საფრანგეთი. ლიგა 1. XIX ტური: "მონაკოს" სენსაციური მარცხი

AutoSharing Option
სენსაციური პარასკევი
"მონაკომ" პსჟ-ისა და "ლილის" ურთიერთშეხვედრით ვერ ისარგებლა და სენსაციური მარცხი განიცადა, თანაც "ვალანსიენთან", რომელსაც იქამდე ლიგა 1-ში გასვლაზე გამართული 22 შეხვედრიდან მხოლოდ 1 ჰქონდა მოგებული.

ერთ-ერთმა გამოკვეთილმა აუტსაიდერმა ამით გარკვეული შანსები გაიჩინა და ჩამოსაწერად გამზადებული, უსაფრთხო ზონას მიუახლოვდა. ქება ეკუთვნის ვეტერან მწვრთნელ არიელ იაკობსს. კლაუდიო რანიერის გუნდი კი, თუ მაინც ოცნებობდა ჩემპიონობაზე, ახლა ეს უნდა დაივიწყოს.

ბოლო 10 წუთი ძალიან საინტერესო გამოდგა. 0:2-ის მიუხედავად, "ლუი II"-ის მკვიდრნი არ ნებდებოდნენ და როგორც იქნა, მინდორზე გამოჩენილმა რადამელ ფალკაომ პენალტი მოინადირა.
თერთმეტმეტრიანის გოლად ქცევა თავად შეცვლაზე შემოსულმა კოლუმბიელმა გადაწყვიტა, მაგრამ ძალიან ცუდად დაარტყა და ნიკოლა პენეტომ მას აუღო. მიუხედავად ამისა, წუთში მისმა თანამემამულემ ჯეიმს როდრიგესმა სხვაობა შეამცირა. როდრიგესსვე ცოტა ხანში გათანაბრება შეეძლო, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირეს. იქამდე (0:2-ზე) ამავე მიზეზით გაუქმდა კურზავას მიერ სტუმართა კარში გატანილი ბურთიც.

"მწვანეების" გზა ხსნილია
მიუხედავად იმისა, რომ "სენტ ეტიენს" თასზე პსჟ-სთან 120-წუთიანი ომი გადახდა თავს, "მწვანეებს" დაღლილობა არ ეტყობოდათ და მათ "ნანტს" ძალიან პრინციპული მატჩი მოუგეს. ეს კრისტოფ გალტიეს გუნდის მე-4 გამარჯვებაა ლიგა 1-ის ხუთ მატჩში. მევლუთ ერდინჩმა კი, ყველა ტურნირს თუ ავიღებთ, მიჯრით მეხუთე შეხვედრაში გაიტანა გოლი. "სენტ ეტიენი" მე-5 ადგილზე დამკვიდრდა და თუ 8 იანვარს "ევიანთან" გადადებულ თამაშში ქულას მაინც აიღებს, მე-4 ადგილზეც გადავა.

"ვალანსიენისა" არ იყოს, ცოტათი გამოფხიზლდა და ხავსს ჩაეჭიდა "სოშოც". მართალია, მონბელიარელების შანსებსა და გადარჩენაზე საუბარი ჯერ არასერიოზულია, მაგრამ ეს მატჩი აქტივში ჩავუწეროთ. მატჩის გმირი სედრიკ ბაკამბუ გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და სეზონში უკვე 6 გოლი მოუგროვდა. სტუმართა მხრიდან რომენ ალესანდრინიმ შეაგდო, რაც ნიშნავს, რომ უკანასკნელ 4 თამაშში მას 3 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მთლიანობაში, "რენის" თამაში უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.

სამაგიეროდ, არაფერი შველის "აიაჩოს". კორსიკელები, ალბათ, სეზონის ბოლოს ხელს დაგვიქნევენ და ლიგა 2-ში ჩაინაცვლებენ. მათი მეკარე გილერმო ოჩოა ყველაფერს აკეთებდა და სადამდეც შეეძლო, გაძლო, მაგრამ... 59-ე წუთიდან 77-ე წუთამდე მაყურებლებმა ერთბაშად 5 (!) გოლი ნახეს, 4 აქედან "აიაჩოს" კარში გავიდა. გაეტან შაბრონიეს რაც იქამდე ჰქონდა გაფუჭებულ-ვერგატანილი, ამ მატჩში აინაზღაურა. ნავსი სწორედ ექსმონპელიელმა გატეხა და 3 წუთში 2 მშვენიერი გოლით სტუმრებს თავიანთი ადგილი მიუჩინა.

კლოდ პუელის "ნიცამ" დაგვიდასტურა, რომ კრიზისი დაძლეულია. ნიცელებს დებიუტში უამრავი მომენტი ჰქონდათ - დარიო ცვიტანიჩის ძელი და ასე შემდეგ. თუმცა წინ "ევიანი" გავიდა. ამან "ალიანს რივიერას" ბინადრები არ გატეხა და მეორე ტაიმში მათ სამართლიანობა აღადგინეს. გაიბრწყინა ერიკ ბოტეაკმა. იგი ამჯერად დუბლით გამოირჩა. ერთ-ერთი გადაცემა 25 წლის კრისტიან ბრიულის იყო, რომელიც კლასიკურ "მეპასედ" ყალიბდება და ამ საინტერესო ფეხბურთელს სეზონის ბოლოს ალბათ "გენტი" გამოიწვევს, რათა თავისთან აათამაშოს ან სარფიანად გაყიდოს.

ძელი, მეკარე ალი აჰამადას ბრწყინვალე თამაში და რა აღარ დაეხმარა "ტულუზს" იმაში, რომ საკუთარ კედლებში არ წაეგო "გენგამთან". 0:0 დაფიქსირდა კორსიკაზე "ბასტიასა" და "მონპელიეს" შეხვედრაშიც. მასპინძლები კი ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ მინიმუმ 2 ძალიან მწვავე მომენტი როლან კურბისის გუნდსაც ჰქონდა. ასეა თუ ისე, "მონპელიე" უკვე ძალიან სახიფათოდ ახლოსაა გასავარდნ ზონასთან. ისე, მიუხედავად ამ ორი უგოლოდ დასრულებული მატჩისა, წლის ბოლო ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.

მამა-შვილი და უხვგოლიანი ფრეები
"მარსელის" ყოფილმა მეკარემ, ამჟამად კი "ბორდოს" კაპიტანმა სედრიკ კარასომ ბევრი რთული ბურთი მოიგერია, სანამ ჟირონდელები წინ გავიდოდნენ. შემდეგ ფრანსის ჟიიოს გუნდმა ორბურთიანი უპირატესობით წაიყვანა და თითქოს ჩემპიონატში მიყოლებით მეხუთე გამარჯვება უნდა ეზეიმა, თანაც, როგორი მნიშვნელოვანი, მაგრამ "ოლიმპიკმა" პატარა გმირობა ჩაიდინა. 73-ე წუთზე ჟაკ-ალექსის რომაომ დასწრებაზე იყოჩაღა და აქტიური ფლორიან ტოვენის დარტყმულს დაამატა, ხოლო 74-ეზე ანდრე-პიერ ჟინიაკმა ბენჟამინ მენდის პასით გაათანაბრა - იგი 8 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

ბოლოს მარსელელებმა კინაღამ მოიგეს, მაგრამ სულეიმან დიავარას დარტყმა პირდაპირ კარასოსკენ წავიდა. სტუმართა მხრიდან ზედიზედ მესამედ გაიტანა ნიკოლა მორის-ბელაიმ, რაც შესანიშნავი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ფეხბურთელს 247 მატჩში სულ 11 გოლი აქვს გატანილი.

ძალიან დრამატული და საინტერესო იყო "ლორიანისა" და "ლიონის" დაპირისპირებაც. კრისტიან გურკუფის შესანიშნავ ფორმაში მყოფი მასპინძლები დასაწყისში მძიმედ გამოიყურებოდნენ და ამით ლიონელებმა ისარგებლეს - კლემან გრენიემ უმცროსი გურკუფის, იოანის პასით გაიტანა. მეორე ნახევრის დებიუტშივე ბაფე გომისმა თავისი მორიგი, კერძოდ, მე-7 გოლი შემოგვთავაზა.

ვენსან პატე აბუბაქარი კი აღარ ხუმრობს, 21 წლის კამერუნელმა მე-11 გოლი შეაგდო და ისევ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ედინსონ კავანის მისდევს.

"ვალანსიენის" ექსფორვარდმა ბრეტონელები თამაშში დააბრუნა და "ლორიანს" ბოლომდე ბრძოლა 92-ე წუთზე დაუფასდა. უფროსი გურკუფის ცვლილებამ გაამართლა - 92-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ალენ ტრაორემ გაათანაბრა. ასე რომ, ლორიანელებმა მიჯრით მე-6 გამარჯვება ვეღარ იზეიმეს, მაგრამ წაუგებელი სერია 8 შეხვედრამდე გაზარდეს. "ლიონი" კი ახალ წელს ზუსტად მე-10 ადგილზე შეხვდება.

ლიგა 1. XIX ტური

მონაკო-ვალანსიენი 1:2
გოლები: 0:1 აბიდალი (30-ს.კ.), 0:2 დუკურტიუ (58), 1:2 ჯ. როდრიგესი (84)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი (64. ფერეირა-კარასკო), რ.კარვალიო, აბიდალი, კურზავა - მოუტინიო, ტულალანი, ობადი - მარტიალი (56. ოკამპოსი), ჯ. როდრიგესი, რივიერი (46. ფალკაო)

სტ. ეტიენი-ნანტი 20:00
გოლები: 1:0 კორნიე (24), 2:0 ერდინჩი (83-პენ.)

ბასტია-მონპელიე 0:0

ნიცა-ევიანი 3:1
გოლები: 0:1 მონგონგუ (27-პენ.), 1:1 ბოტეაკი (60), 2:1 ბოტეაკი (69), 3:1 ბოსეტი (86)

რეიმსი-აიაჩო 4:1
გოლები: 1:0 შარბონიე (59), 2:0 შარბონიე (62), 3:0 ატარი (73), 3:1 ედუარდო (74), 4:1 აიიტე (77)

სოშო-რენი 2:1
გოლები: 1:0 ბაკამბუ (18-პენ.), 1:1 ალესანდრინი (41-პენ.), 2:1 ბაკამბუ (71)

ტულუზი-გენგამი 0:0

მარსელი-ბორდო 2:2
გოლები: 0:1 ჟუსი (34), 0:2 მორის-ბელაი (66), 1:2 რომაო (73), 2:2 ჟინიაკი (74)
მარსელი (4-3-3): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, დიავარა, მენდი - ლემინა (69. ჯ. აიუ), რომაო, იმბულა (85. ბენუა შეირუ) - ტოვენი, პაიე (59. ხელიფა), ჟინიაკი

ლორიანი-ლიონი 2:2
გოლები: 0:1 გრენიე (21), 0:2 გომისი (49), 1:2 აბუბაქარი (60), 2:2 ა. ტრაორე (90+2)
ლიონი (4-2-3-1): ა. ლოპეში - მ. ლოპეში (78. ფერი), ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - გონალონი, ფოფანა - გრენიე (88. მალბრანკი), ლაკასეტი, გურკუფი - გომისი

პსჟ-ლილი 2:2
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (36), 1:1 რიო მავუბა (44), 1:2 ს. კალუ (53-პენ.), 2:2 ბაშა (72-ს.კ.)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი (67. პასტორე), ტიაგო სილვა, დინი (76. რაბიო) - ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი - ლუკასი, ლავეცი (76. მენეზი), იბრაჰიმოვიჩი
ლილი (4-3-1-2): ენიეამა - ბერია (56. სიდიბე), როზენალი, ბაშა, სუარე - რიო მავუბა, ბალმონი, გეიე - მარტენი (68. როდელენი) - ს. კალუ, რუ (82. ორიჯი)

ბომბარდირები: 15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 9 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო); 8 - ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი).

მომდევნო ტური
8 იანვარი.
სტ.ეტიენი-ევიანი (გადადებული მატჩი)

10 იანვარი.
მონპელიე-მონაკო

11 იანვარი.
აიაჩო-პსჟ, ბორდო-ტულუზი, გენგამი-სტ. ეტიენი, ლიონი-სოშო, რენი-ნიცა, ვალანსიენი-ბასტია;

12 იანვარი.
ნანტი-ლორიანი, ევიანი-მარსელი, ლილი-რეიმსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული