ანხელ დი მარია პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
ანხელ დი მარიას "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას ბევრი არაფერი უკლია და ახლა, როდესაც ამ წინადადებას კითხულობთ, შესაძლოა, არგენტინელი პარიზელებთან კონტრაქტს აწერს ხელს. ყოველ შემთხვევაში, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი საფრანგეთის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმების გასავლელად გაფრინდა და მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმებულნი არიან.

კულუარული ინფორმაციით, დი მარიას პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები ისედაც დიდი ხნით ადრე ჰქონდა შეთანხმებული და გუნდებს მის ფასზე უნდა მოელაპარაკათ.

"მანჩესტერ იუნაიტედს" სურდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ეზარალა და, როგორც ჩანს, ასეთი რამ გამოვიდა - პსჟ 46 მილიონ გირვანქას გადაიხდის,
პლუს, ბონუსების სახით 5 მილიონს მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს უკვე დი მარიას თამაშის ინტენსიურობასა და ხარისხზე იქნება დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ "წითელმა ეშმაკებმა" ანხელში მადრიდის "რეალს" თავისთვის სარეკორდო თანხა, 59,7 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.

დი მარიას კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" არ აეწყო, მან კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მოუკლო, რაშიც ტრავმამაც შეუშალა ხელი და ლუი ვან გაალთან გაფუჭებულმა ურთიერთობამაც. ჰოლანდიელი მწვრთნელი უკვე დიდი ხანია "მანჩესტერის" სამომავლო გეგმებსა და გუნდის შემტევ პოტენციალზე საუბრისას დი მარიას აღარ ახსენებდა.

ხოლო პარიზელთა მთავარ მწვრთნელს, ლორან ბლანს არ დაუმალავს, რომ მისი გუნდი ანხელით ძალიან დაინტერესებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული