საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტურის წინ: ეპიცენტრი ლილში

AutoSharing Option
ტურის ცენტრალური შეხვედრა ლილში იმართება, სადაც საბურთაოდ "ლიონი" ჩადის. ეს არა მარტო ამ გუნდებისთვის, არამედ კიდევ მინიმუმ ორი კლუბისთვისაა გარდამტეხი მომენტი - "სენტ ეტიენისა" და "მარსელისთვის".

"ლილი" ძალიან ცუდ ფორმაშია, "ლიონი" კი პირიქით, მაგრამ რენე ჟირარმა კარგად იცის, რომ წაგება მისი გუნდისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნება. მარცხის შემთხვევაში, თუ "სენტ ეტიენმა" მოიგო, "ლილი" უკვე დაკარგავს მესამე ადგილს, 2 ქულის სიახლოვეს მოუშვებს "ლიონს" და შესაძლოა, ორ ქულამდე მოიახლოვოს "მარსელიც".

რა თქმა უნდა, წაგება კატასტროფა იქნება "ლიონისთვისაც", რომელსაც ამდენი შრომა წყალში ჩაეყრება, თუმცა
ალექსანდრ ლაკასეტი, ბაფეტიმბი გომისი, კლემან გრენიე და სხვანი დიდებულ ფორმაში არიან.

"ლიონს", ალბათ, იოან გურკუფი ვერ დაეხმარება. ტრავმის გამო არ არის არც იასინ ბენზია, ხოლო მილან ბიშევაცი დისკვალიფიცირებულია. მასპინძლები კი მარვენ მარტენსა და ფრანკ ბერიას ვერ დაიხმარებენ.

პსჟ და "მონაკო"
ტური "ლუი მეორეზე" გაიხსნა, სადაც "მონაკომ" გათავხედებულ "რეიმსს" უმასპინძლა და გაჭირვებით მოუგო - 3:2. კლაუდიო რანიერის შეგირდები ორჯერ დაწინაურდნენ ანგარიშში, მაგრამ მონტეკარლოელებმა ორივეჯერ გაათანაბრეს. 84-ე წუთზე მსაჯმა სტუმრებს მანდი გაუძევა, მასპინძლებმა კი იმავე მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზეღა შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა.

კვირადღე ლიგა ერთში "სტად მუნისიპალზე" პსჟ-ის "ტულუზთან" სტუმრობით დაიწყება. ლორან ბლანის შეგირდებმა ქვა-ქვაზე არ დატოვეს "ლევერკუზენთან" და გერმანიაში 4:0 იმარჯვეს. ასე რომ, მათ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალზე სანერვიულო აღარ აქვთ და შეუძლიათ ცოტა ხნით ლიგა ერთზე გადმოერთონ, რადგან ქულები არ დაკარგონ და ეგებ "მონაკოსთან" კიდევ უფრო გაზარდონ უპირატესობა.

სხვათა შორის, მომავალ ტურში ფრანგული ფეხბურთის კლასიკა გველის - პსჟ-"მარსელი". იქამდე კი დედაქალაქელებს ალენ კაზანოვას გუნდთან ელით რანდევუ და შეეცდებიან, 3 ქულა ჩაიჯიბონ.

პარიზელებს ალბათ ისევ ვერ დაეხმარება ედინსონ კავანი, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სულ მინიმუმ, ერთი გოლის გატანას ეცდება, რადგან ბარემ 20-მდე ავიდეს. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს "ტულუზისთვის" ზედიზედ 9 მატჩი აქვს მოგებული.

"ველოდრომზე"
შაბათ დღეს "მარსელისა" და "ლორიანის" დაპირისპირება ხსნის. "ველოდრომზე" ხალხი იმ იმედით მივა, რომ მათი საყვარელი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლის კარგ შანსს დაიტოვებს.

მარსელელთათვის ახლა ამ შანსზე ჩაბღაუჭების იდეალური მომენტია და თუ ისევ დაკარგეს ქულები, საქმეს ერთიორად გაირთულებენ.

კიდევ უფრო რთული მატჩი ელის "სენტ ეტიენს", რომელიც კორსიკაზე "ბასტიას" სტუმრობს. "მწვანეებს" გასვლაზე ქულების მოგროვება იდეალურად არ გამოსდით, ხოლო "ბასტია" პირიქით, სახლშია ძალიან ძლიერი.

ბოლო 4 ტურში "სენტ ეტიენმა" 7 ქულა დაკარგა; არადა, აქედან 3 მაინც რომ აეღო, ახლა უკვე მესამე ადგილზე იქნებოდა. კრისტოფ გალტიეს გუნდს მონდომება ნამდვილად არ დააკლდება, მაგრამ "არმან სეზარიზე" მოსაგებად ცოტა უფრო მეტია საჭირო.

სათქმელია, რომ "მწვანეებს" "ბასტიასთან" ზედიზედ ორი საგარეო მატჩი აქვთ მოგებული, თანაც ორივე - 0:3. კორსიკელებს მეტოქე 7 შეხვედრაა, არ დაუმარცხებიათ.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტური
21 თებერვალი
მონაკო-რეიმსი 3:2
გოლები: 1:0 ჟერმენი (8), 1:1 ონიანგე (53), 2:1 ტულალანი (63), 2:2 ონიანგე 3:2 კურზავა (90+5).
გაძევება: მანდი (84),

22 თებერვალი
მარსელი-ლორიანი 20:00
ბასტია-სტ. ეტიენი 23:00
გენგამი-ნიცა 23:00
ბორდო-ევიანი 23:00
ვალანსიენი-სოშო 23:00
მონპელიე-აიაჩო 23:00

23 თებერვალი
ტულუზი-პსჟ 17:00
ნანტი-რენი 20:00
ლილი-ლიონი 00:00

ბომბარდირები:
19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 12 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 11 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 10 - ბაფეტიმბი გომისი (ლიონი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული