ვინ ახსნის ჯადოს "მონპელიეს"?
"მონპელიეში" როლან კურბისი დაბრუნდა და ახლა სწორედ მას ევალება გუნდის კრიზისიდან გამოყვანა. იგი კლუბს 2007-09 წლებში ხელმძღვანელობდა და ლიგა ერთშიც ამოიყვანა.
გამოცდილმა მწვრთნელმა განაცხადა, ჯადოქარი არ ვარო, მაგრამ რაღაცებს აუცილებლად შევცვლი, ამ წელს დარჩენილი ორი მატჩი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მომავალი დიდ წილად ამ
სხვა ამბიციები და გეგმები აქვს "სენტ ეტიენს", რომლის თავკაცი კრისტოფ გალტიეც საფრანგეთში კინაღამ 2013 წლის მწვრთნელად დასახელდა. თუ "მწვანეებს" სერიოზულად სურთ ხუთეულისთვის ბრძოლა, თამაში ბოლო-ბოლო უნდა დააბალანსონ და ასეთი შეხვედრები მოიგონ.
მონპელიელები კი უკანასკნელი 15 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ გამოვიდნენ მოგებულები და თუ როგორ სწყურიათ გამარჯვება, ალბათ ხვდებით.
ლიდერები
პსჟ-მ ბოლო სამი მატჩიდან ორი წააგო, ორივე გასვლაზე... ქვეყანა არ დაქცეულა, მით უმეტეს, ლიგაზე "ბენფიკასთან" უმოტივაციო თამაშში მარცხით, მაგრამ ფანებისთვის ეს სასიამოვნო მაინც არ არის. თან, ლიგა ერთში "მონაკო" უკვე სიახლოვესაა და სულმოუთქმელად ელოდება პარიზელების კიდევ ერთ წაბორძიკებას.
ასე რომ, ლორან ბლანის გუნდმა უნდა მოიგოს, მაგრამ მეტოქე არც ისე ხელწამოსაკრავია. შესაძლოა "რენს" სეზონი უვარდება, მაგრამ "სტად დე ლა რუტ დე ლორიანიდან" 3 ქულის წამოღება ადვილი არ არის. თან გუნდს ბრეტონული დერბი აქვს წაგებული "ლორიანთან" და ამის მერე გულშემატკივართა თვალში როგორმე უნდა ამაღლდეს.
ფილიპ მონტანიეს მსგავს მატჩებში თავის გამოდება უყვარს და იგი შეგირდებს მაქსიმალურად მოქოქავს. პლუს, პსჟ-სთვის "რენი" ცოტა უხერხული მეტოქეა.
ამ მატჩის შედეგი უკვე ეცოდინება "მონაკოს", მაგრამ კლაუდიო რანიერის გუნდმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იმარჯვოს.
მონტეკარლოელები მიჯრით 4 მოგებით მოდიან, თანაც, გოლი არ გაუშვიათ და აქედან სამ შეხვედრაში საუკეთესო ბომბარდირი რადამელ ფალკაო არ ჰყავდათ. კოლუმბიელს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მისი და მწვრთნელის კონფლიქტზეც ბევრს საუბრობდნენ და თუ ფალკაო ამ შეხვედრაშიც არ გამოჩნდა, მითქმა-მოთქმა მერე ნახეთ. "გენგამი" კი სეზონის ერთ-ერთი სასიამოვნო მოულოდნელობაა და შეეცდება, მორიგი სიურპრიზი შემოგვთავაზოს.
წინა ტურში ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ "ლილი" ბოლო-ბოლო ჟირონდულ ველზე დაეცა. თუმცა დაკარგული ჯერ არაფერია. თუ გუნდს მაინცდამაინც ჩემპიონობისთვის ბრძოლა უნდა, "ბასტიასთან" ეს მატჩიც უნდა მოიგოს და 2013 წლის ბოლო შეხვედრაში "პარკ დე პრენსზეც" უნდა აჯობოს პსჟ-ს.
თუმცა, მოდით, ჯერ მხოლოდ კორსიკელებთან დაპირისპირებაზე ვისაუბროთ, რომელიც რენე ჟირარის ბიჭებს მართლაც მოსაგები აქვთ, რადგან სამეულში მყარად დარჩნენ, თორემ მდევარი ძალიან ბევრი ჰყავთ.
სტუმრების მთავარ ძალას საშინაო მატჩები წარმოადგენს, გასავარდნ ზონას ამჟამად 12 ქულით უსწრებენ და ერთი სიტყვით, "ბასტია" მშვიდადაა, მაგრამ შობისა და ახალი წლის მოახლოების მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, ვინმესთვის 3 ქულის უომრად ჩუქების სურვილით იყოს განმსჭვალული.
სხვა მხრივ კი, კორსიკელთა კარის აღება, როგორც წესი, არც ისე ადვილი საქმეა - ლილელთა მთავარი პრობლემა კი სწორედ მომენტების უხვად შექმნა და ბევრი გოლის გატანაა.
"ჟერლანი" და სხვა
"მარსელი", რომელმაც "დორტმუნდი" კინაღამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩატოვა, "ჟერლანზე" "ლიონს" ესტუმრება და ტურიც ამ მატჩით დაიხურება. ელი ბოპის გაშვების მერე მარსელელებს ახალ წლამდე სპორტული დირექტორი ჟოზე ანიგო თავკაცობს.
"ოლიმპიკების" დუელი დიდ ინტერესს იწვევს. "მარსელმა" ბოლო პერიოდში ლიგა ერთში 3 მატჩი მოიგო, მაგრამ ბოლო ოთხეულის გუნდებთან. აი, სხვებთან კი უჭირს და ახლა "ლიონთან" უნდა გვიჩვენოს, რა შეუძლია. რემი გარდი კი შეეცდება, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს მოუგოს და მასთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამციროს. მისი შეგირდები უკანასკნელ პერიოდში ოდნავ უკეთ გამოიყურებიან.
საინტერესოა, რომ ლიგა ერთში უკვე 5 გუნდში შეიცვალა მწვრთნელი. "მარსელის" გარდა, ეს იმ 4 გუნდში მოხდა, რომლებიც ბოლო 4 ადგილზე არიან. სიმბოლურია - ბოლოდან მეხუთე "ნიცაა" და გაშვების მთავარი კანდიდატი ახლა სწორედ კლოდ პუელია.
ეს ულაპარაკოდ ბოლო შანსია, თუ ნიცელები საკუთარ "ალიანს რივიერაზე" ცხრილის ფსკერზე დალექილ "სოშოსაც" ვერ მოუგებენ... პუელს ზედიზედ 7 წაგება აქვს და აქედან 5 შემთხვევაში მისმა გუნდმა მინდორი უგოლოდ დატოვა.
საფრანგეთი. ლიგა 1. XVIII ტური
13 დეკემბერი
მონპელიე-სტ. ეტიენი 0:1
14 დეკემბერი
რენი-პსჟ 20:00
აიაჩო-ლორიანი 23:00
ევიანი-რეიმსი 23:00
გენგამი-მონაკო 23:00
ნანტი-ტულუზი 23:00
ნიცა-სოშო 23:00
15 დეკემბერი
ბორდო-ვალანსიენი 17:00
ლილი-ბასტია 20:00
ლიონი-მარსელი 00:00
ბომბარდირები:
13 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - ედინსონ კავანი (პსჟ); 9 - ვინსენტ აბუბაქარი (ლორიანი), რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"