საფრანგეთი. ლიგა 1. XXVII ტურის წინ: კლასიკური ფრანგული დუელი

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის XXVII ტური პარასკევს, 28 თებერვალს, "ევიანი"-"ნანტის" დაპირისპირებით დაიწყო.

გამარჯვებას მოწყურებულმა მასპინძლებმა, რომლებიც გასავარდნ ზონას უტრიალებენ, ასევე საშინელ ფორმაში მყოფი მეტოქის გატეხვა მეორე ტაიმშიღა შეძლეს - "ევიანს" ნანატრი გამარჯვება და 3 ქულა სადრიკ ბარბოზამ და დანიელ ვასმა მოუტანეს - 2:0.

* * *
არავისთან ისე არ უხარიათ მოგება პსჟ-ის გულშემატკივრებს, როგორც "მარსელთან" და პირიქით; არავინ ისე არ სძულთ პსჟ-ის ფანებს, როგორც "მარსელი" და პირიქით. ლიგა ერთი ამ კვირას "კლასიკით" გვანებივრებს.

დიახ, ფრანგული ფეხბურთის კლასიკა "პარი სენ-ჟერმენი"-"მარსელია" და "პარკ
დე პრენსზე" ტურს დააგვირგვინებს.

"მარსელს" 6 მატჩია, პსჟ-სთან არ მოუგია და აქედან 5 წააგო, მათ შორის 4 ზედიზედ და ამ 4-დან სამში გოლიც ვერ გაიტანა. პირველ წრეში პარიზელები "ველოდრომზე" 10 კაცით დარჩნენ და აგებდნენ, მაგრამ მაინც იმარჯვეს - 1:2.

რასაკვირველია, მარსელელებს შურისძიება სწყურიათ, მაგრამ ისიც ესმით, რომ დედაქალაქში ამ პსჟ-ის დამარცხება ახლა მათთვის შეუძლებელი მისიასავითაა. თუმცა არ დავივიწყოთ ისიც, რომ როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე იმას, თუ ვინ რომელ ადგილზეა და რა ფორმაშია, რადგან უშუალოდ ეს ერთი თამაში მათთვის განსაკუთრებულია, ყველაფერს ნიშნავს და შესაძლოა, საკუთარ თავსაც გადაახტნენ.

ლორან ბლანის გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა ბლეზ მატუიდია, რომელსაც უამრავი მსურველი ჰყავდა, რადგან ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდებოდა, მაგრამ "სენტ ეტიენის" ყოფილმა ნახევარმცველმა პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა და გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ახლა კი მატუიდი ამბობს, რომ იგიც და მისი თანაგუნდელებიც "მარსელთან" გამარჯვებაზე არიან კონცენტრირებულნი.

Sportall.Ge"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთ გუნდში ვრჩები. ეს ფანტასტიკური პროექტია და მიხარია, რომ მისი წევრი ვარ. ახლა კი ყველანი "მარსელთან" პრინციპულ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ და გამარჯვებისთვის ვემზადებით. რთული მატჩი იქნება და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ" - თქვა მატუიდიმ.

"ბლეზს სურს, რომ პსჟ-სთან ერთად ისტორია დაწეროს. ეს კიდევ ერთი სერიოზული სიგნალია ევროპული გრანდებისთვის, რომ დიდი ფეხბურთელები სულაც არ გეგმავენ საფრანგეთიდან გაქცევას. ჩვენ ვაპირებთ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი შევქმნათ", - თქვა პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ.

"მარსელის" მცველი ლუკაშ მენდეში კი თანაგუნდელებს აფრთხილებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მარტო მე არ შემატოვოთო:

"იბრა ბრწყინვალე ფეხბურთელია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მას ძალიან ბევრი გოლი გააქვს და ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია გატანა. ზლატანის შეჩერება გუნდურად უნდა ვცადოთ და საერთოდ, პსჟ-ის წინააღმდეგ ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, თუ გვსურს წარმატების მიღწევა. მეტოქე ძლიერია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია".


"დასაკარგი არაფერი გვაქვს და მშვიდად ვართ. "მარსელი" წასაგებად არასდროს თამაშობს. როდესაც მინდორზე გავდივართ, ყოველთვის მოგება გვინდა.

პსჟ ძლიერი, დინამიკური გუნდია. თუ მოვიგებთ, ეს ძალიან კარგი იქნება, ხოლო თუ წავაგებთ, ის მოხდება, რასაც ყველა ელის. თუმცა ჩვენ დიდი გუნდი ვართ და საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა",
- განაცხადა ანდრე აიუმ.

სხვა
წესით, ძალიან იღბლიანი ტური უნდა გამოვიდეს "ლილისთვის", რომელიც წყალწაღებულ "აიაჩოს" სტუმრობს და კორსიკიდან აუცილებლად 3 ქულა უნდა წამოიღოს. დანარჩენი კი რენე ჟირარის გუნდის სცენარითაა - ერთი უშუალო კონკურენტი აგერ, პსჟ-ს სტუმრობს.

მეორე და ყველაზე ახლოს მყოფი "სენტ ეტიენი" "მონაკოს" მასპინძლობს და ვინ იტყვის, რომ "მწვანეები" საკუთარ და სანუკვარ "ჟიფრუა გიშარზე" ადვილად აიღებენ თუნდაც ქულას კლაუდიო რანიერის გუნდთან?

"ლიონს" არც ისე ადვილი მატჩი ელის კარგად ათამაშებულ "მონპელიესთან", ხოლო "ბორდო" გადარჩენის ილუზიაშემორჩენილ "სოშოს" სტუმრობს და მონბელიარიდან 3 ქულის წამოღება ალბათ ადვილად არ გამოუვა, მაგრამ ფრანსიის ჟიიომ თავისი ყოფილი კლუბის ალიკვალი იცის და ეს ჟირონდელთა დამატებითი კოზირია. თუმცა ცოტა შორს მყოფ "ლიონსა" და "ბორდოს" რომც შევეშვათ, "ლილის" უახლოეს მდევრებს მართლაც ურთულესი თამაშები აქვთ და ჟირარს უპირატესობის ისევ გაზრდის ჩინებული შანსი აქვს.

"ვალანსიენი" რეიმსში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებას შეეცდება.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVII ტური
28 თებერვალი

ევიანი-ნანტი 2:0
გოლები: 1:0 ბარბოზა (61), 2:0 ვასი (72).

1-ლი მარტი
სტ. ეტიენი-მონაკო 20:00
ლორიანი-ბასტია 23:00
რეიმსი-ვალანსიენი 23:00
ნიცა-ტულუზი 23:00
რენი-გენგამი 23:00
სოშო-ბორდო 23:00

2 მარტი
აიაჩო-ლილი 17:00
ლიონი-მონპელიე 20:00
პსჟ-მარსელი 00:00

ბომბარდირები:
22 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი); 12 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 10 - ბაფეტიმბი გომისი (ლიონი), რემი კაბელია (მონპელიე);

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული