საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური: გატეხილი ნავსი და დრამა [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ ისევ გაიქცა
"მონაკოს" შანსი ჰქონდა, თუნდაც ერთი დღით ქულებით გათანაბრებოდა "პარი სენ-ჟერმენს", მაგრამ "ვალანსიენთან" სენსაციური მარცხის მერე კლაუდიო რანიერის ბიჭებს ფეხი "მონპელიესთან" დაუცდათ.

მონპელიელთა ბანაკში საზეიმო განწყობა იყო, რადგან რემი კაბელიამ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლომდე დარჩება და გუნდს დაეხმარება, ხოლო მბაიე ნიანგს ამ კლუბის მაისურით ლიგა 1-ში დებიუტი უნდა ჰქონოდა.

მეორე ნახევარი არც ისე დიდი ხნის დაწყებული იყო, როცა ჯეიმს როდრიგესმა ჯარიმა შეასრულა და მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა.

თუმცა "ლუი მეორეს" ბინადრებმა დიდი ხნით ვერ გაიხარეს - შეცვლაზე შემოსულმა
სულეიმან კამარამ კაბელიას უპასა, რომელმაც ერიკ აბიდალს ჩაუქროლა და პენალტი "აიკიდა". თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ნიანგი გაჩნდა და მართალია, 19 წლის თავდამსხმელს პირველი დარტყმა ჟოფრუა ჟურდრენმა აუღო, მაგრამ მან დამატებაზე გაიტანა.

"მონაკოს" მოგება შეეძლო, თუნდაც პირველ წრეში "მონპელიეს" კარში ჰეთ თრიქის შემსრულებელი ემანუელ რივიერის შანსი შეგვიძლია ვახსენოთ, მაგრამ ჟურდრენი იმ დღეს მეტის გაშვებას აღარ აპირებდა.

პსჟ-ს კორსიკაზე იმ გუნდთან ელოდა მატჩი, რომელსაც პირველ წრეში საკუთარ კედლებში არანორმალური უპირატესობის და მეტოქის კარში 38-ჯერ დარტყმის მიუხედავად, სასწაულებრივ ვერ მოუგო და საერთოდ, ამ გუნდების ბოლო სამი შეხვედრა ფრედ იყო დასრულებული.

სხვათა შორის, დედაქალაქელებს ამჯერადაც ნერვების წყვეტა მოუხდათ. "აიაჩო" სტარტზევე დაწინაურდა. გოლი ედუარდომ გაიტანა და მალევე ბრაზილიელმა მეორე კინაღამ კაპიტან იოან კავალის გაატანინა.

ანგარიში ტაიმის მიწურულს ესეკიელ ლავეციმ გაათანაბრა, ხოლო ბლეზ მატუიდიმ საბოლოოდ ნაწვალები 3 ქულა მოუტანა გუნდს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს თავად არ გაუტანია, მაგრამ ორივე შემთხვევაში ასისტენტად მოგვევლინა და ჯარიმიდან ხარიხას გაარტყა.

ამრიგად, პარიზელებმა ხუთი ქულით გაზარდეს ტურამდე უახლოეს მდევარ "მონაკოსთან" სხვაობა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წითელი ბარათები და გამოუყენებელი პენალტები
2001/02 წლების სეზონის მერე "ლორიანის" მაისურით 19 ტურის შემდეგ 10 ან მეტი გოლი არავის გაეტანა. მაშინ ეს ჟან-კლოდ დარშევილმა შეძლო, რომლის ანგარიშზეც 13 ბურთი გახლდათ, ახლა კი 11 გოლით იწონებდა თავს ვენსან აბუბაქარი, ხოლო ბრეტონელები 7-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩავიდნენ "ნანტში", მაგრამ...

ვერც აბუბაქარმა გაიტანა და "ლორიანსაც" არ გაუმართლა - 89-ე წუთზე ისმაელ ბანგურამ "იადონებს" ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა. კრისტიან გურკუფის გუნდის კარგი სერია კი უკან დარჩა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან საინტერესო გამოდგა "შაბან დელმაზე" გამართული შეხვედრა, რომელშიც "ბორდო" "ტულუზთან" დამარცხდა. ალენ კაზანოვამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სრულიად არაპროგნოზირებადი გუნდი ჰყავს.

მოკლედ, გარონის დერბიმ მოლოდინი გაამართლა. არადა, ჟირონდელებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - სტუმრები უროშ სპაიჩის გარეშე დარჩნენ, მაგრამ აქედან ათ წუთში მაქსიმ ბუნდჟემ ვისამ ბენ იედირი მოცელა და წითელი ბარათი და პენალტი ერთად "დაიმსახურა". თერთმეტმეტრიანი თავად ბენ იედერმა დაარტყა, მაგრამ მას სედრიკ კარასომ აუღო.

ბენ იედერმა შეცდომა გარკვეულწილად გამოასწორა, როდესაც ჟან-დანიელ აკპა-აკპროს უპასა, ხოლო მან ტულუზელთა ოქროს შენაძენს, მარტინ ბრეტვეიტს გაატანინა. "ბორდოს" შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ გიიომ ოაროს პასის მერე ანდრე ბიოგო პოკომ ძელს გაარტყა და საბოლოოდ, ჟირონდელებმა ხუთეულში ადგილი დაკარგეს.

თრილერი ვიხილეთ "ვალანსიენსა" და "ბასტიას" შორის. მასპინძელთა რიგებში მატიე დოსევიმ გაილაღა და დუბლი გაახერხა. მერე კი მოსკოვის "სპარტაკიდან" ნათხოვარმა მაჯიდ ვარისმა არიელ იაკობსს ნდობა გაუმართლა და შეცვლაზე შესულმა განელმა ანგარიში 3:0 გახადა.

როგორც ჩანს, იაკობსის შეგირდები ზედმეტად მოდუნდნენ და გამოცდილმა ილანმა ჯერ კრისტიან კოფი რომარიკს გაატანინა, მერე კი თავად იხეირა, მაგრამ კორსიკელებმა მეტი ვეღარ მოასწრეს. აი, "ვალანსიენი" კი უკვე მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება უსაფრთხო ზონას.

სამაგიეროდ, გვარიანად ჩამორჩა "სოშო". მონბელიარელებს "ჟერლანზე" "მარსელიდან" ნათხოვარმა ჯორდან აიუმ ვერ უშველა. სტუმრებმა 57-ე წუთამდე გაძლეს, მაგრამ "ლიონი" აშკარად ჯაბნიდა მეტოქეს და ბოლო-ბოლო ნავსის გატეხვაც შეძლო.

უგოლოდ დასრულდა "რენი"-"ნიცა", მაგრამ სინამდვილეში მატჩი საკმაოდ საინტერესო იყო. მარტო იმის ხსენება რად ღირს, რომ 29-ე წუთზე პენალტი მასპინძელთა შემტევმა ფუედ კადირმა ვერ გამოიყენა, ხოლო 54-ეზე - სტუმართა მეგოლემ დარიო ცვიტანიჩმა.

ასევე 0:0 დაფიქსირდა "გენგამსა" და "სენტ ეტიენს" შორის. "მწვანეებმა" ვერ მოიგეს, მაგრამ მე-4 ადგილს ინარჩუნებენ. კრისტოფ გალტიეს გუნდს მიუახლოვდა "მარსელი", რომელმაც გასვლაზე სძლია "ევიანს". არადა, აქამდე "ველოდრომის" ბინადრებს ევიანელებთან სტუმრად სულ სამი შეხვედრა ჰქონდათ ჩატარებული და სამივე წაგებული. აღსანიშნავია, რომ "ევიანი" "მარსელიდან" მოყვანილი მოდუ სუგუს გოლით იგებდა, მაგრამ ბენუა შეირუმ გაათანაბრა, ხოლო გმირად ჟოზე ანიგოს გუნდს ისევ და ისევ ანდრე-პიერ ჟინიაკი მოევლინა. მინდორს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული მატიო ვალბუენა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XX ტური
მონპელიე-მონაკო 1:1
გოლები: 0:1 კურზავა (52), 1:1 მბაიე ნიანგი (68)
მონაკო (4-3-3): სუბაშიჩი - რაჯი, რ. კარვალიო, აბიდალი, კურზავა - ობადი (73. ფერეირა-კარასკო), მოუტინიო, ტულალანი - ჯ. როდრიგესი, რივიერი (82. ოკამპოსი), ფალკაო

აიაჩო-პსჟ 1:2
გოლები: 1:0 ედუარდო (6), 1:1 ლავეცი (41), 1:2 მატუიდი (74)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი (72. პასტორე), ტიაგო სილვა, მაქსველი - რაბიო (82. მარკინიოსი), ტიაგო მოტა, მატუიდი - ლავეცი (72. ლუკასი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

ბორდო-ტულუზი 0:1
გოლი: 0:1 ბრაიტვაიტი (53)
გაძევება: სპაიჩი (24. ტულუზი), პუნდჟე (34. ბორდო)

გენგამი-სტ. ეტიენი 0:0

ლიონი-სოშო 2:0
გოლები: 1:0 გრენიე (57), 2:0 გურკუფი (75)
ლიონი (4-3-3): ენტონი ლოპეში - მიგელ ლოპეში, ბიშევაცი, უმტიტი, ბედიმო - ფოფანა, გონალონი, გრენიე - გურკუფი, ლაკასეტი (81. ბრიანი), გომისი

რენი-ნიცა 0:0

ვალანსიენი-ბასტია 3:2
გოლები: 1:0 დოსევი (33), 2:0 დოსევი (35), 3:0 ვარისი (54), 3:1 რომარიკი (71), 3:2 ილანი (83)

ნანტი-ლორიანი 1:0
გოლი: 1:0 ბანგურა (89)

ევიანი-მარსელი 1:2
გოლები: 1:0 სუგუ (15), 1:1 ბენუა შეირუ (22), 1:2 ჟინიაკი (39)
მარსელი (4-3-3): მანდანდა - აბდალა, ნკულუ, დიავარა, მენდი - ლემინა (85. იმბულა), ბენუა შეირუ, რომაო - ხელიფა (63. პაიე), ტოვენი (72. ვალბუენა), ჟინიაკი

ლილი-რეიმსი 1:2

ბომბარდირები:
15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 9 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო).

მომდევნო ტური
17 იანვარი:
სტ.ეტიენი-ლილი

18 იანვარი:
მარსელი-ვალანსიენი, ბასტია-ბორდო, ლორიანი-გენგამი, ნიცა-აიაჩო, რენი-ევიანი. სოშო-მონპელიე

19 იანვარი:
რეიმსი-ლიონი, ტულუზი-მონაკო, პსჟ-ნანტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული