ოქროს კაცი, "ოქროს ბურთის" გარეშე - ინტერვიუ ფრანკ რიბერისთან

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ფრანკ რიბერის არნახული წელი ჰქონდა. იგი რასაც შეეხო, ყველაფერი ოქროდ "აქცია". ფრანკმა ერთადერთი რამ ვერ დაისაკუთრა...

თუმცა "ოქროს ბურთი" შეხების გარეშეც ოქროსი იყო და ის საბოლოოდ კრიშტიანო რონალდოს დარჩა.

რიბერის დღესაც მიაჩნია, რომ ეს ჯილდო მას ეკუთვნოდა და ხან პოლიტიკას ახსენებს, ხან ფიფას სამარცხვინო გადაწყვეტილებას ხმის მიცემის ვადის გადაწევის შესახებ, ხან რას და ხან რას.

თუმცა FIFA.COM-თან ინტერვიუში მხარეები დელიკატურად გვერდს უვლიან ამ თემას და მხოლოდ ირიბად ეხებიან. სამაგიეროდ, რიბერი ბევრ სხვა საინტერესო
რამეზე საუბრობს...

- 2013 წელს რასაც შეეხეთ, ყველაფერი ოქროდ იქცა. ეს ერთ-ერთი ისეთი პერიოდი იყო, როდესაც თავს ხელშეუხებლად და უძლეველად გრძნობთ?
- დიახ, ასე იყო. სურვილი გაქვს, რომ ასევე გაგრძელდეს. როდესაც მსგავსი პერიოდი დგება, ხვდები, რომ ყველაფერი გიფასდება: გაწეული შრომა, ვარჯიში, მონდომება... რაც უნდა დააპირო, ყველაფერი გამოგდის.

- როგორ ფიქრობთ, 2014-ში კიდევ უფრო უკეთ თამაშს შეძლებთ?
- ეს ძალიან ძნელი იქნება, თუმცა მე უქმად არ ვარ და საკუთარი თავისთვის კითხვის დასმაში არ გამყავს დრო. მუშაობას ვაგრძელებ და თამაშისგან სიამოვნების მიღებას. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ნამდვილად შეგვიძლია წინა წლის შედეგის გამეორება, მაგრამ 2013 მართლაც ექსტრაორდინარული წელი გახლდათ და მისი გადაფარვა უაღრესად რთული მისიაა.

- "ბაიერნში" მიღებული რა სახის გამოცდილება შეიძლება გამოგადგეთ ნაკრებში?
- ჩემი მთავარი გამოცდილება ასაკია. ახლა 30 წლის ვარ და კარიერაში ბევრი რამ ვნახე. ამიტომაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ხშირად ველაპარაკები, განსაკუთრებით, ისეთებს, რომლებიც ბევრ კლუბში არ ყოფილან. ჩვენ ძალიან დიდ ქვეყანას წარმოვადგენთ და ლურჯი მაისურას ტარება ხშირად მძიმე ტვირთია, ჩვენზე ფსიქოლოგიური წნეხია და სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ნაკრებში კარგი განწყობა იყოს.

მე ვცდილობ, გავამხნევო ახალგაზრდები და გადავცე გამოცდილება, რადგან მათ სიამოვნება მიიღონ პროცესისგან. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარეც, რომ სანაკრებო შეკრება წელიწადში სულ რამდენჯერმეა, წარმატებას კი ერთად უნდა მივაღწიოთ.

- ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეგხვდათ. ყველამ იცის თქვენი ამბები, განსაკუთრებით, ბავშვობაში ავტოავარიის ინციდენტი. ეს გამოცდილება გამოგადგათ დღევანდელი წარმატებების მიღწევაში?
- მართლაც, დაბადებიდან დღემდე ძალიან ბევრჯერ აღმოვჩნდი რთულ სიტუაციაში. თუმცა სწორედ ამან მომცა წარმატების მიღწევის ძალა. მე არაფრის მეშინია და ამიტომ ყოველთვის შემეძლო სირთულეების დაძლევა და ისევ ფეხზე წამოდგომა. მენტალურად ძალიან ძლიერი ვარ, ხასიათიც მტკიცე მაქვს. არასოდეს ვნებდები და ყოველთვის ბევრს ვმუშაობ დასახული მიზნების მისაღწევად.

- ერთი მატჩის გამორჩევა რომ გთხოვოთ თქვენი კარიერიდან, რომელს დაასახელებთ?
- რთული სათქმელია. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართული მატჩი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, ისევე, როგორც წინა წლის დაპირისპირება "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგაზე. უამრავი თამაშია, რომელიც კარგად მახსენდება და გამორჩევა ძნელია.

- ფავორიტ გოლზე რას იტყვით?
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო გოლი, რომელიც სუპერთასის ფინალში "ჩელსის" გავუტანე. იმ მომენტში 0:1-ს ვაგებდით და გუნდს თავდაჯერება დაუბრუნდა; თან გოლიც მშვენიერი გამოვიდა, შორეული დარტყმით. საბოლოოდ, პენალტებში ვიმარჯვეთ. ასევე განსაკუთრებულად მახსოვს "გლადბახთან" გატანილი ბურთი, როდესაც 2:3-ს ვაგებდით და ძალიან ლამაზი გოლი გავიტანე. ცოტა ხანში კი არიენ რობენს გამარჯვებისა გავატანინე.

- ყველამ იცის, რომ ხუმრობა გიყვართ და სხვადასხვა სახის ოხუნჯობა გახასიათებთ. ყველაზე მეტად რომლით ამაყობთ?
- როდესაც ოლივერ კანს წყალი გადავასხით თავზე! იგი ბრწყინვალე პიროვნებაა და ძალიან მიხარია, რომ მის გვერდით თამაში მომიწია. კანს დიდ პატივს ვცემ. მსგავსი გამოხდომები კი ჩემი ხასიათის შემადგენელი ნაწილია - სხვაგვარად მე მე არ ვიქნებოდი. ახლა ცოტა ასაკში შევედი, მამა გავხდი და შესაძლოა, მსგავს ოხუნჯობებს მოვუკელი, მაგრამ ხუმრობა და გართობა ისევ მიყვარს. თუ სახეზე ღიმილი არ მაქვს, ესე იგი, რაღაც ისე არ არის.

- თქვენ "ოქროს ბურთის" მოპოვების ნომინანტი იყავით და ისეთი ფეხბურთელების რიგში აღმოჩნდით, როგორებიც ზინედინ ზიდანი, ფრანც ბეკენბაუერი, მიშელ პლატინი, იოჰან კრუიფი და სხვანი არიან. როგორი შეგრძნებაა?
- ამან ნამდვილად ამაღელვა. როდესაც ვუფიქრდები, საიდან წამოვედი და სად ვარ ახლა... ეს დაუჯერებელია. ძალიან სასიამოვნოა, ფანტასტიკურია ასეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით ყოფნა.

- შემდეგი გამოწვევა ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატია. რას ფიქრობთ მუნდიალზე და როგორია მოლოდინი?
- ერთი სული მაქვს. საბედნიეროდ, გვაქვს პატივი, იმ პრივილეგირებულ 32 ნაკრებს შორის ვიყოთ, რომლებმაც ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ბრაზილია დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოზე, განსაკუთრებით, ფეხბურთის მხრივ და იქ მსოფლიოს ჩემპიონატი საოცარი უნდა გამოვიდეს. პირადად ჩემთვის კი ეს შესაძლოა ბოლო მუნდიალი იყოს და მინდა, მაქსიმალურად დავიხარჯო. გვსურს ტურნირზე კარგად გამოვიდეთ და ფრანგ გულშემატკივრებს საქომაგო ჰქონდეთ. ეს აზრი მოტივაციას გვაძლევს.

- როგორი გავლენა მოახდინა დიდიე დეშამმა ნაკრებზე?
- მან თავდაჯერება აღგვიდგინა. დეშამი ყოველთვის პოულობს სწორ სიტყვებს, სწორ დროს. არცერთი წამით არ მიგრძვნია თავი დათრგუნულად, არც უკრაინასთან პირველი მატჩის წაგების მერე. ყოველთვის ვგრძნობდით, რომ მას სჯეროდა ჩვენი და გვამხნევებდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმ კარგი თამაშისა, რომელიც "სტად დე ფრენსზე" საპასუხო მატჩში ვაჩვენეთ. ჩემი აზრით, ის შეხვედრა ისტორიაში ჩაიწერება - ეს ყველასთვის დაუვიწყარი მომენტი იყო.

- საფრანგეთთან ერთად ჯგუფში ეკვადორი, ჰონდურასი და შვეიცარია არიან. ამაზე რას გვეტყვით?
- შესაძლოა, ჩვენ ყველაზე რთული ჯგუფი არ შეგვხვდა, მაგრამ მოდუნება დაუშვებელია. არცერთ მეტოქესთან არ უნდა მოვეშვათ, რადგან ადვილი მატჩები არ იქნება. მთავარია მობილიზება და პირველი ეტაპის დაძლევა, ამ წუთას ეს არის ჩვენი მიზანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული