ლიგა 1. XXXVII ტურის წინ: ქულა ჩემპიონობამდე

AutoSharing Option
ბევრი შესაძლოა, ამ სეზონში პსჟ-სგან ცოტა მეტს ელოდა, მაგრამ დედაქალაქელთა თავკაცი ლორან ბლანი ძალიან კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ წარმატებული წელი იყო. იგი საფრანგეთში წლის მწვრთნელადაც დაასახელეს.

"პარი სენ-ჟერმენმა" უკვე მოიგო საფრანგეთის ლიგის თასი, ნახევარ ნაბიჯშია ჩემპიონობასთან და წესით, თასის ფინალში "ოსერის" ძლევა და ჰეთ თრიკის შესრულებაც არ უნდა გაუჭირდეს.

"ჩემი აზრით, ძალიან კარგი სეზონი გვაქვს, ბევრ ასპექტში მოვუმატეთ. მთავარია ზრდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა ბლანმა.

დიდი ალბათობით, პსჟ ჩემპიონობას ოფიციალურად სწორედ ამ ტურში გაინაღდებს. ამისთვის ბლანს "მონპელიესთან" საგარეო შეხვედრაში ქულაც ჰყოფნის.
თანაც "ლიონს" არც ისე ადვილად მოსაგები მატჩი აქვს "ბორდოსთან". მონპელიელებსა და ჟირონდელებს შორის სხვაობა 3 ქულაა "ბორდოს" სასარგებლოდ და ისინი უშუალო კონკურენტები არიან.

ბორდოელთა ვეტერანი ნახევამრცველი იაროსლავ პლაშილი გუნდში 2017 წლის ზაფხულამდე რჩება, ვილი სანიოლმა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ბრძანა. 33 წლის ჩეხს სჯერა, რომ ჟირონდელებს წინა წლების კრიზისთან შედარებით ამ მშვენიერი სეზონის ევროსაგზურით დაგვირგვინება ძალუძთ.

"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მე "ბორდოში" 6 წლის წინ მოვედი და და ეს კლუბი მიყვარს, ფანები მიყვარს. კარგი სეზონი გვაქვს და გვსურს, რომ ევროტურნირის საგზურო მოვიპოვოთ. დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ", - აღნიშნა პლაშილმა.

"მონაკოს" მესამე ადგილი აქვს დასაცავი და წესით ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან მისი მეტოქე უსუსური "მეცია", თანაც შეხვედრა "ლუი მეორეზეა". ლეონარდო ჟარდიმის ბიჭები 2 ქულით უსწრებენ "მარსელსა" და "სენტ ეტიენს". პირველს "ლილთან" აქვს ვიზიტი, ხოლო მეორეს - "ევიანთან".

ერთი შეხედვით, მარსელელებს უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავთ, მაგრამ მეორე მხრივ, "ევიანს" ქულები ბევრად უფრო მეტად სჭირდება.

"რეიმსთან" უპრინციპულესი მატჩის წაგების შემდეგ, ევიანელთა ჩამორჩენა უსაფრთხო ზონასთან 4 ქულაა და თუ მათ ვერ მოიგეს, შეგვეძლება "ლანსისა" და "მეცის" დარად დავემშვიდობოთ. რასაკვირველია, პასკალ დიუპრაზს მოგებაც არაფრის გარანტიას არ აძლევს, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში შანსი ჯერ კიდევ იქნება.

ლიგა 1. XXXVII ტური
შაბათი. 16 მაისი
ბასტია-კაენი 23:00
ევიანი-სტ. ეტიენი 23:00
გენგამი-ტულუზი 23:00
ლილი-მარსელი 23:00
ლიონი-ბორდო 23:00
მონაკო-მეცი 23:00
მონპელიე-პსჟ 23:00
ნანტი-ლორიანი 23:00
ნიცა-ლანსი 23:00
რეიმსი-რენი 23:00

ბომბარდირები:
27 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 20 - ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 16 - ედინსონ კავანი (პსჟ); 15 - კლაუდიო ბოვიუ (გენგამი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული