ლიგა 1. XXX ტურის წინ: რას ელის კლოდ პუელი?

AutoSharing Option
"ბორდოსთან" სკანდალური მატჩის შემდეგ "პარი სენ-ჟერმენი" "ლორიანს" მასპინძლობს და გადარჩენისთვის მებრძოლ მეტოქეს აუცილებლად უნდა მოუგოს, თორემ პარიზელებმა ბოლო დროს ისედაც საკმარისად კარგეს ქულები.

პირველ ადგილზე მყოფი "ლიონი" კი ასევე საშინაო მატჩს ჩაატარებს და შეეცდება, "ნიცა" დაამარცხოს. კლოდ პუელს ამჟამინდელი გუნდი ყოფილთან სათამაშოდ ჩაჰყავს და ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ნიცელებს გასავარდნ ზონასთან სულ რაღაც 5 ქულა აშორებთ.

"ბორდო" ვახსენეთ და პსჟ-ის მძლეველი ჟირონდელები გასაჭირში მყოფ "ტულუზს" სტუმრობენ. ქულები ორივეს სჭირდება, ოღონდ სხვადასხვა მიზნით. ტულუზელთა რიგებში ალენ კაზანოვას 5-წლიან მმართველობას დაესვა წერტილი.

"ლანსთან" წინა ტურში მარცხმა გუნდის უფროსობას ის ნაბიჯი გადაადგმევინა, რომელსაც მაქსიმალურად ერიდებოდნენ. "ტულუზი" 43 წლის დომინიკ არიბაჟს ჩააბარეს, ყოფილ მცველს, რომელიც მწვრთნელობას ახლა იწყებს. კიდევ უფრო ახალგაზრდა (38 წლის), მაგრამ შედარებით უფრო გამოცდილი ვილი სანიოლი, რომელმაც "ბორდო" კრიზისიდან გამოიყვანა, 5-ეულისთვის იღვწის და მოგებას ეცდება.

ასევე დაძაბულ ბრძოლას ველოდებით მოფერიანებულ "ლილსა" და "სენტ ეტიენს" შორის. წინა ტურში დივოკ ორიჯიმ ჰეთ-თრიქით მოაგებინა ლილელებს, ხოლო რომენ ამუმამ სამი საგოლე გადაცემით - "მწვანეებს".

დარჩენისთვის ომში ფრონტის ხაზზე გასული "ევიანი" "მონპელიეს" მასპინძლობს, რომლის ფორვარდ ლუკას ბარიოსს უკანასკნელ 11 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი. მან წინა ტურშიც დუბლი გაახერხა.

"მონაკო", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია, შედარებით დამშვიდებულ "რეიმსს" სტუმრობს. ლეონარდო ჟარდიმის ბიჭები კარგად გამოიყურებიან და სამეულისკენ მიისწრაფვიან.

ისინი ყველაზე ახლოს "მარსელთან" არიან, რომელიც ტურს "ლანსთან" საგარეო მატჩით დაასრულებს. ლანსელებმა წინა ტურში გამარჯვებით ოდნავ გამოიღვიძეს და ქულები ისევ ჰაერივით სჭირდებათ, რაც ნიშნავს, რომ მარსელო ბიელსას ბიჭებს დიდ ბრძოლას გაუჩაღებენ.

ლიგა 1. XXX ტური
20 მარტი
პსჟ-ლორიანი 3:1
გოლები: 1:0, 2:1, 3:1 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (4 პენ. 82 პენ. 90), 1:1 ჯორდან ეივი (67)

21 მარტი
ლიონი-ნიცა 19:00
ბასტია-გენგამი 23:00
კაენი-მეცი 23:00
ევიანი-მონპელიე 23:00
რენი-ნანტი 23:00
ტულუზი-ბორდო 23:00

22 მარტი
სტ. ეტიენი-ლილი 17:00
რეიმსი-მონაკო 20:00
ლანსი-მარსელი 00:00

ბომბარდირები:
23 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 14 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 11 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი), ნაბილ ფეკირი (ლიონი); 10 - ლუკას ბარიოსი (მონპელიე), დიეგო როლანი (ბორდო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული