენი ისე კარგად თამაშობს, ანდრე-პიერ ჟინიაკმაც ისე მოუმატა და ჯორდან აიუც ისეთი მოწადინებულია, რომ მასპინძლები ალბათ რამეს მოახერხებენ.

ვინ ჩაიძირება და ვინ დარჩება ზედაპირზე?
რა ელის "პარკ დე პრენსზე" ისედაც ფსკერზე დალექილ "სოშოს"? "პარი სენ-ჟერმენი" "ევიანთან" მარცხის მერე ძალიან გაბრაზებულია და მონბელიარელებს ალბათ არ დაინდობს. "სოშო" კი, "აიაჩოსა" და "ვალანსიენისა" არ იყოს, უკვე ისე მოსწყდა მე-17 ადგილს, რომ გადარჩენაზე ფიქრი ნელ-ნელა უკვე წარმოუდგენელი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სეზონის ნახევარიც არ არის გასული.

ამ აუტსაიდერებს იმედს კატასტროფულად მოასპარეზე "მონპელიე" აძლევს, რომელიც გასავარდნი ზონის მიჯნაზეა. ილუზიები ოდნავ უფრო რეალური რომ გახდეს, არიელ იაკობსის "ვალანსიენმა" საკუთარ კედლებში აუცილებლად უნდა მოუგოს "გენგამს", რომელიც კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ მეორე მხრივ, ბოლო 6 მატჩში (აქედან ერთი თასზე, რომელსაც გუნდი გამოეთიშა) ჟოსელინ გურვენეკის შეგირდებმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს.

თუმცა გენგამელებს მეტოქეებიც ძლიერი ჰყავდათ და "ვალანსიენს" თუ არ ჩავთვლით, არც უახლოესი თამაშები ექნებათ ადვილი, რადგან მომავალი რანდევუები - "მონაკოსთან", "ტულუზთან" და "სენტ ეტიენთან" ელით.

საინტერესო იქნება ბრეტონული დერბი "ლორიანსა" და "რენს" შორის. მძიმე მატჩების მერე "სოშოსთან" მოიგო და ახლა ღრმა კრიზისში მყოფი "ნიცას" დამარცხებას შეეცდება. ნიცელებს მიყოლებით 6 წაგება აქვთ (აქედან 4-ში გოლიც ვერ გაიტანეს) და კლოდ პუელი ჟან ფერნანდესის ბედს გაიზიარებს, ანუ პოსტს დაატოვებინებენ.

წინა ტურში წაგების გამო წინსვლა არ ჰქონია "სენტ ეტიენს" და პირიქით, მდევრები მოიახლოვა. ამის გამოსწორებას კრისტოფ გალტიეს ბიჭები "ჟოფრუა გიშარზე" "ევიანთან" შეეცდებიან, მაგრამ გვახსოვდეს, რომ სწორედ ევიანელებმა აგემეს სეზონში პირველი მარცხი პსჟ-ს.

ლანდროს რეკორდი, ენიეამა გზაშია
ნახსენებ "მონპელიეს" "ტულუზთან" მძიმე სტუმრობა აქვს. გუნდმა ბოლო 14 მატჩში მარტო 1 მოიგო. სხვანაირად თუ ვიტყვით, მონპელიელებს უკვე 8 მატჩია არ უმარჯვიათ. აქედან 5 წააგეს და 4 ისე, რომ გოლიც არ გაუტანიათ.

წინა ტურში "ლორიანთან" საშინაო მარცხი უკვე ნამეტანი იყო და მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ჟან ფერნანდესს წასვლა მოუხდა. პატივს რომ სცემენ, სწორედ ამიტომ აცადეს ამდენი ხანი, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს. კლუბის პრეზიდენტის, ლუი ნიკოლენის გადაწყვეტილებით, დროებითი მწვრთნელი პასკალ ბაილი იქნება.

მოღონიერებული "ბორდო" იმ "ლილს" მასპინძლობს, რომელსაც 11 ტურია, გოლი არ გაუშვია. ბედის ირონიით, ლილელთა მეკარე ვინსენტ ენიეამა იმ რეკორდის მოხსნაზე მიდის, რომელიც ჟირონდელთა ყოფილ გოლკიპერს, გაეტან იარუს ეკუთვნის - დაახლოებით 20 წლის წინ ამ გოლკიპერმა 1176 წუთის მანძილზე შეინახა კარი მშრალად. ნიგერიელს კი უკვე 1 035 წუთია, არ გაუშვია და სავარაუდოდ, "შაბან დელმაზე" მას ცოტა საქმე არ ექნება. ეს შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება "მონაკოს", კლაუდიო რანიერის განკარგულებაში შესაძლოა ისევ არ იყოს რადამელ ფალკაო. ექიმები გადაწყვეტილებას მატჩამდე ცოტა ხნით ადრე მიიღებენ. თუმცა კოლუმბიელმა რომც ვერ შეძლოს მინდორზე გასვლა, მონაკოელებმა უცილობლად უნდა იმარჯვონ - ისინი ლიდერს ოდენ 2, ხოლო მეორეადგილოსანს 1 ქულით ჩამორჩებიან და მათთან ჭიდილის გაგრძელების გარდა, არც მდევრების ახლოს მოშვება უნდათ.

საფრანგეთი. ლიგა 1. XVII ტური
6 დეკემბერი
მარსელი-ნანტი 0:1

7 დეკემბერი
პსჟ-სოშო 20:00
ლორიანი-რენი 23:00
რეიმსი-ნიცა 23:00
სტ. ეტიენი-ევიანი 23:00
ვალანსიენი-გენგამი 23:00

8 დეკემბერი
ბორდო-ლილი 17:00
ბასტია-ლიონი 20:00
ტულუზი-მონპელიე 20:00
მონაკო-აიაჩო 00:00

ბომბარდირები:
11 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ვინსენტ აბუბაქარი (ლორიანი); 7 - ნელსონ ოლივეირა (რენი), შეიკ დიაბატე (ბორდო), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული