ლიგა 1. 2014/15 წლების სეზონის შეჯამება: პარიზელთა ისტორიული პოკერის სეზონი

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ბანაკში თავიდანვე არ დაუმალავთ, რომ კლუბისთვის პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგა იქნებოდა, საშინაო არენაზე გუნდს მძიმე სტარტი და პირველი წრე ჰქონდა, საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ სეზონი პარიზელთათვის ისტორიული გამოდგა და ეს სწორედ საფრანგეთის მასშტაბით მიღწეული წარმატებების წყალობით მოხდა და არა პრიორიტეტად დასახული ტურნირის წყალობით.

ტრიუმფატორი
თუკი საშინაო არენაზე რამე გათამაშდა, ყველაფერი დედაქალაქელებმა მოიგეს - საფრანგეთის სუპერთასი, ქვეყნის თასი, ლიგის თასი და ჩემპიონატი. პსჟ ისტორიაში პირველი ფრანგული გუნდი გახდა, რომელმაც პოკერი შეასრულა. თავიდან მრავალგზის ნაკრიტიკები ლორან ბლანი კი საბოლოოდ
სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იქ პარიზელთა თავგადასავალი მომავალ გამარჯვებულთან "ბარსელონასთან" დამთავრდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმატების მიღწევა ისევ მთავარ მიზნად და პრიორიტეტად რჩება. ამის შესახებ განცხადება კლუბის პრეზიენტიდან დაწყებული, ფეხბურთელებით გაგრძელებული და მწვრთნელით დამთავრებული ყველამ გააკეთა.

რაც შეეხება უშუალოდ ფეხბურთელებს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კვლავ შემოგვთავაზა რამდენიმე სუპერგოლი და მომენტი, მაგრამ იბრაკადაბრა იმდენად პროდუქტიული ვეღარ იყო, მას ტრავმამაც შეუშალა ხელი და "ბორდოსთან" მატჩის მერე მომხდარმა ინციდენტმაც, როდესაც მსაჯობით უკმაყოფილო ზლატანმა ყველა გამოლანძღა და "ეს ნეხვი ქვეყანა პსჟ-ს არ იმსახურებსო" თქვა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა და იბრას ბოდიშის მოხდა მოუხდა - არასწორად გამიგეთ, საფეხბურთო კუთხით ვთქვი, თორემ საფრანგეთი ძალიან მიყვარსო. ასეა თუ ისე, ამ ამბავს ბოლომდე უკვალოდ არ ჩაუვლია.

კარგი იყო მთელი დაცვის ხაზი, ცენტრალური მცველების საიმედოობა და ფლანგელების პროდუქტიულობა შეტევაში. როგორც ყოველთვის მყარი დასაყრდენი გახლდათ ბლეზ მატუიდი, კარგი სეზონი ჰქონდა ხავიერ პასტორეს და, რაც მთავარია, შესანიშნავი გახლდათ ედინსონ კავანი. ურუგვაელმა ნელნელა, დაიწყო იბრაჰიმოვიჩის ჩრდილიდან გამოსვლა, ლიგა 1-ში შვედს კი ჩამორჩა (მხოლოდ ერთი ბურთით), მაგრამ მან არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, მათ შორის, გამარჯვების გოლი თასის ფინალში.

"ლიონი" აღდგა
"პარი სენ-ჟერმენი" "ლიონის" რეკორდისკენ მიისწრაფვის ზედიზედ მოპოვებული ჩემპიონობის კუთხით. გახსოვთ, რომ ლიონელები მიჯრით 7-ჯერ გაჩემპიონდნენ, მაგრამ მას მერე გუნდს კრიზისი დაეწყო და აი, ახლა გამოვიდა კრიზისიდან და ჩემპიონთა ლიგის ზონას დაუბრუნდა. მეტიც, ბოლოს სწორედ "ჟერლანის" ბინადრები ებრძოდნენ პირველობისთვის პარიზელებს და ცოტა დააკლდათ მიზნამდე. "რეიმსიდან" მიწვეული უბერ ფურნიეს მუშაობა ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს.

საუცხოო გახლდათ ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელიც დამაჯერებლად გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი. დიდებული იყო ნაბილ ფეკირიც. ორივე მოხვდა საფრანგეთის ნაკრებში და ორივემ გამოიჩინა თავი. "ლიონი" ელიტას დაუბრუნდა და არც ის დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ გუნდს ახალი თანამედროვე სტადიონი აუშენა. მოკლედ, ლიონელებისგან ბევრს უნდა ველოდოთ და ეს კარგია, რადგან ასეთმა "ლიონმა" თავი მოგვანატრა, ჩემპიონატშიც კონკურენცია გაიზარდა.

"მონაკო" შედგა
"მონაკომ" პსჟ-ს დარად, აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა და ამის გამო ლიგა 1-ში ძალიან ცუდი სტარტი ჰქონდა, ძნელი წარმოსადგენიც კი გახლდათ, რომ მონეგასკები სამეულში მაინც მოხვდებოდნენ, მაგრამ ბოლო მონაკვეთი დამაჯერებლად ჩაატარეს და მესამეზე დამსახურებულად გავიდნენ.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ რისკად ნამდვილად ღირდა, რადგან "ლუი მეორეს" მკვიდრნი ლიგაზე ძალიან ღირსეულად გამოიყურებოდნენ და მომავალ ფინალისტთან, ტურინის "იუვენტუსთანაც" სერიოზულ ბრძოლაში გავარდნენ. თანაც, ბევრის დარად ალბათ "მონაკოც" არ ელოდა, რომ "მარსელი" და "ლიონი" ასე ერთიანად მოძლიერდებოდნენ და გამოიღვიძებდნენ, ბოლო მომენტამდე იბრძოლებდა ლიონელთა მტერი "სენტ ეტიენი" და ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მერე "ამოქაჩვა" ასე ძნელი იქნებოდა.

არ დაგვავიწყდეს არც ის, რომ მონეგასებმა ხამეს როდრიგესი გაყიდეს და იჯარით გაუშვეს რადამეკ ფალკაო. ორი ასეთი ფიგურის წასვლა ბუნებრივად აისახებოდა გუნდზე და გადაწყობას დრო დასჭირდებოდა. პერსპექტიულმა და თავისი ასაკისთვის უკვე საკმაოდ გამოცდილმა მწვრთნელმა ლეონარდო ჟარდიმმა ბრწყინვალედ იმუშავა და საქმე მას კიდევ ბევრი ექნება, წამსვლელ-მომსვლელები ახლაც იქნებიან, პორტუგალიელს ისევ გადალაგებ-გადმოლაგება მოუწევს.

ცალკეულ ფეხბურთელებს ნუ გამოვარჩევთ, რადგან "მონაკოს" ძალა გუნდურ თამაშში, ორგანიზებულობასა და დისციპლინაშია. თავდაცვა კლუბს განსაკუთრებით კარგად გამოსდის, თავდასხმაში კი მეტი მრავალფეროვნება ურიგო არ იქნებოდა. თუმცა იანიკ ფერეირა-კარასკო მაინც გამოვარჩიოთ, რადგან სერიოზული პროგრესი ჰქონდა და თუნდაც ხშიად შეცვლაზე შესული ბელგიელი ძალიან სასარგებლო და ეფექტური გახლდათ.

გადამწვარი "მარსელი"
"მარსელმა" ფანებს გული ორმაგად დაწყვიტა. საქმე იმაშია, რომ გასული წლების პრობლემებიდან გამომდინარე, მიუხედავად გუნდში მარსელო ბიელსას დარი არასტაბილური, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნიჭიერი სპეციალისტის გამოჩენისა, ალბათ ოპტიმისტ ფანებსაც ვერ წარმოედგინათ, რომ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა, მაგრამ მარსელელთა დამაჯერებელმა სტარტმა მათ იმედი გაუჩინა, დააჯერა, რომ კლუბი პირველობისთვის ბოლომდე და სერიოზულად გაიბრძოლებდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე ყველას ჯიბეში ეგონა, მაგრამ...

ბიელსას ავანტიურამ და ვა-ბანკურმა ფეხბურთმა თავიდან გაჭრა და მისი გუნდი დიდი ხნის განმავლობაში იყო პირველზე, ხოლო მეოთხე ადგილთან უპირატესობას კოლოსალური ეთქმოდა, მაგრამ მერე რაღაც მოხდა, თითქოს, "მარსელი" გადაიწვა და საბოლოოდ, მეოთხეზეც გაჭირვებით გავიდა.

კლუბის დამაჯერებელ დასაწყისს ძალიან ჰგავდა პირადად ანდრე-პიერ ჟინიაკის ომახიანი სტარტი და ბომბარდირთა დავაში წინ გაჭრა, მაგრამ მერე პირადად ისიც გაჩერდა. ჯამში ცუდი სეზონი არც ჟინიაკს ჰქონია და არც - დიმიტრი პაიეს, ვინც მეპასე გახდა. ათამაშდა ახალგაზრდა მიში ბატშუაიც.

მწვანეები
"სენტ ეტინი" დიდი ხანია, ჩემპიონთა ლიგის ზონაზე ოცნებობს, მაგრამ ამ ოცნების ახდენას ვერაფრით ახერხებს. "მწვანეები" იბრძვიან და, რაც შეუძლიათ, ყველაფერს აკეთებენ, ამ რესურსით თასის ფინალში გასვლა და ევროპალიგის საგზურიც დიდი წარმატებაა და მთლიანობაში რასაც ამ რესურსით კრისტოფ გალტიე აკეთებს და აღწევს დასაფასებელია, მაგრამ ფანები მეტს ელიან. პრობლემები იგივეა - უფულობა, მოკლე სათადარიგოთა სკამი, შეტევაში მომენტების სიმწირე... სამაგიეროდ, ერთი დიდი პოზიტიური რამ ნამდვილად ხდება, რისი ხათრითაც სეზონი ძალიან პოზიტიურად შეფასდება - "მწვანეებმა" საძულველ "ლიონს" "ჟოფრუა გიშარზე" მოუგეს, რასაც ძალიან დიდი ხანი ელოდნენ და მათთვის დამამცირებელი გახლდათ.

არ წააგეს "ჟერლანზე" და მოსისხლე მტერს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გვარიანად შეუშალეს ხელი. სამეულს რაც შეეხება, იქ მოხვედრა გაძლიერების გარეშე, არარეალური ჩანს. მეტიც, ევროპის ლიგაზე თამაში და თან ლიგა 1-ში საჭირო ქულების უპრობლემოდ დაგროვება გუნდს ძალიან გაუჭირდება, თუ არ მოძლიერდა.

გამარჯვებულის მენტალიტეტი
ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ "ბორდოს" პრეზიდენტი ჟან-ლუი ტრიო ნერვიულობისგან ნაადრევად მობერდა და ელეგანტურად ჩაცმასაც კი შეეშვა რაღაც პერიოდი. როგორც ჩანს, მან როგორც იქნა მიაგნო ადამიანს, რომელსაც შეუძლია ჟირონდეების ძველებურად ათამაშება და ფეხზე დაყენება.

ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ენერგიული სპეციალისტია, აშკარად ნიჭიერიც. მან ფაქტობრივად, იგივე შემადგენლობასთან მუშაობით, რომელიც წინა წლებში ვერაფერს აღწევდა, კარგ შედეგს მიაღწია. სწორი მიდგომითა და მენტალიტეტის შეცვით, გამარჯვების წყურვილისა და თავდაჯერების დანერგვით, სანიოლმა "ბორდო" მოაყოჩაღა და რაღაც მონაკვეთი სამეულში და სამეულთანაც კი იტრიალა.

საბოლოოდ ევროპალიგის საგზურიც ძლივს შეხვდა, პსჟ-ს წალობით, რომელმაც თასის ფინალში "ოსერს" მოუგო, მაგრმა სეზონი კარგი გამოვიდა. თუმცა ფაქტია ისიც, რომ თუ გუნდს სერიოზულად და სტაბლურად სურს წარმატებების მიღწევა, რამდენიმე კარგი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს.

დანარჩენები
"მონპელიემ" და "ლილმა" ძალიან ცუდად დაიწყეს, ლილელებმა რომელთაგანაც მოლოდინი უფრო დიდი იყო ევროსარბიელზეც ფიასკო განიცადეს. შემდეგ ორივემ გამოიღვიძა და შესანიშნავი სერიები შემოგვთავაზა, მაგრამ ცოტა დაუგვიანდათ.

"რენმა" სეზონი ათეულში დაასრულა, პატარა წინსვლაა, მაგრამ ამ ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ გუნდს მეტის ამბიცია აქვს. "გენგამმა" ზედიზედ ორი სეზონი სასწაული ვერ მოახდინა, მაგრამ თუ დავუკვირდებით, მაინც ნორმალური სეზონი გამოუვიდა - ამჯერად თასის ფინალში ვეღარ გავიდა, მაგრამ ნახევარფინალში იყო, ჩემპიონატში მეათეზე გავიდა და ევროპალიგაზეც ღირსეული გახლდათ, სულ ცოტა დააკლდა უფრო გამოცდილ და ვარსკვლავურ კიევის "დინამოსთან". ამ რესურსით ეს საამაყოა და ჟოსელინ გურვენეკი ქებას იმსახურებს, კლაუდი ბოიუს კი დიდებული წელიწადი ჰქონდა.

"ბასტიასთვის" და "კაენისთვის" სეზონი წარმატებულად უნდა შეფასდეს, იყო მონაკვეთები ორივე გვაოცებდა და სენსაციებს აფიქსირებდა.

ახლები
ახლანდელ ამოსულებს რაც შეეხება, უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა "ტრუა". ვიხილავთ "ანჟერსაც" და გვექნება კორსიკული დერბიც. ოღონდ "ბასტია" იმ ჩვენთვის ცნობილ "აიაჩოს" კი არ შეხვდება, არამედ "გაზელეკ აიაჩოს" გუნდს რომელშიც ფული ჩაიდო და ბოლო წლებში სწრაფად პროგრესირებდა და აგერ ლიგა ერთამდც მოვიდა.

ბომბარდირები და მეპასეები
ბრძოლა ისეთი დაძაბული არ იყო, როგორც თავიდან გვეგონა, რომ იქნებოდა. ჯერ ჟინიაკი (21 გოლი) გაიჭრა წინ და ველოდით, რომ მას იბრაჰიმოვიჩი (19) ჩააჩოჩებდა. მერე კი ალექსანდრ ლაკაზეტმა (27) დაიწყო და ბოლოსკენ ტრავმის გამო კი გაჩერდა, მაგრამ უკვე იმხელა უპირატესობა ჰქონდა, რომ.... კავანისა (18) არ იყოს, კარგები იყვნენ "გენგამის" ბოვიუ (17), "სენტ ეტიენის" კოტდივუარელი მაქს გრადელი (17) და "ბორდოს" დიეგო როლანი (15), რომელიც ახლა კოპა ამერიკაზე კავანის მეწყვილეა ურუგვაის ნაკრებში.

მეპასეობის კულტურასა და დავას საფრანგეთში დიდი ყურადღება ექცევა და ამ კომპონეტში პაიეს კონკურენტი არ ჰყავდა, ის 17 საგოლე პასით გამოირჩა. 12 მოაგროვა პასტორემ. მესამეზე კი ფერეირა კარასკო გავიდა 10 საგოლე გადაცემით. 9 დაუგროვდა ფეკირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული