ლიგა 1. XXVI ტურის წინ: "მწვანეთა" სამკვდრო-სასიცოცხლო ომი "ჟოფრუა გიშარზე"

AutoSharing Option
"ჟოფრუა გიშარზე" საფრანგეთის მასშტაბით ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი შეებმება ერთმანეთს და 26-ე ტურის მთავარი მატჩიც სწორედ ესაა.

"სენტ ეტიენს" 5 ტურია, არ მოუგია და სანამ მესამე ადგილიც დაუკარგავს, გონს უნდა მოეგოს, რაშიც მას თავისი ფანები და მწვანედ შეღებილი სტადიონი დაეხმარება.

მარსელო ბიელსა კი კვლავაც საჩემპიონო ბატალიებშია ჩაბმული და ბოლო 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული. მარსელელებს გაუმართლათ, რომ კონკურენტებმაც დაკარგეს ქულები და ახლა ეს რთული შეხვედრა როგორმე უნდა მოიგონ.

მასპინძლების თავკაცი კრისტოფ გალტიე დიდ ბრძოლას აანონსებს და მართალიც არის, სამკვდრო-სასიცოცხლო
ომია მოსალოდნელი.

ამ გუნდების უკანასკნელ 10 ურთიერთშეხვედრაში ან მასპინძელი კლუბი იგებს ხოლმე, ან ფრე ფიქსირდება. ზოგადად, ბოლო წლებში "მარსელი" "სენტ ეტიენისთვის" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ბოლო 15 დუელიდან 7-ში "ველოდრომის" ბინადრებმა იძალეს, ამდენივე ზავით დასრულდა, ხოლო "მწვანეებმა" ოდენ ერთხელ იმარჯვეს.

"პარი სენ-ჟერმენმა" "ჩელსის" ვერ მოუგო, მაგრამ იმდენად კარგად ითამაშა, რომ დადებითი ემოციებით დაიმუხტა და ეცდება, ეს "ტულუზთან" მატჩშიც გადაიყოლოს და ალენ კაზანოვას ცუდ ფორმაში მყოფ გუნდს გაუტანოს.

ზედიზედ სამი ფრე აქვს "ლიონს". ეს მატჩები უბერ ფურნიემ ტრავმირებული ალექსანდრ ლაკაზეტის გარეშე ჩაატარა და ახლა 23 წლის ფორვარდი, შესაძლოა, მინდორს დაუბრუნდეს, რაც "ჟერლანის" სტუმარი "ნანტისთვის" ცუდი ამბავია.

"იადონებს" 6 ტურია, არ მოუგიათ და ასევე გამარჯვებას მოწყურებულ ლიონელებთან ძალიან გაუჭირდებათ. "ლაკაზეტი უკვე ვარჯიშობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ "ნანტთან" თამაშს შეძლებს", - თქვა ფურნიემ.

"ბორდო" ისევ მოფერიანდა, რის დამტკიცებასაც ვილი სანიოლი ბრეტანის დედაქალქ რენში შეეცდება. ასევე ბრეტანული და საოცრად ათამაშებული "გენგამი" შეეცდება, "მონპელიე" იმსხვერპლოს.

"მონაკო" ტურს "ალიანც არენაზე" გასვლით გახსნის და მოგება სჭირდება, თორემ ლიგის ზონასთან ჩამორჩენა უკვე 9 ქულაა. მეორე მხრივ, "არსენალთან" სტუმრობაც ახლოვდება და ლეონარდო ჟარდიმი ორცეცხლშუაა.

ხანგრძლივი წაუგებელი სერიებისა და ბოლოდროინდელი სიურპრიზების გამო ძალიან საინტერესო იქნება "ბასტიასა" და "კაენის" მატჩებზეც დაკვირვება.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVI ტური
20 თებერვალი
ნიცა-მონაკო 23:30

21 თებერვალი
პსჟ-ტულუზი 20:00
ბასტია-ლილი 23:00
კაენი-ლანსი 23:00
ევიანი-ლორიანი 23:00
რენი-ბორდო 23:00

22 თებერვალი
გენგამი-მონპელიე 17:00
ლიონი-ნანტი 20:00
რეიმსი-მეცი 20:00
სტ. ეტიენი-მარსელი 00:00

ბომბარდირები: 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 14 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 8 - შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), ნაბილ ფეკირი (ლიონი), მატიე დუამელი (ევიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული