ტიერი ანრის შესანიშნავი თავგადასავალი, რომელიც დასრულდა

AutoSharing Option
საფეხბურთო სამყარომ კიდევ ერთი დიდი ფიგურის წინაშე უნდა მოიხაროს ქედი და რევერანსი ისევე ელეგანტურად გაუკეთოს ტიერი ანრის, როგორც ეს დახვეწილი ფეხბურთელი მინდორზე დაფარფატებდა და თავისი გემოვნებიანი თამაშით, ლამაზი და ზოგჯერ ცბიერი გოლებითა და სხვა დანარჩენი პოზიტიურით აღფრთოვანებაში მოვყავდით.

37 წლის თავდამსხმელს ცოტა ხნის წინ "ნიუ იორკ რედ ბულსთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თითქოს, იყო შანსი, თამაში სხვა გუნდში გაეგრძელებინა, მაგრამ საბოლოოდ, წასვლა გადაწყვიტა. ასე დაესვა წერტილი ამ ბრწყინვალე ფეხბურთელისა და საინტერესო ადამიანის 20-წლიან კარიერას.

"ეს შესანიშნავი თავგადასავალი იყო" - აი, ამ
მოკლე კომენტარში ჩატია ყველაფერი.
სამაგიეროდ, ანრი უფრო სიტყვაუხვი იყო, როდესაც ცოტა ხნის წინ ჰკითხეს "არსენალში" შესაძლო და კიდევ ერთ დაბრუნების შესახებ. ჯერ პოეტურად აღნიშნა, იქიდან არც არასდროს წავსულვარო, მერე კი სილვესტერ სტალონეს ცნობილ კინო-საგას, "როკის" გადაწვდა.

"სასიამოვნო პერსპექტივაა, მაგრამ მეორე მხრივ, შესაძლოა, ეს არ იყოს სწორი ნაბიჯი. ჩვენ ყველას გვიყვარს პირველი "როკი", მაგრამ ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვი ბოლოზე" - მიგვანიშნა ანრიმ.

ტიერი საფრანგეთის ნაკრებისა და "არსენალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მისი კარიერა 1994 წელს "მონაკოში" დაიწყო და ამ გუნდს 1997 წელს საფრანგეთის ჩემპიონობაში დაეხმარა. 1998 წელს "მამლებთან" ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2000 წელს სამი გოლით შეეწია ნაკრებს და ევროპის ჩემპიონიც გახდა.

"მინდა ფანებს მადლობა გადავუხადო, თანაგუნდელებს და ყველას, ვისთან ერთადაც მიმუშავია "მონაკოში", "იუვენტუსში", "არსენალში", "ბარსელონასა" და "ნიუ იორკ რედ ბულსში". რასაკვირველია, ნაკრებშიც, რომლის ღირსების დაცვამაც ჩემი კარიერა განსაკუთრებული გახადა. არაერთი მოგონება მაქვს, ძირითადად, ბრწყინვალე და კარგი. დიდი გამოცდილება მივიღე და იმედია, თქვენც ისევე ისიამოვნეთ ყურებით, როგორც მე თამაშით. შევხვდებით ერთმანეთს მეორე მხარეს" - აღნიშნა ანრიმ.

თქმა ბევრის შეიძლება, გახსენებაც, ფაქტების და რეკორდების მოყვანაც, მაგრამ ვფიქრობ, ეს საჭირო არ არის, რადგან ტიერი ანრის გამოსამშვიდობებელი წერილი ისეთივე მსუბუქი უნდა იყოს, როგორიც თავად გახლდათ.

შეგვიძლია, სხვების გულისამაჩუყებელ კომენტარებსაც გადავავლოთ თვალი.
"საუცხოო კარიერის დასასრული. ტოპ-ფეხბურთელი, ტოპ-ადამიანი. ლეგენდა" - იწერება აარონ რემზი.

გარი ლინეკერი: "თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და ბრწყინვალე პიროვნება, კარგი ბიჭი. წარმატებები".

"ბედნიერი წასვლა ჩემს გმირსა და კუმირს. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ცხოვრების ახალ თავში" - დანიელ სტარიჯი.

თეო უოლკოტი: "ჭეშმარიტად, ჩემი შთაგონების წყარო".

"გილოცავ ასეთ ბრწყინვალე კარიერას... ერთ-ერთი საუკეთესო, ვის წინააღმდეგაც ბოლო 23 წლის განმავლობაში მითამაშია" - თქვა "ტოტენჰემის" ვეტერანმა მეკარემ ბრედ ფრიდელმა.

"ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუ: "ფანტასტიკური ფეხბურთელი და ამ თამაშის შესანიშნავი ელჩი".

"ადამიანი რომლის თამაშიც ყველას ხიბლავდა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის" - მესუთ იოზილი.

გამორჩეული ფაქტები ანრის კარიერაში
1994 - 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში "მონაკოს" მაისურით. ეს 31 აგვისტოს მოხდა. ამ გუნდთან ერთად 1997 წელს მოიგო ლიგა 1.

1998 - იყო თადარიგში, მაგრამ საფრანგეთმა ფინალში ბრაზილიას მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

1999 -იანვარში გადაბარგდა "იუვენტუსში", მაგრამ ტურინელთა მაისურით მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა.

1999 - 10,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა "არსენალში". "მეთოფეებთან" ერთად ორჯერ მოიგო პრემიერლიგა და სამჯერ ასოციაციის თასი.

2000 - ევროპის ჩემპიონატზე 5 მატჩში 3 გოლი შეაგდო და ნაკრებს ტრიუმფში დაეხმარა.

2007 - გადავიდა "ბარსელონაში" 16,1 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ.

2009 - "ბარსელონასთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და თასი.

2010 - კარიერის ამერიკაში გაგრძელება გადაწყვიტა და "ნიუ იორკ რედ ბულსს" შეუერთდა.

2012 - მცირე ხნით იჯარის წესით დაბრუნდა "არსენალში" და 2 გოლიც გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული