ლიგა 1. XXVIII ტურის წინ: კიდევ ჩაიმუხლებს ტრიო?

AutoSharing Option
ტულუზში ერთმანეთს ცხრილის თავიდან და ბოლოდან მე-3 ადგილზე მყოფი გუნდები ხვდებიან. ქულები ორივეს ძალიან სჭირდება, სულ სხვადასხვა მიზნისთვის.

"მარსელს" უკვე 4 ტურია, არ მოუგია და ლიდერსაც 4 ქულით ჩამორჩა, "ტულუზი" კი გასავარდნ ზონაშია და ამ გუნდის ფანებს გაფიქრებაც კი არ უნდათ იმის, რომ ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. ვნახოთ, გაისვრის თუ არა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ანდრე-პერ ჟინიაკი.

"სენტ ეტიენს", რომელსაც 7 ტურია არ მოუგია, ამ სერიის შეწყვეტა "ლორიანთან" განუზრახავს. "მწვანეებმა" შუა კვირაში, თასზე პენალტების სერიაში დიდი წვალების მერე აჯობეს
ქვედალიგელ "ბულონს". შუა კვირაში ბრეტანელებმაც ითამაშეს. "ლორიანმა" გადადებულ მატჩში წააგო "ევიანთან", გუნდი გასავარდნი ზონის მიჯნაზეა.

ნახსენები "ევიანი" "მონაკოს" დაუხვდება, რომელიც წინა ტურში უგოლოდ გაეყარა პსჟ-ს, თასზე კი 0:2 დამარცხდა და დედაქალაქელები ნახევარფინალში გაატარა. მონეგასკები ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ომს აგრძელებენ და ეს ბრძოლაც უცილობლად მოსაგები აქვთ.

"პარი სენ-ჟერმენი", სავარაუდოდ, ქულებს აღარ დაკარგავს წყალწაღებულ "ლანსთან" საშინაო მატჩში. პარიზელთა ექსთავკაცი ანტუან კომბუარე სასწაულს ვერ მოახდენს და ეს "ლიონმა" უნდა გაითვალისწინოს, რომელსაც წინა ტურში ერთი წაბორძიკება უკვე ეპატია. უბერ ფურნიეს გუნდი მოყოჩაღებულ "მონპელიეს" ესტუმრება.

ლიგა 1-ში ამჟამად ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა "კაენი" და ამ გუნდის პატარა ჯადოქრობებია. ამოხსნის თუ არა კაენელთა საიდუმლოს ვილი სანიოლი და მისი "ბორდო" შეაჩერებს თუ არა პატრის გარანდის მაგიურ გუნდს, ამასაც ერთად ვნახავთ. ისე, ჟირონდელებს მოგება კი ჰაერივით ესაჭიროებათ.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXVIII ტური
6 მარტი
ტულუზი-მარსელი 23:30

7 მარტი
პსჟ-ლანსი 20:00
ბასტია-ნიცა 23:00
კაენი-ბორდო 23:00
ევიანი-მონაკო 23:00
რეიმსი-ნანტი 23:00
რენი-მეცი 23:00

8 მარტი
სტ. ეტიენი-ლორიანი 17:00
გენგამი-ლილი 20:00
მონპელიე-ლიონი 00:00

ბომბარდირები: 21 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 15 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 8 - შეიკ დიაბატე (ბორდო), ედინსონ კავანი (პსჟ), დანიელ ვასი (ევიანი), მატიე დუამელი (ევიანი), ვისამ ბენ იედერი (ტულუზი), პოლ-ჟორჟ ნტეპი (რენი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული