"მწვანეები" დედაქალაქის წინააღმდეგ
დავიწყოთ იმით, რითაც ტური მთავრდება: ორი კვირის წინ "სენტ ეტიენმა" "პარი სენ-ჟერმენის" წაბორძიკებით ისარგებლა და მესამე ადგილზე აინაცვლა, ხოლო პარიზელები სამეულს მიღმა დატოვა. ამაზე შური ლორან ბლანის გუნდმა ლიგის თასზე იძია, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით მოუგო "მწვანეებს" "ჟოფრუა გიშარზე". წინა ტურში გუნდებმა როლები გაცვალეს - ქულები უკვე "სენტ ეტიენმა" დაკარგა და პსჟ, რომელმაც "ევიანთან" იმარჯვა, მესამე საფეხურზე დაბრუნდა. ახლა კი ამ გუნდების მორიგი დუელი გველოდება, ისევ "ჟოფრუა გიშარზე", ისევ მწვანედ "შეღებილი" ტრიბუნების წინაშე და კვლავაც დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ,
კრისტოფ გალტიეს ესმის, რომ ეს შეხვედრა არაფრით უნდა წააგოს, თორემ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნება კიდევ ერთხელ მიეცემა დავიწყებას. თანაც, პსჟ-სთან წარმატების მისაღწევად ეს, ალბათ, საუკეთესო პერიოდია, რადგან პარიზელები თავიანთ თავს არ ჰგვანან და ამას არც მალავენ, კონცენტრაცია გვაკლია და გამოსავალს ვეძებთო.
გამოსავალი კი თებერვლის შუამდეა საპოვნელი, სანამ ჩემპიონთა ლიგა განახლდება. "პარი სენ-ჟერმენს" ინგლისის პრემიერლიგის ლიდერთან, "ჩელსისთან" ელოდება ჭიდილი.
მალავენ და არ ადასტურებენ იმას, რომ ბლანსა და რამდენიმე ფეხბურთელს შორის კონფლიქტია, მოთამაშეთა ნაწილი წასვლაზე ფიქრობს და ხელმძღვანელობა ბლანის მოხსნის ვარიანტსაც განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფერზე კულუარებში საუბრობენ. ფაქტია, დედაქალაქელთა რიგებში ყველაფერი რიგზე არ არის.
"სენტ ეტიენმა" უკანასკნელად პსჟ-ს 2012 წელს მოუგო ლიგის თასზე, პენალტების სერიაში. იმავე წელს იყო სენსაციური 2:1 "პარკ დე პრენსზე"; ახლა კი ზედიზედ 3-ჯერ ისე აქვს წაგებული, რომ გოლიც კი არ გაუტანია დედაქალაქელებისთვის. ჩემპიონატში "ჟოფრუა გიშარზე" ბოლოს "მწვანეებმა" პარიზელებს 2008 წელს მოუგეს.
სათქმელია ისიც, რომ შუა კვირაში ორივე გუნდმა მოიპოვა სათასო გამარჯვება. "სენტ ეტიენმა" ქვედალიგელი "ტური" დაამარცხა, ისიც დამატებით დროში და მას მერე, რაც მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს. მაგრამ აქ საბოლოო ანგარიშია ძალიან საინტერესო - 3:5... თუნდაც 120 წუთში "მწვანეების" 5 გოლი გამოსარჩევი საქმეა.
რიკი ვან ვოლფსვინკელმა და კევინ მონე-პაკემ ორ-ორი გოლი გაიტანეს, ერთხელ კი მევლუთ ერდინჩმა იხეირა, რომელიც "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი ფეხბურთელია და ექსგუნდის დამწუხრებას შეეცდება. პარიზელებმა კი "ბორდოსთან" სათასო ბატალიაში იძალეს, მათ პირველი ტაიმი ედინსონ კავანისა და ხავიერ პასტორეს გოლებით მოიგეს.
მართალია, ჟირონდელებმა მეორე ნახევრის დებიუტშივე შეამცირეს სხვაობა და ბოლოსკენ პსჟ 10 კაცით დარჩა ზუმანა კამარას გაძევების გამო, მაგრამ ბლანის ბიჭებმა ბოლომდე გაძლეს და თავის მხრივ, მუსიე ლორანმა კიდევ ერთხელ დაამარცხა თავისი ყოფილი გუნდი.
სხვა მატჩები
იცის რა უშუალო კონკურენტების დაპირისპირების შესახებ, აუცილებლად უნდა მოიგოს "მონაკომ", რომელიც გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო მიუახლოვდება სანუკვარ ზონას. მონეგასკები შესანიშნავ ფორმაში შევიდნენ და ლეონარდო ჟარდიმის ბიჭები, ალბათ, უფრო და უფრო მოუმატებენ. მართალია,"ლილს" საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ აქვს, მაგრამ რენე ჟირარის გუნდთან საგარეო მატჩი ადვილად მოსაგები ვერ იქნება. სასიხარულო ამბავი მონეგასკებისთვის ის არის, რომ რაიან მენდეში აფრიკის ერთა თასზეა, ხოლო დივოკ ორიჯის, მარვენ მარტენისა და მილან ბაშას თამაში საეჭვოა, რაც ლილელთა შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. "მონაკომ" "ლილს" სტუმრად ბოლოს 2007 წელს მოუგო. მას მერე გუნდებმა სულ, შინ და გარეთ 10 შეხვედრა ჩაატარეს და მონეგასკებმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს, 4-ჯერ დამარცხდნენ და 5-ჯერ დაუზავდნენ მეტოქეს.
ტური მშვენიერ "ალიანც რივიერაზე" იხსნება, სადაც "მარსელი" ჩადის და გამარჯვების შემთხვევაში, დროებით მაინც დაიბრუნებს პირველ ადგილს. ამისათვის მარსელო ბიელსამ კლოდ პუელს ტაქტიკური დუელი უნდა მოუგოს, თანაც ზედიზედ ორი გამარჯვების მერე ნიცელები მშვენიერ ხასიათზე არიან. კარგ ხასიათზე იქნება ანდრე-პიერ ჟინიაკიც, რომელმაც წინა ტურში, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და ახლა მიყოლებით შეეცდება გატანას. საინტერესოა, რომ ამ კლუბების ბოლო 4 ურთიერთშეხვედრიდან 3 "ნიცას" აქვს მოგებული.
დაბოლოს, ლიდერი "ლიონი" თავისი ადგილის დაცვასა და ცხრილის კენწეროში დარჩენას "მეცის" დამარცხებით აპირებს. სწორედ მეცელთა ყოფილი თავდამსხმელის, ვენსან ბესას ჰეთ-თრიქის გამო დამარცხდნენ ლიონელები თასზე "ნანტთან" (2:3), მაგრამ ვინ იცის, ეს უბერ ფურნიეს დიდად არც ანაღვლებდეს, რადგან იქამდე გუნდი ლიგის თასიდანაც გავარდა და ახლა სრულად ლიგა 1-ზე იქნება კონცენტრირებული.
ლიგა 1. XXII ტური
23 იანვარი
ნიცა-მარსელი 23:30
24 იანვარი
ლილი-მონაკო 20:00
ბასტია-ბორდო 23:00
ევიანი-ტულუზი 23:00
გენგამი-ლორიანი 23:00
მონპელიე-ნანტი 23:00
25 იანვარი
ლიონი-მეცი 17:00
რეიმსი-ლანსი 20:00
რენი-კაენი 20:00
სტ. ეტიენი-პსჟ 00:00
ბომბარდირები: 20 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 13 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"