საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური: "მარსელი" საჩემპიონო რბოლას აგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: სტ ეტიენი-პსჟ 0:1

"ნიცა"-"მარსელი" ერთგვარი რეგიონული დაპირისპირებაა, ხმელთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი დერბი. თამაშიც შესაფერისად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, კლოდ პუელმა დუელი მოიგო.

მისმა ნიცელებმა მარსელო ბიელსას გუნდს მეორე გოლი ათი კაცით გაუტანეს, რაც მარსელელთა პრობლემებზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. ერთადერთი, რაც "ალიანც რივიერას" სტუმრებმა მოახერხეს, ფლორენ ტოვენის გოლი გახლდათ. უკანასკნელი 3 ტურიდან მარსელელები ორში დამარცხდნენ და მალე, შესაძლოა, სამეულში ადგილის დაკარგვაც დაემუქროთ.

"ლიონმა" პირველ ადგილზე ფესვების გადგმის და სხვაობის 4 ქულამდე გაზრდის შანსი ხელიდან არ გაუშვა და ადვილად მოუგო "მეცს". ალექსანდრ ლაკაზეტმა
ამჯერადაც გაიტანა, ოღონდ პენალტით. ყველაფერი სწორედ მაშინ გადაწყდა, როდესაც მეცელებს გვიდო მილანი გაუძევეს და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ეს ლიონელების ზედიზედ მე-7 გამარჯვებაა, უბერ ფურნიეს გუნდმა "სენტ ეტიენთან" წაგებული დერბის მერე ყველა შეხვედრა მოიგეს.

ცოტა ხნის წინანდელი სათასო მატჩისა არ იყოს, "პარი სენ-ჟერმენმა" "ჟოფრუა გიშარზე" რთულ შეხვედრაში 1:0 ისევ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლით მოიგო, რომელმაც ამჯერად პენალტით გაიტანა. "სენტ ეტიენი" ბევრს ეცადა, მაგრამ "მწვანეებს" არაფერი გამოუვიდათ.

პსჟ კი "მარსელს" ქულებით გაუთანაბრდა. ევროზონასა და კონკრეტულად სამეულს ნელ-ნელა უახლოვდება "მონაკო".

მონეგასკები წარმატებულ სერიას აგრძელებენ და ამჯერად "ლილი" იმსხვერპლეს, თანაც კარი ისევ მშრალად შეინახეს. თავი შეგვახსენა დიმიტარ ბერბატოვმა, სწორედ ბულგარელის ერთადერთმა გოლმა მოუტანა გამარჯვება ლეონარდო ჟარდიმს.

დერბი იყო "სტად დუ რუდურუზეც", სადაც ორი ბრეტანული კლუბი - "გენგამი" და "ლორიანი" შეებნენ ერთმანეთს. ამ ქაოსურ და სახალისო შეხვედრაში ორი პენალტი, ავტოგოლი, წითელი ბარათი და რა აღარ იყო. გმირად საბოლოოდ გვადალუპელი კლაუდიო ბოვიუ იქცა, ვინც ორი გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში უკვე მესამეა.

"ნანტზე" უფრო ცოტა ამ ტურამდე მხოლოდ ორ გუნდს ჰქონდა გაშვებული, მაგრამ "იადონებმა" ერთბაშად 4 ბურთი მიიღეს "მონპელიესგან", რომელმაც როგორც ჩანს, თავისი თამაში ისევ იპოვა. როლან კურბისის გუნდი ნელ-ნელა წინ მიიწევს.

პირიქით, ქვემოთ ჩამოდის "ბორდო", რომელმაც კორსიკაზე "ბასტიასთან" 0:0 ითამაშა და ჩემპიონატში უკვე 5 ტურია, არ მოუგია.

"ტულუზის" თავკაცის პოსტზე ალენ კაზანოვამ 250-ე მარცხი იგემა და მისი გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლა ერთი ხელის გაწვდენაზეა. ევიანელებმა კი დროებით მაინც "ამოყვინთეს". თავი მათმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, 21 წლის ადრიენ ტომასონმა გამოიჩინა, ვისაც იელცინ ტეხედამ გაუწია ასისტენტობა. "ევიანის" მეკარე ბენჟამინ ლერუამ კი არაერთი რთული ბურთი მოიგერია.

საკუთარ "სტად დე ლა რუტ დე ლორიანზე" შერცხვა "რენი". ფილიპ მონტანიე იქამდე ბოლოადგილოსან "კაენთან" დამარცხდა, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო ერთნაირი ანგარიშით - 4:1. ბენეფისი მოიწყო ვეტერანმა ჟერემი ფერემ, რომელმაც კაენელთა ტრიუმფი სამი საგოლე გადაცემითა და ერთი გოლით გააფერადა.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXII ტური
ნიცა-მარსელი 2:1
გოლები: 1:0 ჟენევუა (47), 2:0 ჰალტი (73), 2:1 ტოვენი (77)
გაძევება: კ. გომისი (54. ნიცა)

ლილი-მონაკო 0:1
გოლი: ბერბატოვი (57)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რაჯი, ეჩიეჯილე - ტულალანი, მოუტინიო - ბერნარდო სილვა, ფერეირა კარასკო (90. ოკამპოსი), დირარი (87. დიალო) - ბერბატოვი (82. მარტიალი)

ბასტია-ბორდო 0:0
გაძევება: კაუზაკი (62. ბასტია)

გენგამი-ლორიანი 3:2
გოლები: 1:0 ბოვიუ (19), 2:0 მანდანი (69), 2:1 ჟანო (72), 3:1 ბოვიუ (76-პენ.), 3:2 ლევეკი (90+2)
გაძევება: სანხარე (80. გენგამი)

მონპელიე-ნანტი 4:0
გოლები: 1:0 ლასნი (8), 2:0 ბერიჟო (57), 3:0 მუნიე (78), 4:0 ბარიოსი (82)

ევიანი-ტულუზი 1:0
გოლი: 1:0 ტომასონი (4)
გაძევება: ნინკოვი (61. ტულუზი)

ლიონი-მეცი 2:0
გოლები: 1:0 ლაკაზერი (31-პენ.), 2:0 ტოლისო (83)
გაძევება: მილანი (29. მეცი)

რეიმსი-ლანსი 0:0

რენი-კაენი 1:4
გოლები: 0:1 პრივატი (4), 1:1 ანდრე (15), 1:2 ნანჟისი (50),1:3 ფერე (85), 1:4 და სილვა (89)

სტ. ეტიენი-პსჟ 0:1
გოლი: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (60-პენ.)
პსჟ (4-3-3): სირიგუ - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მაქსველი - ვერატი (85. კაბაი), ტიაგო მოტა, მატუიდი - ლუკასი (75. პასტორე), კავანი (84. ლავეცი), იბრაჰიმოვიჩი

ბომბარდირები: 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 13 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 10 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი); 9 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)

მომდევნო ტური
30 იანვარი:
პსჟ-რენი

31 იანვარი:
მარსელი-ევიანი, ლანსი-ბასტია, ლორიანი-მონპელიე, მეცი-ნიცა, ნანტი-ლილი, ტულუზი-რეიმსი

1-ლი თებერვალი:
კაენი-სტ. ეტიენი, ბორდო-გენგამი, მონაკო-ლიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული