საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტურის წინ: რა ფერი აენთებათ "მწვანეებს" "ბორდოსთან"?

AutoSharing Option
ტური საფრანგეთში "ლილისა" და "რენის" დაპირისპირებით დაიწყო.

რენე ჟირარის შეგირდებმა 34-ე წუთზე გატანილი სალომონ კალუს გოლით კი გაიხარეს, მაგრამ დიდხანს ვერა - ბრეტონელებმა გათანაბრება ტაიმის დასრულებამდე მოასწრეს. თავი აბდულაიე დუკურემ გამოიჩინა და სტუმრებს ქულა მოუტანა.

რაც შეეხება შაბათ-კვირის შეხვედრებს: "გენგამს" არ გაუმართლა, საფრანგეთის თასზე წაგებით გაბრაზებული "პარი-სენ ჟერმენი" სწორედ ამ შეხვედრაში შეეცდება რეაბილიტაციას.

ეს ფეხბურთელებსაც სჭირდებათ, გულშემატკივრებსაც და ლორან ბლანსაც, რომელიც ძალიან უკმაყოფილო იყო "მონპელიესთან" მოულოდნელი მარცხით.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, "სტად დუ რუდურუზე" ბურთაობა ადვილი საქმე არ არის და ეს
კი არა, პირველ წრეში პარიზელებმა შინაც ძლივს მოუგეს "გენგამს". მატჩი 2:0-ით კი დასრულდა, მაგრამ დედაქალაქელებმა ორივე ბურთი ბოლო წუთზე გაიტანეს.

"სენტ ეტიენს" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჟირონდაში "ბორდოსთან" და თუ "მწვანეები" უშუალოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის სერიოზულად აპირებენ ბრძოლას, სასურველია, ეს თამაში მოიგონ, სულ მცირე კი, არ უნდა წააგონ.

თავისი საზრუნავი აქვს "ბორდოს", რომელიც ხუთეულისთვის იბრძვის და ძალიან კარგი სერიის მერე თამაში კვლავაც აერია. ფრანსის ჟიიოს გუნდს ლიგა ერთში ზედიზედ ორი წაგება აქვს და პარალელურად, ჟირონდელებმა ორივე თასზე ფიასკო განიცადეს.

მხოლოდ ჩემპიონატის შემყურე დარჩა კრისტოფ გალტიეს გუნდიც. ასე რომ, "ჟაკ შაბან-დელმაზე" ნამდვილი ომი იქნება.

"ნიცასთან" ცხრაგოლიან თრილერში წაგების შემდეგ ორივე თასის მიღმა დარჩა "მარსელიც", რომელიც "ლუი მეორეს" სტუმრობს.

რადამელ ფალკაოს გარეშე დარჩენილი "მონაკოს" თავკაცი კლაუდიო რანიერი წინა ხაზზე გარკვეულ ცვლილებებს მოახდენს და გადაწყვეტს, თუ ვინ შეუამხანაგოს ემანუელ რივიერს. მარსელელებს ამ შეხვედრაში ძალიან გაუჭირდებათ. სამაგიეროდ, აქედან სამ დღეში "ვალანსიენთან" წინა ტურის გადადებული მატჩის მოგებაზე უნდა იფიქრონ.

დანარჩენები
დანარჩენ შეხვედრებს შორის ყველაზე დიდ ინტერესს "ნანტი"-"რეიმსი" იწვევს. ორივე კარგ სეზონს ატარებს, ორივეს 32 ქულა აქვს და ორივე ინარჩუნებს ევროსაგზურის მოპოვების შანსს.

"რეიმსმა" უკვე რამდენგზის დაგვიმტკიცა, რომ სერიოზული სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია, მათ შორის, მეტოქეთა მოედანზეც. ამ გუნდს პსჟ-ისა და "მონაკოს" მერე, "ლილთან" ერთად, ყველაზე ცოტა (5) მარცხი აქვს.

რეიმსელთა წაქცევა ადვილი მართლაც არ არის, მაგრამ უფრო შემტევი სტილის "იადონები" საკუთარი გულშემატკივრებისა და გოლეადორის, ფილიპ ჯორჯევიჩის დახმარებით შეეცდებიან ამის გაკეთებას.

შესანიშნავ ფორმაში მყოფი "ლიონი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ევიანი" ისევე ახლოს დარჩეს გასავარდნ ზონასთან, როგორც ახლაა. თავად "ოლიმპიკს" კი ხუთეულში შესვლა სწადია. აი, მერე კი, თუ გუნდი ასე გააგრძელებს, ვინ იცის, არც ის იყოს შეუსრულებელი მისია, რაც აქამდე კოშმარული სტარტის გამო შეუძლებელი ჩანდა - ანუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაბრძოლება.

თუ ლიონელებმა თავიანთი საქმე გააკეთეს, "ვალანსიენმა" კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა უნდა სცადოს წინ. არიელ იაკობსის ხელში გუნდს ისევ შეენიშნება სიცოცხლის ნიშნები და თუ ბოლომდე გადარჩენა უნდა, ასეთი მატჩები მოსაგებია.

სხვა აზრზე იქნება "ლორიანი" და კერძოდ, მისი ფორვარდი ვენსან აბუბაქარი, რომელიც ზაფხულში უფასოდ წამოვიდა "ვალანსიენიდან", დღეს კი ბრეტონელთა რიგებში უფრო დაფასებულია და ბომბარდირთა დავაში მესამე საპატიო პოზიციაზეა.

"მონპელიესა" და "ნიცას" დაპირისპირება გმირების ან დავითების დუელად შეიძლება მოვნათლოთ. ორივე მათგანმა გოლიათი დაამარცხა. რასაკვირველია, "მონპელიეს" მოგება პარიზში უფრო დიდი სენსაცია იყო, მაგრამ არც ნიცელთა "ველოდრომული" 4:5-ია ნაკლებად შთამბეჭდავი.

საქმენი საგმირონი ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და ცხრილს დავხედოთ. ამ წუთას ლიგა ერთში ქულები "მონპელიეს" ბევრად უფრო ესაჭიროება...

უინტერესო არც "ტულუზი"-"ბასტიაა", ხოლო წყალწაღებულთა დაპირისპირებაში "აიაჩო" ან ბოლომდე თავისთან ერთად დაძირავს "სოშოს", ანდაც ილუზიისოდენა შანსებს მაინც დაუტოვებს მონბელიარელებს.

საფრანგეთი. ლიგა. 1. XXII ტური
24 იანვარი
ლილი-რენი 1:1
გოლები: 1:0 კალუ (34), 1:1 დუკურე (41)

25 იანვარი
გენგამი-პსჟ 20:00
აიაჩო-სოშო 23:00
მონპელიე-ნიცა 23:00
ტულუზი-ბასტია 23:00
ნანტი-რეიმსი 23:00
ვალანსიენი-ლორიანი 23:00

26 იანვარი
ლიონი-ევიანი 17:00
ბორდო-სტ. ეტიენი 20:00
მონაკო-მარსელი 00:00

ბომბარდირები:
17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 10 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 9 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი), დარიო ცვიტანიჩი (ნიცა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული